🌕♐️31 მაისს, თბილისის დროით 12:45 საათზე, სავსემთვარეობაა მშვილდოსნის ზოდიაქოს 9°55′ გრადუსზე.
მშვილდოსანი მიილტვის თავისუფლების, გაფართოების, ახალი ჰორიზონტებისკენ. ტყუპებისგან განსხვავებით ის სურათს ფართო პერსპექტივიდან უყურებს, მუდამ მიიწევს წინ ახალი ცოდნის, ახალი გამოცდილების, ფართო მასშტაბებისკენ. ამიტომ ეს სავსემთვარეობა გვაიძულებს მოვლენებს უფრო დიდი სურათის ჭრილში შევხედოთ და გავცდეთ ჩარჩოებს, რომლებიც შესაძლოა ხელს გვიშლის განვითარებაში.
ამიტომ თუ აქამდე გვქონდა განცდა, რომ სრული სურათის მხოლოდ ნაწილს ვხედავდით, თითქოს ჩვენი ხედვა, აზროვნება და აღქმა რაღაც ვიწრო ჩარჩოებში იყო მოქცეული, ახლა რეალობას სრული მასშტაბით დავინახავთ.
სავსემთვარეობა ყოველთვის კულმინაციის, შედეგის, გაცნობიერების მომენტია.
ამჯერად ეს განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა, რადგან მთვარე მშვილდოსანში დგას ოპოზიციაში მზესთან ტყუპებში, ხოლო თითქმის ყველა პლანეტა ცის მეორე მხარესაა კონცენტრირებული. ეს ქმნის ძლიერ დაპირისპირებას ფაქტებსა და მნიშვნელობას შორის — ინფორმაციასა და იმ დიდ აზრს შორის, რასაც ამ ინფორმაციას ვანიჭებთ. ტყუპების ენერგია ინფორმაციას აგროვებს, დეტალებს არჩევს, ფრაგმენტებს აკავშირებს, მაგრამ მშვილდოსანი ამ ყველაფრიდან უკვე ფართო და ღრმა აზრს, მასშტაბურ ხედვას ქმნის.
ამ სავსემთვარეობას შეიძლება კულმინაციამდე მიიყვანოს ის პროცესები, რომლებიც 2025 წლის დეკემბრის ახალმთვარეობის პერიოდში დაიწყო — განათლებასთან, მოგზაურობასთან, რწმენებთან, მსოფლმხედველობასთან, პირად განვითარებასთან ან მომავლის ხედვასთან დაკავშირებით.
ამ ლუნაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ურანის ჩართულობაა, რაც მოვლენებს მოულოდნელ, სწრაფ და არაპროგნოზირებად ტონს აძლევს. შესაძლოა უცებ შეიცვალოს გეგმები, ინფორმაციის მიმართულება, ურთიერთობები ან თავად ჩვენი ხედვა სიტუაციის მიმართ. ხშირად სწორედ ურანის გავლენით ხდება მოულოდნელი „გამოფხიზლება“, როდესაც უცებ ვხედავთ იმას, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდით.
კარგი იქნება, თუ ამ დღეებში საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვებს: რას შევცვლიდით დღეს ჩვენს ხედვაში? რომელი მიმართულება აღარ არის ჩვენთვის რელევანტური? რისი გვჯერა უკვე სრულიად სხვაგვარად? ტყუპები–მშვილდოსნის ღერძი დაკავშირებულია ცოდნასთან, სწავლასთან, ინფორმაციის გაცვლასთან, მსოფლმხედველობასთან და სიმართლის ძიებასთან.
ამ პერიოდში შეიძლება გააქტიურდეს უცხოეთთან დაკავშირებული თემები — სწავლა, მოგზაურობა, საერთაშორისო კონტაქტები, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ან ზოგადად თვალსაწიერის გაფართოების სურვილი. განსაკუთრებით ძლიერი იქნება ეს გავლენა მუტაბელური ნიშნებისთვის — ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, ქალწულებისა და თევზებისთვის, უფრო მეტად კი მათთვის, ვისაც საწყის 10 გრადუსებში აქვს მნიშვნელოვანი პლანეტები ან წერტილები. რადგან ამ ღერძს ახლა ურანი ეხება საწყის გრადუსებში, შესაძლოა სწორედ ამ ლუნაციაზე მოინიშნოს ის ცვლილებები, რომლებიც მომავალში უფრო მასშტაბურ გარდაქმნებს დაუდებს საფუძველს.
სავსემთვარეობისას ემოციური მუხტი საკმაოდ მაღალია, ამიტომ კარგი იქნება ეს დღე შედარებით მშვიდად გავატაროთ და იმპულსურ რეაქციებს ნაკლებად ავყვეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთად ლოცვა“ ფსიქოლოგიური კუთხით არის უმაღლესი ნდობისა და სულიერი სიშიშვლის მომენტი“ - ფსიქოლოგი
⭕რატომ არ ღირს რეაგირება ტყუილზე? - ქეთევან ჯანდიერის საინტერესო პოსტი