
ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი სტატუსს აქვეყნებს, სადაც ერთის მხრივ ასტროლოგიურ, ხოლო მეორეს მხრივ ადამიანურ ფაქტორებზე წერს.
მისი თქმით, ასტროლოგია უბრალოდ რუკა არ არის, არამედ სარკეა:
„დრო გავა და მოულოდნელად შეიძლება გაგიღვიძოს შეგრძნებამ - თითქოს ყველაფერი გაქვს: სახლი, კარიერა, ურთიერთობები, მაგრამ სიღრმეში რაღაც მაინც ცარიელია, რადგან მთელი ცხოვრება ისე იცხოვრე, რომ შენი გადაწყვეტილებები არ შეესაბამებოდა შენი სულის ნამდვილ ხმას და სწორედ ასეთ დროს მოდის ნეპტუნის გამოღვიძება - ილუზიების დაშლა, ფარდის ჩამოხსნა და დგება სიმართლის დრო.როცა ადამიანი იმსხვრევა ამ სიმართლესთან, სწორედ მაშინ იწყება მისი ნამდვილი, შინაგანი ზრდა. სწორედ მაშინ იბადება თავისუფლება - არა გარედან დაკანონებული ნორმებით, არამედ საკუთარი ბუნების გაცნობიერებით.
ადამიანის ცხოვრება ხშირად ჰგავს საათის ისარს - ჰგონია, რომ წინ მიიწევს, სინამდვილეში კი წრეზე ბრუნავს. ბევრ ჩვენგანს წლები სჭირდება, რომ გააცნობიეროს - ერთი და იგივე სცენარს ვთამაშობთ, უბრალოდ როლები იცვლება. იყო დრო, როცა გეგონა, რომ თუ საკმარისად კეთილი იქნებოდი, თუ ყველას მოეწონებოდი, ცხოვრება დაგაჯილდოვებდა. ბავშვობიდან გასწავლეს, რომ უნდა ყოფილიყავი თავშეკავებული, ემოციები არ უნდა გამოგეხატა - თითქოს გრძნობების გამოხატვა სისუსტეს ნიშნავდა. ეს განსაკუთრებით ახასიათებთ მათ, ვისაც კირჩხიბის მთვარე აქვთ - როცა შინაგანი ემოციური მოთხოვნილება ხშირად იკეტება, პასუხისმგებლობებისა და შიშების ქვეშ. მაგრამ დგება მომენტი, როცა სული იწყებს წუხილს და ვერაფერს მალავ.
როცა მთელი ცხოვრება ცდილობ იყო კარგი შვილი, კარგი მეგობარი, კარგი პარტნიორი - ბოლოს გრჩება მხოლოდ ერთი კითხვა: შენ სად ხარ ამ ყველაფერში? სატურნი ფსიქოლოგიაში არ არის მხოლოდ ლიმიტი ან სტრუქტურა - ის ჩვენი შიდა კედელია, რომელიც ასე მონდომებით ჩაგვინერგეს, სანამ თავად არ დავიკარგეთ მის ჩრდილში.
ზოგიერთი ადამიანი, სატურნის ძლიერი გავლენით, ისეთ წესრიგს სწავლობს, რომ საკუთარ გრძნობებსაც გეგმაში აქცევს - ოღონდ არ გადაიჩეხოს გზიდან. ადამიანი მაშინ იწყებს ცხოვრებას, როცა თანხმდება საკუთარ თავთან. ეს თანხმობა ხშირად მოდის დუმილიდან, სევდიდან და გაცნობიერებიდან, რომ შენც გაქვს არსებობის უფლება - არა როგორც სხვისი მოლოდინების შემსრულებელს, არამედ როგორც არსებას, რომელსაც სურს იცხოვროს. ასტროლოგია უბრალოდ რუკა არ არის - ის სარკეა. და, როგორც ყველა სარკე, თავდაპირველად შესაძლოა არ მოგეწონოს, რასაც გაჩვენებს. მაგრამ თუ გაბედავ ჩახედვას - ერთხელ მაინც - იქ შენი ნამდვილი სახე გამოჩნდება. და ეს სახე ყოველთვის ღირს, რომ შეიყვარო“, - წერს უჩა სიხარულიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბავშვის დედა გონზეა, მაგრამ ვერაფერს იხსენებს...“ - ხაშურის ტრაგედიის დეტალები