
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად რამაზ გიგაური ახალ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, სადაც მაისის თვის ტენდენციებზე წერს:
„მაისი - ინიციატივის გამოვლენის და წინსვლის პერიოდი
ინგრესია:
* 10 მაისი > მერკური კუროს ზოდიაქოში
* 20 მაისი > მზე ტყუპის ზოდიაქოში (22:55)
* 25 მაისი > სატურნი ვერძის ზოდიაქოში
* 26 მაისი > მერკური ტყუპის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 4 მაისი < რეტროგრადული პლუტონი (მერწყულის მე-4 გრადუსიდან)
* სავსემთვარეობა - 12 მაისი (20:56 საათზე)
* ახალმთვარეობა - 27 მაისი (7:02 საათზე)
მთლიანობაში, მაისი დადებით თვედ უნდა ჩავთვალოთ, რადგან უკან დარჩა მარტის დაბნელებების და აპრილის დაძაბული პერიოდი, თუმცა მაისის პირველ დეკადაში მაინც სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო. ამ დროს ჯერ კიდევ მოქმედებს მზე-მარსის ნეგატიური ასპექტი, რომელიც მიუთითებს როგორც პერსონალურ, ისე სოციალურ თუ პოლიტიკურ დონეზე დაპირისპირებისა და კონფლიქტის მაღალ ალბათობაზე. მითუმეტეს, რომ 4 მაისიდან დაიწყება პლუტონის რეტროგრადული ფაზა (რომელიც 14 ოქტომბრამდე გასტანს). ეს ხუთთვიანი პერიოდი მოიტანს გლობალური პროცესების ხელახალ გადასინჯვას, ამასთანავე „მოითხოვს“ მათ კორექციას და სწორად მართვას. გადაიხედება ძველი სისტემები, პოლიტიკასა და ეკონომიკაში აქამდე დამალული პრობლემები, კონფლიქტები და შიდა დაძაბულობები ზედაპირზე ამოვა და გამოაშკარავდება. კოლექტიური „ენერგიები“ დაიწყებს „დუღილს“ და ეს სხვადასხვა დონეზე გამოვლინდება. იქიდან გამომდინარე, რომ პლუტონის ეს ფაზა მერწყულში ხდება, ეს ყველაფერი დაუკავშირდება ერთი მხრივ ციფრულ ტექნოლოგიებს, კიბერ-დანაშაულობებს და მსგავს საკითხებს და მეორე მხრივ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ფსიქოლოგიურ დონეზე კი ეს იქნება კოლექტიური არაცნობიერიდან გარკვეული „პროგრამების ზემოთ ამოტანა“, რომელიც სოციალურ დონეზე მძაფრი უკმაყოფილების განცდით გამომჟღავნდება.
10 მაისიდან მერკური კუროს ნიშანში გადავა და საერთო ტემპორიტმი შენელდება, აზროვნება უფრო პრაქტიკული და პრაგმატული გახდება. თუმცა ეს გააძლიერებს მატერიალური საკითხების მიმართ ემოციურ კავშირს და მოსალოდნელია ზოგჯერ ამას შფოთვის ფორმაც კი ჰქონდეს.
მაისი ძალიან კარგი დროა პირადი ცხოვრების დალაგებისთვის, ამაზე მიუთითებს ვენერას სასიკეთო ასპექტები პლუტონთან და მარსთან. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი მიანიშნებს ადამიანებში მზარდ შარმსა და სექსუალურობაზე. ასე რომ, მაისი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოიტანს გრძნობების გააქტიურებას და ახალი ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობას. მოსალოდნელია სწორედ ამ დროს მოგვარდეს ის პირადი კონფლიქტები, რომლებიც ჯერ კიდევ მარტში დაიწყო.
10-12 მაისის შუალედში მერკური-პლუტონის დისჰარმონიული კავშირი მიანიშნებს სირთულეებზე მოლაპარაკებების, მოგზაურობის, საბუთების გაფორმების და ფინანსური ოპერაციების დროს. ამ პერიოდში მოსალოდნელია თავი იჩინოს აკვიატებულ ფიქრებმა და გაუცნობიერებელმა შიშებმა. მითუმეტეს, რომ 12 მაისის სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში იქნება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ემოციურ ფონს. ეს დღეები შეიძლება მაისის ნეგატიურ პიკადაც კი მოვიაზროთ.
მაისის მეორე დეკადისთვის დამახასიათებელი იქნება რევოლუციური განწყობები, რომელიც ბევრ ქვეყანაში გამოიწევს პოლიტიკური სიტუაციებს „შენჯღრევას“. ეს ცვლილებების პერიოდი იქნება, რომელიც ზოგან გამოვლინდება როგორც დადებითი რეფორმა და ზოგან კი როგორც ზღვარგადასული ორიგინალურობა, ექსტრავაგანტურობა და ეპატაჟურობა. ეს კი საერთო ჯამში სხვადასხვა რგოლებს შორის უთანხმოებას გაზრდის. ამ პერიოდში შეიძლება ვიხილოთ თანამდებობის პირების გადადგომა ან სხვა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები. 17-18 მაისის შუალედიც შედარებით წინააღმდეგობრივი იქნება, რადგან გაძლიერებული იქნება აგრესიული ფონი. მოიმატებს სხვადასხვა ტიპის ავარიების რიცხვიც.
მაისის მესამე დეკადა, მზის ტყუპის ნიშანში გადასვლის გამო უფრო დინამიკური და აქტიური გახდება. ამ პერიოდში გაჩნდება ახალი და იმავდროულად, საინტერესო შესაძლებლობები, რომლებიც დაკავშირებული იქნება კოლექტიურ და ჯგუფურ მუშაობასთან, მოგზაურობასთან, სიტყვით გამოსვლასთან, ტრენინგებთან, სემინარებთან და კონფერენციებთან. ეს არის კარგი პერიოდი სწავლის დაწყებისთვის და ახალი იდეების მოფიქრებისთვის. თუმცა მესამე დეკადაში ყურადღებას ითხოვს 23-25 მაისი, როდესაც მერკური-ურანის შეერთებამ მოსალოდნელია მოიტანოს სხვადასხვა ტიპის ტექნიკური შეფერხებები, პრობლემები მობილურ ქსელებთან, კომპიუტერებთან, ელექტროტექნიკასთან, ასევე ხალხის გადაყვანასთან თუ ტვირთების გადაზიდვასთან.
25 მაისიდან სტრუქტურების, სისტემების, წინაღობების მმართველი პლანეტა სატურნი ვერძის ნიშანში გადავა და პლანეტა ნეპტუნს შეუერთდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინგრესიაა, ამიტომ მაისის მესამე დეკადიდან დაიწყება და მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიგრძნობთ იმ ტენდენციებს, რომლებიც კავშირში იქნება ახალი პოლიტიკური კონტურების მოხაზვასთან (მსოფლიოში, სახელმწიფოში, სტრუქტურებში, სისტემებში). ეს დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა პირველი სამი თვე ამ პერიოდის ერთგვარი „თრეილერი“ იქნება. სწორედ ზაფხული იქნება აკუმულირებული სოციალური აგრესიის გამოვლენის პერიოდი. ეს ბევრ ქვეყანაში გამოიხატება საყოველთაო დაუმორჩილებლობებსა და სახალხო პროტესტებში. ვერძი - ზოდიაქოს პირველი ნიშანია და ახასიათებს ლიდერის თვისებები, აქედან გამომდინარე, 2025 წლის გაზაფხულის ბოლოს და მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით ახალ ლიდერებსა და წინამძღოლებს ვიხილავთ.
27 მაისის ახალმთვარეობა, რომელიც ტყუპის ნიშანში იქნება, მიანიშნებს კომუნიკაციის გაძლიერებასა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობაზე. ასე რომ, მაისის ბოლოს მოსალოდნელია, რომ ბევრი ახალი პროექტის პრეზენტაცია შედგეს (მით უმეტეს, რომ 26 მაისიდან მერკური ტყუპის ნიშანში იქნება და ესეც გააძლიერებს ყველაფერ ზემოთ თქმულს)“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მკვდარი გველი სკოლის სამზარეულოს საკვებში - ინდოეთში 100-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც მაისში უზარმაზარ მოგებას მიიღებს