
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 6-12 ოქტომბრის ასტროპროგნოზზე წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.
„კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
6-12 ოქტომბერი
რამაზ გიგაური
ამ კვირაში გრძელდება წინა კვირის წინააღმდეგობრივი და რთული პერიოდი, რადგან გარდა რთული ასტროლოგიური ასპექტებისა, გვექნება ვერძის სავსემთვარეობაც. ადამიანებში (ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო პროცესებში) ენერგია თავის მაქსიმუმს მიაღწევს, რაც გაზრდის რაიმე ახლის (ან ძველის ახლებურად) გაკეთების სურვილს და მზაობას.
კვირის ასტროლოგიური ფონი მერკურის დაძაბული ასპექტებია. ეს მიანიშნებს მენტალურ და ვერბალურ „ქარიშხალზე“. იქნება ბევრი ფიქრი, განსჯა, საუბარი, კამათი და დაპირისპირება. ამას „შეაფერადებს“ სავსემთვარეობის ემოციური ფონიც.
☿☍
ზემოთ ნახსენები მერკურის ნეგატიური ასპექტების გამო მოსალოდნელია წინაღობების შექმნა კომუნიკაციის კუთხით, ასევე ლოგისტიკური პრობლემები, კავშირის სისტემების დაზიანება ან ინფორმაციის არათანმიმდევრული და ქაოსური გავრცელება (ჭორები, დეზინფორმაცია). ეს ადამიანებს უმეტესწილად საშუალებას არ მისცემს, რომ ინფორმაცია სისტემურად დაალაგონ და მოძებნონ რაციონალურ-ლოგიკური ბმები.
მით უმეტეს, რომ გრძელდება წინა კვირის კიდევ ერთი ტენდენციაც, რომელიც უკავშირდება სკანდალებს, გასაჯაროებულ საიდუმლო ინფორმაციას და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიზანმიმართულ „გაჟონვას“.
7 ოქტომბრის სავსემთვარეობა ამ კვირის დაძაბულობის პიკი იქნება, რადგან მთვარე ვერძის ნიშანში იმყოფება და ეს იწვევს ენერგიის აკუმულირებას, რაც გამოიხატება იმპულსურობაში, აჩქარებულობასა და დაძაბულობაში. ბევრი რამ, რაც მანამდე ბუნდოვანი და ილუზიური იყო, გამოაშკარავდება და ადამიანები პირისპირ შეეჯახებიან არსებულ რეალობას. ყველაფერი მიიღებს მკაფიო სახეს. ისინი, ვისაც რეალურად უნდათ, რომ საკუთარი პრობლემები მოაგვარონ, შეძლებენ ამ მკაცრი რეალობის გაცნობიერებას და მისი შეცვლისკენ ახალ გეგმებსა და სქემებს მოიფიქრებენ. ეს პერიოდი ითხოვს მკაცრ მიდგომებსა და რთული გადაწყვეტილებების მიღებას (ამის მიიუხედავად, მაინც შეიძლება დარჩეს რაღაც „დაფარული“ და ეს ყველაფერი უკვე შემდეგ კვირებში იჩენს თავს).
☽ 8-9 ოქტომბერი შესაძლოა, მცირედ სასიკეთო პერიოდი გამოდგეს, რადგან მთვარე კუროს ნიშანში იმოძრავებს. „ადუღებული ემოციები“ შედარებით დამშვიდდება, შინაგანი ტემპერატურა დაიწევს, რაც კიდევ უფრო კარგად გამოაჩენს შექმნილ სურათს. გაჩნდება ემოციური უსაფრთხოებისა და კომფორტის მოთხოვნა. ეს კარგი დროა რეალობის გაცნობიერებისთვის და რთული საკითხების მოგვარებისთვის, ასევე ფინანსური ოპერაციებისთვის და კომერციული გარიგებებისთვის.
⚲ ☍ ♄: 11 ოქტომბერს (+/- 2 დღე) ვენერა დაუპირისპირდება სატურნს. ეს საკმაოდ რთულ ასპექტად ითვლება. ეს იქნება პასუხისმგებლობის გამოცდა. ამ დროს წინა პლანზე მოდის შემდეგი ნეგატიური განცდები: „არ ვიმსახურებ სიყვარულს“, „მიყვარს, მაგრამ ვერ ვენდობი“, „მეშინია, რომ სიყვარულში მოვტყუვდები“ და ა. შ. ეს არის სიყვარული, რომელიც ტკივილს წარმოშობს, მაგრამ გამძლეობასაც გვასწავლის. ამ დღეებში უნდა ვაჯობოთ საკუთარ თავში წარმოშობილ უარყოფის შიშს, მარტოსულობის განცდას და მომავლის მიმართ ოპტიმისტურად განვეწყოთ.
♇⚹ ♄/♆△ ♅
მიუხედავად მერკურის დაძაბული ასპექტებისა და სავსემთვარეობის ნეგატიური ფონისა, სატურნი (მასთან შეერთებული ნეპტუნიც), ასევე ურანი და პლუტონი ქმნიან დადებით კონფიგურაცია ბისექსტილს. ეს მიანიშნებს მიმდინარე გლობალურ გარდაქმნებზე. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. ძველი სტრუქტურები იშლება და მათ ნაცვლად ახალი სისტემა და ახალი წესრიგი ყალიბდება.
გარდა ამისა, ეს კონფიგურაცია ასევე მიუთითებს ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც სტრუქტურები (სატურნი), იდეალები ან კოლექტიური არაცნობიერი (ნეპტუნი) და ტექნოლოგიურ-რევოლუციური ძალები (ურანი) ერთიანდება და ხდება ძირეული ტრანსფორმაცია (პლუტონი). ეს არის ძველი ენერგიის გარდაქმნა ინტეგრაციის გზით და ახალი, უფრო თანამედროვე და ასე ვთქვათ, ცივილური რეალობის ფორმირება. ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობის გადახარისხება“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: