18 იანვარს, თბილისის დროით 23:51 საათზე ახალმთვარეობა თხის რქის ზოდიაქოს ბოლო, 28°48′გრადუსზე გვაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი ავრცელებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.
მისი თქმით, ეს ახალმთვარეობა გვთხოვს არ ვიჩქაროთ, მაგრამ არც ლოდინის რეჟიმში დავრჩეთ:
„18 იანვარს, თბილისის დროით 23:51 საათზე, გვაქვს ახალმთვარეობა თხის რქის ზოდიაქოს ბოლო, 28°48′გრადუსზე, რაც კიდევ ერთხელ აგრძელებს ტენდენციას, როდესაც ახალმთვარეობები ზოდიაქოს კრიზისულ გრადუსებზე ხდება. ეს ასტროლოგიაში ითვლება გარდამტეხ წერტილად — მომენტი, როდესაც ძველი ენერგია ბოლომდე იწურება და ახალი ციკლი იწყებს ჩასახვას. ახალმთვარეობა გვთხოვს დავასრულოთ ის, რაც აღარ მუშაობს და გავხსნათ სივრცე ახალი მიმართულებებისთვის.
მზე და მთვარე თხის რქაში ჩართულები არიან პლანეტურ სტელიუმში — მარსთან და მერკურისთან თხის რქაში, ხოლო ვენერა და პლუტონი უკვე მერწყულის დასაწყისს გრადუსებში ერთიანდებიან.
ამავდროულად, ახალმთვარეობა ჩართულია ძლიერ კონფიგურაციაში: თხის რქისა და მერწყულის პლანეტები ქმნიან ჰარმონიულ კავშირს — ტრინს ურანთან კუროში და სექსტილს სატურნისა და ნეპტუნის შეერთებასთან თევზებში. შედეგად იკვრება ჰარმონიული ბისექსტილი, რომელიც ასტროლოგიურად მიუთითებს იმაზე, რომ სივრცე იხსნება ახალი შესაძლებლობებისთვის. თუმცა ეს შესაძლებლობები ავტომატურად არ რეალიზდება — ისინი ითხოვენ ცნობიერ ჩართულობას, სწორ არჩევანს და სტრატეგიულ ნაბიჯებს. ძველი სტრუქტურების გადახედვა ხდება არა ქაოსურად, არამედ გააზრებული მოქმედებით.
მთვარე თხის რქაში განდევნილია, რაც ახალმთვარეობის ენერგიას ემოციურ თავშეკავებას მატებს. ეს არ არის ემოციურად მარტივი დასაწყისი — გადაწყვეტილება, თუ რა უნდა დავასრულოთ და რა დავტოვოთ, ხდება რაციონალურად და არა სპონტანური სურვილიდან გამომდინარე. ასეთი დასაწყისი უფრო გამძლეა, რადგან ის ემყარება რეალობას, პასუხისმგებლობასა და გრძელვადიან ხედვას.
მნიშვნელოვანია, რომ ბისექსტილში ჩართული პლანეტები ბოლო გრადუსებზე არიან და უახლოვდებიან გადასვლას პასიური ნიშნებიდან აქტიურებში. ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგანი მზადების გარეგნულად პასიური პერიოდი დასრულებისკენ მიდის. ახალმთვარეობა გვთხოვს გადახედვას, კონსოლიდაციას და გასული პერიოდის რაციონალურ შეფასებას, რათა მომდევნო ეტაპზე უკვე მკაფიო სტრატეგიით გადავიდეთ. მოქმედების ფაზა ახლოვდება. თუ ამ ეტაპზე ადამიანი ისევ პასიურ პოზიციაში დარჩება, ჰარმონიული პოტენციალი შესაძლოა, უბრალოდ გაიფანტოს.
ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებით გავლენიანი იქნება მათთვის, ვისაც კარდინალური ნიშნების — თხის რქის, ვერძის, კირჩხიბის და სასწორის ბოლო გრადუსებში ჰყავთ პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური წერტილები. მათთვის ეს ენერგია შეიძლება გამოვლინდეს როგორც გარდამტეხი გადაწყვეტილება, ახალი მიმართულების არჩევა ან ძველი სტრუქტურის დასრულება.
კოლექტიურ დონეზე ეს დასაწყისი ეხება სამუშაო მოდელებს, ინსტიტუციურ სტრუქტურებს, ეკონომიკურ და სოციალურ ჩარჩოებს — იქ, სადაც აუცილებელია სტაბილურობის შენარჩუნება და ერთდროულად განახლების დანერგვა.
პრაქტიკულად, ეს ახალმთვარეობა გვთხოვს არ ვიჩქაროთ, მაგრამ არც ლოდინის რეჟიმში დავრჩეთ. ახლა არის დრო გააზრებული გადაწყვეტილებების, გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და პასუხისმგებლობის აღების — იმ ეტაპის წინ, სადაც მოქმედება გარდაუვალი გახდება“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაუყოვნებლივ გადაყარეთ გამხმარი ან დამჭკნარი მცენარეები...“ - რომელი ყვავილი გვართმევს ენერგიას?