Digest Logo

„გარდამავალი ეტაპია, შეჯამებისა და შინაგანი მომზადების დრო ახალი ცხოვრებისეული ციკლის წინ“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი

1773638214
ასტროლოგია

მოდი გადავხედოთ 16-22 მარტის კვირის ასტროლოგიურ ფონს.

წინ გველოდება საინტერესო და ასტროლოგიური მოვლენებით სავსე პერიოდი. ეს არის დრო, როდესაც ცაზე მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც ერთი მხრივ სიმბოლურად ასრულებენ ძველ ასტროლოგიურ წელს, ხოლო მეორე მხრივ კარს უხსნიან ახალ ცხოვრებისეულ ციკლს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს კვირა გაივლის მასშტაბური ახალმთვარეობის ენერგიის გავლენის ქვეშ, რომელიც წინ უსწრებს გაზაფხულის ბუნიობას - მზის შესვლას ვერძის ნიშანში. ეს ორი გარდამავალი მომენტი ქმნის ძლიერ სინერგიულ ეფექტს და მძლავრ იმპულსს აძლევს ყველაფერ ახალს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

ახალმთვარეობისა და გაზაფხულის ბუნიობის წინ გასავლელი გვაქვს განულების, იგივე „დელფინის დღეები“. ამავე პერიოდში იხსნება უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნის - „საათების“ კარიბჭეც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ კვირის ბოლოს მერკური ასრულებს რეტროგრადულ ფაზას.

აღსანიშნავია, რომ ცაზე არც ერთი პლანეტა აღარ იქნება რეტროგრადულ მოძრაობაში. ეს ნიშნავს, რომ პროცესები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში შეფერხებული ან შენელებული იყო და ეჭვებს იწვევდა, თანდათან გააქტიურდება.

გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ ცხოვრების ტემპი შესამჩნევად აჩქარდება. მოვლენების დინამიკა გაძლიერდება და ამას ჩვენ ყველანი ვიგრძნობთ.

ამიტომ ეს პერიოდი ერთგვარი გარდამავალი ეტაპია - შეჯამებისა და შინაგანი მომზადების დრო ახალი ცხოვრებისეული ციკლის წინ, რადგან 20 მარტიდან იწყება ასტროლოგიური და ასტრონომიული გაზაფხული.
დელფინის დღეებზე წინა პოსტში უკვე დავწერე. შეგახსენებთ, რომ დელფინის სიმბოლო მრავალ კულტურაში განასახიერებს სიბრძნეს, ჰარმონიას, გადარჩენას და სამყაროებს შორის კავშირს.

სწორედ დელფინი ითვლება მეგზურად - იმ ძალად, რომელიც ადამიანს ეხმარება, არ ჩაიძიროს ცხოვრების ქაოსში და ნათელ ნაპირზე გამოვიდეს.

„დელფინის დღეები“ სიმბოლურად აღნიშნავს ზოდიაქოს წრის დასრულებას. ეს ხუთი დღე - მზის გზის ბოლო მონაკვეთია თევზების ნიშანში.

15-20 მარტის ხუთი დღე განსაკუთრებული სულიერი განწმენდის დროა. სწორედ ამ პერიოდში შეიძლება ცხადი გახდეს იმ მოვლენების ნამდვილი მიზეზები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა, რადგან თევზები კარმული ნიშანია.

ასეთ დღეებში ხშირად მოდის მნიშვნელოვანი გაცნობიერებები ჩვენი ქვეცნობიერის არხით. ეს არის პერიოდი, როდესაც ინტუიცია ძლიერდება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მგრძნობიარე ფსიქიკა და განვითარებული შინაგანი აღქმა აქვს.

თევზების ნიშანში ახლა არა მხოლოდ მზეა, არამედ მერკურიც და ჩრდილოეთ კარმული კვანძიც, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ გზას. მთელი ეს კვირა მოვლენების ერთგვარ ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც თითქოს ამზადებს ნიადაგს ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მომენტისთვის. რაც უფრო მივუახლოვდებით კვირის ბოლოს, მით უფრო ძლიერად ვიგრძნობთ სივრცეში მოქმედებისა და მოძრაობის ენერგიას - ცხოვრების ტემპი თანდათან აჩქარდება.

ახალი მთვარე არის მომენტი, როდესაც ჩვენს წამოწყებებს სამყარო განსაკუთრებულად უჭერს მხარს. უკვე მეორე დღეს, 20 მარტს, მერკური გამოდის რეტროგრადული მოძრაობიდან. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მერკური პასუხისმგებელია ჩვენს აზროვნებაზე, სიტყვებზე, კომუნიკაციაზე და იმ იდეებზე, რომლებსაც საკუთარ თავში ვქმნით.
როდესაც მერკური პირდაპირ მოძრაობას იწყებს, თითქოს სივრცე გვეუბნება: შეგიძლია თამამად განახორციელო შენი განზრახვა. ცხოვრების ენერგია იწყებს უფრო თავისუფლად დინებას და ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ ახალი გეგმები.

გარდა ამისა, 16-დან 22 მარტამდე იხსნება უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნის - „საათების“ კარიბჭე. ეს ნიშანი დაკავშირებულია დროის, ბედის და ცხოვრების ციკლების სიმბოლიკასთან. ის გვახსენებს, რომ ყველა ეპოქას, ყველა ეტაპს და ისტორიას აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. როდესაც საათების ნიშანი აქტიურდება, ეს ნიშნავს, რომ მოვიდა დრო რაღაც დავხუროთ და ახალი ეტაპი დავიწყოთ.

უმაღლესი ზოდიაქოს 12 ნიშანზე ადრე მქონდა პოსტი და თუ დაინტერესება იქნება, ამ თემაზე უფრო ვრცლადაც დავწერ. მოკლედ კი გეტყვით, რომ გველისმჭერის და საათების ნიშნების მნიშვნელობა განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან ორივე ახლიდან დაბადებას უკავშირდება: გველისმჭერი - სულის დონეზე ტრანსფორმაციას, ხოლო საათები - ფიზიკურ და მატერიალურ დონეზე გამოვლენას.

უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნის - საათების - გავლენა შეიძლება გამოვლინდეს ჩვენში მკაფიო გადაწყვეტილების სახით, თუმცა შესაძლებელია გარკვეული მოვლენებიც, რომლებიც თითქოს გვიბიძგებს ცვლილებებისკენ. არსი ყოველთვის ერთია: ამ ნიშნის გააქტიურება გვიგზავნის სიგნალს, რომ დროა ახალი გვერდი გადავშალოთ.
20 მარტს ხდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - გაზაფხულის ბუნიობა. მზე გადადის ზოდიაქოს პირველ ნიშანში - ვერძში.

ეს არის მომენტი, როდესაც ბუნების ენერგია იწყებს ზრდას. დღე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უფრო გრძელი ხდება, სინათლე კი თანდათან იმარჯვებს სიბნელეზე. სიცოცხლის ძალები იწყებს გაღვიძებას.

ამიტომ კვირა, რომელსაც ახლა ვატარებთ, ძველი ციკლის ერთგვარი საბოლოო აკორდია. ეს არის დრო, როდესაც შეგვიძლია შევაჯამოთ გასული წელი, გულწრფელად გადავხედოთ საკუთარ გზას და საკუთარ თავს ვკითხოთ:

რა გავაკეთე ჩემი ბედნიერი ცხოვრებისთვის?

რა მსურს სინამდვილეში?

რა მჭირდება რეალურად?

რა მიშლის ხელს და რა უნდა დავტოვო წარსულში?

რას ვირჩევ ჩემი ბედნიერებისა და წარმატებისთვის?

თუ ამ კვირაში ამ კითხვებზე გულწრფელად და ილუზიების გარეშე ვუპასუხებთ, ახალ ციკლში ბევრად უფრო გაცნობიერებულად შევალთ და მომავალ წელს უფრო წარმატებით გავივლით.

ამგვარად, კვირის არსი არის განულება, განწმენდა, შეჯამება, გააზრება და ახალი ციკლისთვის მომზადება. არ არის საჭირო აჩქარება და მკვეთრი მოქმედებები.

მთავარია, ვეცადოთ ვიცხოვროთ სამყაროს რითმებთან ჰარმონიაში და მივიღოთ ახალი ენერგიის ტალღა, ახალი შესაძლებლობები და ახალი ძალა ჩვენი განზრახვების განსახორციელებლად.

განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ წელს ახალი მთვარე და გაზაფხულის ბუნიობა ერთმანეთს ემთხვევა - ეს აძლიერებს ენერგეტიკულ იმპულსს. ეს არის როგორც ახალი მთვარის თვის, ასევე ახალი მზის წლის დაბადება.

ასეთი სინერგია კოსმოსში იშვიათად ხდება და მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობით სარგებლობა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 მარტს საქართველოში

„შეიძლება გაიღვიძოს შეშინებულმა, ატირებულმა, მშობელი უცხო ადამიანად აღიქვას!“ - სანერვიულოა თუ არა კოშმარები ბავშვებში? ექიმის რჩევები

⭕„არ ენდო ადამიანის რჩევას, თუ მას თავად, თავის ცხოვრება არ აქვს აწყობილი...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე