ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად იგი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ აქვეყნებს ვრცელ და საინტერესო პოსტს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ინგრესია:
* 4 თებერვალი > ვენერა ვერძის ზოდიაქოში
* 14 თებერვალი > მერკური თევზების ზოდიაქოში
* 18 თებერვალი > მზე თევზების ზოდიაქოში (14:07 საათიდან )
რეტროგრადული პლანეტები:
* 4 თებერვალი > დირექტიული იუპიტერი (ტყუპის მე-12 გრადუსიდან)
* 24 თებერვალი > დირექტიული მარსი (კირჩხიბის 18-ე გრადუსიდან)
* სავსემთვარეობა - 12 თებერვალი (17:53 საათზე)
* ახალმთვარეობა - 28 თებერვალი (4:44 საათზე)
თებერვალი მოითხოვს დიდ მოთმინებას, რადგან ერთი პრობლემის გადაწყვეტასთან ერთად მეორე პრობლემას „გვთავაზობს“ (ეს განსაკუთრებით პირად ურთიერთობებს ეხება).
ამიტომ, საჭირო იქნება კონკრეტული გეგმების დასახვა და მათი ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა.
თვის პირველი დეკადა აქტიური და ენერგიული იქნებ. პრინციპში, პირველივე დღეებში, ეს უკვე შესამჩნევი გახდა, როგორ საქართველოში, ისე უცხოეთში. ამის პიკი 8 თებერვალი იქნება, როდესაც მერწყულის ნიშანში მზე-მერკურის შეერთება იქნება. ეს მოიტანს განახლებას, გააძლიერებს ახალ, არასტანდარტულ, ორიგინალურ ხედვას, რაც თავის მხრივ ადამიანებს ხელს შეუწყობს საკუთარი პოზიცია გაბედულად გამოხატონ და თავისი უფლებებისთვის უფრო აქტიურად იბრძოლონ.
4 თებერვალს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა - ვენერა ვერძის ზოდიაქოში გადავა.
ვენერასთვის ამ ნიშანში მოძრაობა დესტრუქციულია, რადგან ის „გამოძევებულ“ პოზიციაში იმყოფება, ამიტომ პირადი ცხოვრება განვითარდება ენერგიულად, აქტიურად, თუმცა ხისტად. სასიყვარულო ურთიერთობაში მოიმატებს ეგოისტური გამოვლენა, ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი გარეგნობა, ჩაცმის და ვარცხნილობის სტილი არ მოსწონთ, სწორედ ამ თვეში დაიწყებენ ამ ყველაფრის რადიკალურად შეცვლას.
თებერვლის პირველი დეკადა მოიტანს მომავლის უკეთ გააზრებას. მოიმატებს კომპიუტერულ სისტემებთან და საერთოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებში განვითარების და სასიკეთო ცვლილებების განხორციელების ალბათობა.
ბევრი ადამიანი კეთილისმსურველი ადამიანების, თანამოაზრეებისა და მეგობრების მხრიდან გარკვეულ დახმარებას მიიღებს. 6-11 თებერვლის შუალედში მოსალოდნელია ელექტრომომარაგებასთან და ინტერნეტთან გარკვეული შეფერხებები. ეს პერიოდი ასევე გამორჩეული იქნება ტექნიკური ავარიებით და სხვადასხვა შოკისმომგვრელი სიახლეებით (მოსალოდნელია რომელიმე ქვეყანაში ვიხილოთ თანამდებობის პირების მხრიდან გადადგომა ან რამე ამდაგვარი).
თუ 1-5 თებერვლის მზარდი მთვარე მოიტანს პიროვნული ზრდის თუ გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობებს, 12 თებერვლის სავსემთვარეობა (+/- 1 დღე) დაუკავშირდება გარკვეულ გამოწვევებებს, კრიზისებსა და მოვლენების სწრაფ და მოულოდნელ განვითარებას.
14 თებერვალს ინფორმაციის, აზროვნების და კომუნიკაციის პლანეტა - მერკური თევზების ნიშანში გადავა, რაც გააძლიერებს ალოგიკურობას და არარაციონალურობას. გართულდება ინფორმაციის დამუშავება, მოიმატებს შეცდომების დაშვების, ჭორების, ინტრიგების ალბათობა. გართულდება მოლაპარაკებები. მით უმეტეს, რომ 18 თებერვლიდან თევზებში გადავა მზეც, რაც გარკვეულწილად ადამიანების დემოტივაციას გააძლიერებს. ამ დროს საჭირო იქნება ფსიქოლოგიური სიმყარე, რეალიზმის გაძლიერება და დაგეგმვაში მეტი მკაფიოობის შეტანა.
მეორე თვეა, რაც მარსი კირჩხიბის ნიშანში რეტროგრადულ მდგომარეობაშია, ეს კი ძველ პრობლემებზე ფოკუსირებაზე, შინაგან ცვლილებებზე და სამუშაოს რეკონსტრუქციაზე მიუთითებს.
24 თებერვლიდან მარსი დირექტიული გახდება. მარსი - კირჩხიბში სუსტ პოზიციაშია (დაცემული), რაც ნიშნავს, რომ მისი პირდაპირი, აგრესიული და აქტიური ბუნება აქ უფრო ემოციური, მერყევი და არაპირდაპირია. ეს ყველაფერი დასრულდება სწორედ 24 თებერვლიდან და მარსის მოქმედებები უფრო პირდაპირი და ღია გახდება.
ადამიანები თუ ქვეყნები დაასრულებენ წარსულის რეტროსპექტივას, წარსულის ანალიზს და უკვე მომავლის დაგეგმვას და აქტიურ მოქმედებებზე გადავლენ. ემოციური აგრესია, რომელიც მანამდე შიგნით იყო შეტრიალებული, ახლა უკვე გარეთ გამოვლინდება, მოქმედებები უფრო ეფექტიანი, გააზრებული და შედეგიანი გახდება.
ადამიანების მხრიდან ვიხილავთ უფრო აგრესიულ გამოვლენებს ოჯახის, სამშობლოს და ეროვნული ინტერესების გარშემო. პიროვნულ დონეზე ეს იქნება ოჯახური საკითხების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და ამასთან დაკავშირებული პრობლემების მართვა.
28 თებერვლის თევზების ნიშნის ახალმთვარეობა შეაჯამებს თვეს და ახალ, შიდა სამყაროზე ორიენტირებულ პროგრამას „აამოქმედებს“. ამ პერიოდმა შესაძლოა მოიტანოს როგორც გარკვეული პროცესების დასრულება, ასევე ახალი ფსიქოლოგიური კრიზისი, რაც უკვე მარტში გამოვლინდება“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: