ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მის წარმატებულ თამაშზე საუბრობს.
იგი ფეხბურთელს ყველაფერში სასახელოს უწოდებს:
„რა საოცარი ბიჭი გვყავს ქართველებს ჩვენი ხვიჩა! ყველაფერში სასახელო! ახლაც როგორ გაგვახარა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ზედიზედ, მეორედ გავიდა ფინალში პსჟ-სთან ერთად! თანაც როგორ?! გადამწყვეტი გოლის შემოქმედად იქცა - მესამე წუთზევე შექმნა ასპროცენტიანი მომენტი და რასაც ჰქვია, ფეხზე დაასვა საგოლე გადაცემა დემბელეს!
ჩემდა სასიხარულოდ, ჩემი თვალით ვნახე ეს მომენტიც და ქართველი სუპერვარსკვლავის ბრწყინვალე თამაში ლეგენდარულ "ალიანს არენაზე". ჩემს სიძესთან, არჩილ ხვედელიანთან ერთად ვიყავით მიუნხენში გუშინდელ მატჩზე და ბედი არ გინდა, მთლად "ბაიერნის" ფანკლუბის ეპიცენტრში აღმოჩნდა ჩვენი ადგილები. თავიდანვე ვუთხარი მეზობელ სკამებზე მსხდომ ბავარიელ გულშემატკივრებს, ქართველები ვართ და ხვიჩას ვგულშემატკივრობთ -მეთქი.
მეტი დამაჯერებლობისთვის, ხვიჩასთან გადაღებული ფოტოც ვაჩვენე. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, ღირსეულად მიიღეს დამარცხება და ორმა მათგანმა მოგვილოცა კიდეც ხვიჩას წარმატება. ისიც დაამატეს, გაისად ყველაფერს ვიზამთ ჩვენს კლუბში გადმოსაყვანადო. ასეთი სიხარულის მოტანა მხოლოდ ფეხბურთს და ისეთ დიდებულ ფეხბურთელსა და სამაგალითო ქართველს შეუძლია, როგორიცაა ხვიჩა კვარაცხელია!
წინ ბუდაპეშტია და საფინალო მატჩი ლონდონის „არსენალთან"! ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გვენახოს სულ მალე ჩვენი კვარა!“, - წერს გია ბაღაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოუთმენლობა, გაღიზიანება, სიხისტე სიტყვებსა და ქმედებებში“ - 7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი