ამ კვირაში წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა - 3 მარტის მთვარის სრული დაბნელება გველოდება. ემოციები პიკს მიაღწევს, ძველი ამბები წარსულს ჩაჰბარდება, მნიშვნელოვანი გარდატეხები კი სრულიად მოულოდნელად მოხდება.
ეს კვირა „დაბნელების დერეფნის“ ემოციური კულმინაცია იქნება. თუ გასული კვირა მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი იყო, ახლა მოვლენები გადამწყვეტ ფაზაში შევა. სამშაბათს, 3 მარტს, მთვარის სრული დაბნელების დღეს, გაჭიანურებული საქმეების საბოლოოდ დასრულებისა და მოულოდნელი მიგნებების დროა. ბევრისთვის ემოციური ფონი, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში, მეტისმეტად დამძიმდება. სიტუაციები შეიძლება, უსამართლოდ ან ქაოსურად მოგვეჩვენოს, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: დაბნელება იმას ააშკარავებს, რაც დიდი ხანია მომწიფდა და იმას გვაცილებს, რაც აღარ გვჭირდება.
კვირის მიწურულს (კვირას) პოზიტიურ მუხტსა და სრულ სიცხადეს ვიგრძნობთ. მთავარი რჩევაა - წარსულს ნუ ჩაეჭიდებით. თუ რაიმე სრულდება, გაუშვით, რადგან ეს განახლების ენერგიაა. საკუთარ თავთან მაქსიმალურად გულწრფელი იყავით და ეს დრო არსებული შეცდომების გაანალიზებას დაუთმეთ.
კვირის პროგნოზი დღეების მიხედვით:
ორშაბათი, 2 მარტი
დაბნელების წინა დღეს ყოველთვის მაღალი დაძაბულობა ახლავს, რის გამოც გეგმების ჩაშლა, სამსახურებრივი უსიამოვნებები ან ჯანმრთელობის გაუარესებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ტექნიკა დაზიანდეს ან შეფერხებით იმუშაოს. მოსალოდნელია შინაგანი კონფლიქტი წესრიგის დამყარების სურვილსა და გარედან მომავალ ქაოსს ან ზეწოლას შორის. წვრილმანების, პრეტენზიებისა თუ შეუსრულებელი პირობების გამო კამათისა და დაპირისპირების რისკი იმატებს.
რეკომენდაცია: თუ დაღლილი ხართ, სახლის დალაგებას გადამეტებული მონდომებით ნუ შეუდგებით. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ - მომდევნო დღეს სურათი შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს.
სამშაბათი, 3 მარტი
„მთვარის სრული დაბნელება“ - ეს ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღეა, როდესაც პასუხისმგებლობის, კრიტიკისა და ჯანმრთელობის თემები გამწვავდება. საკუთარ ნაკლოვანებებსა თუ შეცდომებს ზედმეტად მკაფიოდ და დრამატულადაც კი დაინახავთ, თუმცა თქვენი საყრდენი ოჯახი, შინაგანი სიმტკიცე და ინტუიცია იქნება. ემოციები ძლიერი, მაგრამ არა დამანგრეველი აღმოჩნდება, თუ მათ გამოვლენის საშუალებას მისცემთ და ახლობლებს დახმარებას სთხოვთ.
რეკომენდაცია: ჩაინიშნეთ ყოველი ახალი აზრი, სიზმარი თუ იდეა. თქვენი ფიქრებისა და გარემოს „გენერალური დასუფთავების“ დროა. სრულყოფილებისკენ დაუოკებელ სწრაფვას ნუ აჰყვებით.
ოთხშაბათი, 4 მარტი
დაბნელების გამოძახილი ინფორმაციულ და ემოციურ ქაოსს შექმნის. შესაძლოა, თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ ან მოგვიანებით თქვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. დაბნეულობა და გულმავიწყობა იმატებს.
რეკომენდაცია: მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და დოკუმენტებს ხელს ნუ მოაწერთ. ახლა ზედმეტის თქმას დუმილი ჯობს.
ხუთშაბათი, 5 მარტი
პასუხისმგებლობისა და მარტოობის დღეა. სიცივე და შეზღუდვები ყოველთვის რთულად ასატანია. მოსალოდნელია კონფლიქტი პარტნიორთან ურთიერთვალდებულებების ნიადაგზე. შესაძლოა გაგიჩნდეთ განცდა, რომ სათანადოდ არ გაფასებენ ან ზედმეტ ტვირთს ეზიდებით.
რეკომენდაცია: სხვებისგან ემოციურ სითბოს ნუ მოითხოვთ, თუ ისინი დაკავებულები ან ცივები არიან. საკუთარ საქმეებს მიხედეთ - ეს მდგომარეობა დროებითია. მალე მოტივაციის პოვნას ისევ მოახერხებთ.
პარასკევი, 6 მარტი
ამ დღეს შვებას იგრძნობთ, რამაც შეიძლება სტრესის საკვებით ჩახშობის ან სხვა გადამეტებული სიამოვნებებისკენ გიბიძგოთ.
რეკომენდაცია: საკუთარ ხარჯებს, კვების მოდელს თვალი ადევნეთ, ურთიერთობებში კი ბალანსი დაიცავით.
შაბათი, 7 მარტი
ძალიან დაძაბული და ემოციური დღეა. ეჭვიანობა, კონტროლის სურვილი და ემოციური არასტაბილურობა ბევრ პრობლემას შექმნის. ამ პერიოდში შესაძლოა, ურთიერთობები დასრულებამდე მივიდეს.
რეკომენდაცია: ურთიერთობების გარკვევა ამ დღეს სახიფათოა. თუ იგრძნობთ, რომ ემოციები გერევათ, განმარტოვდით. ვალს ნუ აიღებთ და ნურც გასცემთ. ენერგია სპორტს ან სახლის მოწესრიგებას მოახმარეთ.
კვირა, 8 მარტი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს შესანიშნავი დღეა! დაძაბული კვირის შემდეგ ჰარმონიისა და სიმშვიდის მომენტი დგება. იღბლის, სიხარულისა და კარგი განწყობის დროა. ემოციები ღრმა, თუმცა პოზიტიური იქნება. შაბათის ყველა კონფლიქტი შეიძლება, ამ დღეს მოგვარდეს. აღნიშნული დღე პაემნებისთვის, საჩუქრებისთვის, რომანტიკისა და გულწრფელი საუბრებისთვის საუკეთესოა.
რეკომენდაცია: დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ. ბევრი იცინეთ, გაეცით საჩუქრები და გემრიელი კერძებით ისიამოვნეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვირჩევთ თუ არა საკუთარ მშობლებს? - სოფია ბზეკალავა სულის ინკარნაციაზე
წყარო: www.beaumonde.ge