
აგრესია ლათინური სიტყვაა და თავდასხმას ნიშნავს. ფსიქოლოგიაში ტერმინი „აგრესია“ განიმარტება როგორც სხვისთვის ზიანის მისაყენებლად განზრახ მიმართული ქცევა. სპეციალისტები ერთმანეთისგან განასხვავებენ ბრაზის ემოციას და აგრესიას. ადამიანი შესაძლოა გაბრაზდეს, მაგრამ ამ ემოციის შესაბამისად არ მოიქცეს. როგორც იტყვიან, „ემოციას არ აჰყვეს“, და პირიქით – შესაძლოა, სულაც არ ბრაზობდეს, მაგრამ სხვას მაინც მიაყენოს ზიანი. აგრესიული ქცევისა და ბრაზის ემოციის გასამიჯნავად გადამწყვეტი ფაქტორია წინასწარი განზრახვის ცნება. თუ ადამიანმა ვინმეს წინასწარი განზრახვის გარეშე, შემთხვევით, გაუფრთხილებლობით, უნებურად მიაყენა ზიანი, ტკივილი, ეს აგრესიად არ განიხილება, ყველა დანარჩენი შემთხვევა კი აგრესიად კვალიფიცირდება.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ აგრესიული ქცევა განსხვავდება ქცევისგან, რომელიც საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, უფლების დაცვას ისახავს მიზნად.
აგრესიის მიზეზების შესწავლისას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ აგრესიული ქცევა, ერთი მხრივ, შესაძლოა თან ახლდეს ფსიქიატრიულ ან ნერვულ აშლილობას, მეორე მხრივ კი – რომელიმეს (ან რამდენიმეს) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
- ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულების ამა თუ იმ ფორმას, რომელიც საკმაოდ ხშირად უწევს პროვოცირებას არაადეკვატურ ქცევას;
- პირად პრობლემებს, ნეგატიური ემოციების მოზღვავებას, გამაღიზიანებელ ფაქტორებს ან მათ ერთობლიობას;
ფრუსტრაციას (იმედგაცრუებას) ან შფოთვის ძლიერ განცდას; - არარეალიზებულ გეგმებს, მოლოდინებს;
- კონფლიქტებს, კონფლიქტური სიტუაციებისადმი მაღალ მგრძნობელობას;
- საზოგადოებისგან გარიყულობის განცდას, უარყოფას თანატოლების, ოჯახის წევრების, სოციუმის მიერ;
- ძალადობრივ გარემოს – ძალადობის მსხვერპლი ხშირად თავადაც მოძალადედ ყალიბდება;
- ფსიქოლოგიურ ტრავმას;
- მკაცრ აღზრდას, ძალადობისკენ მიდრეკილ ოჯახურ გარემოს;
- გადაღლილობას, არაჰიგიენურ სამუშაო რეჟიმს, გადამეტებულ ფიზიკურ დატვირთვას;
- ძალადობის შემცველი ინფორმაციის ჭარბ მიღებას (უმთავრესად – მცირე ასაკში);
- აღზრდას, კულტურულ-სოციალურ გარემოს, სხვა გარემო პირობებს;
- სუბიექტურ მიზეზებს (ექსტრემიზმი, ფანატიზმი, ხასიათის თავისებურებები).
აგრესიის მიზეზების გაცნობიერების მნიშვნელობაზე ასტრო-ფსიქოლოგი თამარ აქუბარდია „იუთუბის“ საკუთარ არხზე საუბრობს და საზოგადოებას სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს:
„რატომ არის აგრესიის წაკითხვა მნიშვნელოვანი? ეზოტერიკა აღიარებს ენერგიას, ის არის მთავარი ფოკუსი ფილოსოფიის. ფსიქოლოგიაში კი ეს ფსიქიკაში არსებული იმპულსებია. შესაბამისად, როდესაც ენერგია მოდის და არ ვიცი საით არის მიმართული, საზღვრები თუ არ მაქვს, ენერგიას ვიღებ მე. სხვის ნეგატივს ვიღებთ ჩვენ თავზე, რადგან არ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ მას, არ გვესმის მიზეზი. მიზეზის ცოდნა კი ნიშნავს განეიტრალებას, მიმღებლობას, ვიცი რატომ არის ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში.
აგრესია ჩნდება მაშინ - როდესაც არ უსმენდი საკუთარ თავს, ან სხვები არ გისმენდნენ. როცა მჭირდებოდა გაგება, ვიღებდი ნეგატივს. ფსიქოთერაპიის არსიც სწორედ ეს არის, რომ როდისღაც რომ არ მიმიღეს, თერაპევტი ხდება ფიგურა, რომელიც განასახიერებს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არ მიგიღო. ის შეცვლის ნარატივს და დასწავლილ ცოდნას.
მხოლოდ საკუთარი თავის შემეცნება არ არის საკმარისი, თუ გარემოსთან არ გაიტანეთ, ეს გაგება მნიშვნელოვანია, რასაც სჭირდება ცოდნა.
იმხელა დაგროვილი აგრესიაა, ხშირად ხდება პროექცია. პროექცია ნიშნავს, როცა ადამიანი გეუბნება შენ ხარ ასეთი, მაგრამ რეალურად თავად არის ასეთი“, - ამბობს თამარ აქუბარდია.
ასევე დაგაინტერესებთ: