ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლუტონის რეტროგრადულობაზე საუბრობს:
„6 მაისიდან პლუტონმა შეცვალა მიმართულება და რეტროგრადულ მოძრაობაში გადავიდა.
ის ახლა მერწყულის მეექვსე გრადუსზეა და სწორედ აქედან იწყებს უკუსვლას.
ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე დაახლოებით მეოთხე გრადუსამდე არ მივა, ის ამ პატარა მონაკვეთში იმოძრავებს.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის პროცესი ძალიან ნელი იქნება. პლუტონი არასოდეს ჩქარობს, მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებით იწელებასავით და შიდა პროცესებისაკენ არის მიმართული.
როცა პლუტონი დირექტიულად მოძრაობს, მისი ენერგია ხშირად გარე მოვლენების მეშვეობით გამოიხატება. ვიღაც მოდის ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში და ყველაფერს ცვლის, ან რაღაც სიტუაცია იძულებით გვაიძულებს ხოლმე ყველაფრის გადასინჯვას, ანდა რაღაც სტრუქტურა იშლება და ახალი იბადება.
რეტროგრადულობის დროს კი ეს პროცესი უფრო შინაგანი. ჩვენ თვითონ ვიწყებთ ძიებას, გააზრებას. გარედან შეიძლება ჩანდეს თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ შიგნით ძლიერი გადაწყობა მიმდინარეობს. ვხედავთ იმას, რასაც ადრე არ ვამჩნევდით ან თვალს ვარიდებდით.
დიახ, პლუტონი ძალიან ღრმა ფენებს ეხება - იმას, რასაც არც ვცნობდით ან რასაც ვერიდებოდით. რეტრო პლუტონი ხელს გვიწყობს, გავჩერდეთ და ვნახოთ, რა გვაკავებს ან რა გვაძლევს ისეთ ძალას, რომლის შესახებაც შეიძლება არც კი ვიცოდით.
ეს ის არქეტიპია, რომელსაც ფსიქოლოგიაში ჩრდილს უწოდებენ - დამარხული ემოციები, განდევნილი სურვილები, დავიწყებული ტრავმები, მაგრამ აგრეთვე დაფარული ძალა, შინაგანი სიბრძნე, გადაუმუშავებელი ნიჭი. ასევე ის თემები, რომლებიც ფულს, ძალაუფლებას, სექსს, კონტროლს, ან ღრმა ნდობას ეხება - ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოდის.
ბევრი ადამიანი ამ პერიოდში ამჩნევს, რომ ძველი ისტორიები ან ადამიანები ბრუნდებიან, ვისთანაც წლების წინ გქონდა კონტაქტი და აღმოჩნდება, რომ მაშინდელი დაუსრულებელი საუბარი ახლა განგრძობას ან დასრულებას ითხოვს; რაღაც ფსიქოლოგიური პროცესი,ან ძველი საქმე, რომელიც ჩვენი აზრით დახურული, დასრულებული იყო, ისევ იხსნება, მაგრამ უკვე სხვა დონეზე, უფრო ღრმად.
შეიძლება რაღაც ძველი სიზმარი გაგიმეორდეთ, შეიძლება მოულოდნელად გაიხსენოთ რაღაც ეპიზოდი ბავშვობიდან, რომელზედაც საუკუნეა არ გიფიქრიათ. ეს ასევე შეიძლება იყოს ძველი ვალები, მემკვიდრეობის საკითხები, საკრედიტო ან სადაზღვევო თემები, საერთო ფული პარტნიორთან. ან უბრალოდ ის გრძნობა, რომ რაღაც ძველი კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს. ის რაც იყო დროებით გადავადებული, ახლა გადაწყვეტილებას ითხოვს.
მერწყულში პლუტონის რეტროგრადულობას განსაკუთრებული ელფერი აქვს. მერწყული არის ნიშანი, რომელიც კოლექტიურ იდეებს, ჯგუფურ იდენტობას, ტექნოლოგიას, საზოგადოებრივ სტრუქტურებს განკარგავს. აქ პლუტონი წარმოქმნის აუცილებლობას, გავერკვეთ, თუ ვინ ფლობს ძალას იმ სისტემებში, სადაც ვცხოვრობთ. ვინ აკონტროლებს ინფორმაციას. როგორ ვთანამშრომლობთ ჯგუფში, არის თუ არა ეს თანამშრომლობა თანასწორი.
რეტროგრადულობისას ეს კითხვები უფრო პირად დონეზე ისმება- როგორ ვუშვებ სხვების ძალაუფლებას ჩემს ცხოვრებაში. სად ვარ დამოკიდებული ტექნოლოგიაზე იმდენად, რომ თვითონ ვეღარ ვიაზრებ. რა ჯგუფური იდენტობები მაქვს და რომელია მათგანი ნამდვილად ჩემი, რომელი კი მხოლოდ გარემოს მოლოდინები და სტრეოტიპები.
რეტროგრადული პერიოდი ხშირად აშიშვლებს ტექნოლოგიების „ჩრდილოვან მხარეს“. შესაძლოა გამწვავდეს დებატები ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ალგორითმების მიერ ადამიანების მანიპულირების შესახებ. ეს არის დრო, როდესაც საზოგადოება აანალიზებს, რამდენად გვემსახურება არსებული ტექნოლოგიები რეალურად, თუ პირიქით, ჩვენ გავხდით მათი მძევლები. შესაძლოა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ონლაინ თემებისა და სოციალური პლატფორმების მიმართ; ზედაპირული კავშირების ნაცვლად, აქცენტი უფრო ღრმა, იდეოლოგიურ თანამშრომლობაზე გადავიდეს.
პლუტონი მერწყულში უპირისპირდება იერარქიულ სტრუქტურებს. რეტროგრადილობა ხშირად ავლენს კორუფციას ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას სოციალურ ჯგუფებსა და ორგანიზაციებში. ადამიანები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას სოციალურ სამართლიანობას, თანასწორობას და იმას, თუ როგორ შეუძლიათ საერთო მიზნისთვის გაერთიანება, ხდება კოლექტიური გამოღვიძება.
განსაკუთრებით ძლიერად საგრძნობი იქნება ეს ტრანზიტი მათთვის, ვისაც ნატალურ რუკაში პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები მერწყულის, ლომის, კუროს ან მორიელის მე-4-დან მე-6 გრადუსამდე ჰყავს. თუ, მაგალითად, თქვენი მზე, მთვარე, ასცენდენტი ან რომელიმე პირადი პლანეტა ამ გრადუსებშია, ეს პერიოდი შეიძლება განსაკუთრებით მძაფრი აღმოჩნდეს.
დააკვირდით, თუ რაღაც თემა ბოლო თვეების განმავლობაში გიმეორდებათ სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა ადამიანთან, თუ რაიმე ძველი მოგონება მოდის, ან ვიღაცა ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში - ეს არ არის უბრალოდ დამთხვევა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ ახლა, რატომ ეს ადამიანი, რა არის დასასრულებელი.
თუ გრძნობთ, რომ რაღაც ძალაუფლება გაუსაძლისია თქვენს ცხოვრებაში (ადამიანის, სიტუაციის, სისტემის), ეს პერიოდი კარგია, რომ გაიაზროთ რა უნდა გავუშვათ და რა უნდა შევინარჩუნოთ. დაფიქრდით, სად გასცემთ მეტს, ვიდრე ეს საჭიროა. სად დუმხართ, სადაც ხმა უნდა ამოიღოთ. სად აკონტროლებთ, როცა უნდა ნებაზე მიუშვათ სიტუაცია.
მთავარი ის არის, რომ რეტროგრადული პლუტონი არ ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ის უფრო იძლევა დროს, რომ გავუგოთ საკუთარ თავს. ეს პერიოდი უფრო შინაგანი მომზადების დროა, ვიდრე დიდი ცვლილებების.
პლუტონს სინამდვილეში არ მოაქვს კატასტროფა, ის უბრალოდ გვიხსნის შესაძლებლობას, თავად გადავწყვიტოთ, როდის და როგორ მივუახლოვდეთ იმას, რასაც ჩვენს თავს ვუსურვებთ. როცა პლუტონი პირდაპირია, ის ხშირად იძულებით გვიხსნის კარებს. რეტროგრადში კი ჩვენ თვითონ ვკაკუნებთ და ვაღებთ კიდეც“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ: