სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგი სახელწოდებით „ანა მზიანი“ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც მზის პირველ დაბნელებაზე მერწყულში და 17 თებერვლის ახალი წლის, ცხენის წელის შემობრძანებაზე წერს:
„2026 წლის მზის პირველი დაბნელება მერწყულში
17 თებერვალს საინტერესო მოვლენები გველოდება: აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი დგება და შემობრძანდება ცეცხლოვანი ცხენის წელი. ამ დღისთვის ჩვენებური პურმარილი და სუფრების გაშლა არაა აუცილებელი, თუმცა, პატარა სასიამოვნო რიტუალის ჩატარება შეიძლება, მორთეთ ინტერიერი ცეცხლოვან ფერებში, მოამზადეთ ის კერძები, რაც თქვენი ოჯახის წევრებს უყვართ, ცხენს კი დაახვედრეთ ქერი, შაქარი (ახალმთვარეობის და აღმოსავლური ახალი წლის დასახვედრ სტატიას რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ).
ამავე დღეს გველოდება ახალმთვარეობა მერწყულში და 2026 წლის პირველი მზის დაბნელება მერწყული - ლომის ღერძზე. აღმავალი - დაღმავალი კვანძები, მათ მთვარის კვანძებსაც ეძახიან და ინდურ ასტროლოგიაში - რახუ - ქეთუს, ქალწული - თევზების ღერძიდან, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, გადადიან ლომი - მერწყულის ღერძზე, მაგრამ ეტაპობრივად. წელს ქალწულსა და თევზებში კვლავ გველოდება დაბნელებები ამიტომ, ამ ნიშნების წარმომადგენლები ძალიანაც ნუ მოდუნდებით. თუმცა, თევზებიდან სატურნის გადასვლით თევზებიც ამოისუნთქავენ და ქალწულიც, ტყუპიც და მშვილდოსანიც.
როგორც იცით, ასტროლოგიაში ყველაფერი მზის ნიშნით არ განისაზღვრება, მზე სასწორში მყავს და თევზები - ქალწულის ან ლომი - მერწყულის ღერძზე აღმავალი კვანძების გადასვლა მე არ მეხება არასწორი მიდგომაა. სასწორი შეიძლება ხართ მზით, მაგრამ ქალწულში გყავთ სტელიუმი, მნიშვნელოვანი წერტილები ან იგივე დაღმავალი - აღმავალი კვანძები და მერე სად მიდიხართ? მერე რით უნდა იმართლოთ თავი? უი, არ ვიცოდი?! ამიტომ, უნდა იცოდეთ თქვენი რუკა, სად რა გყავთ, როდის რას უნდა ელოდებოდეთ, რომ მშვიდად გაატაროთ რთული პერიოდები და მაქსიმალურის ნაცვლად მინიმალური დანაკლისი მიიღოთ.
ლომებო და მერწყულებო, საინტერესო და დასაფიქრებელი პერიოდი გელოდებათ. ამასთან, მერწყულშია პლუტონიც, რომელიც თავის გავლენას ახდენს ორივეზე, ვერძში გადადიან სატურნი და ნეპტუნი; ტყუპში - ურანი და სამივე თავისუბურ გავლენას ახდენს ლომსა და მერწყულზე.
17 თებერვალს, მერწყულის 29 გრადუსში გველოდება მზის დაბნელება და ახალმთვარეობაც. ზოგადად, ახალმთვარეობაზე ხდება მზის დაბნელება და მთვარის დაბნელებაზე - მთვარის დაბნელება. ჩაიხედეთ თქვენს პირად რუკაში და ნახეთ, რა პლანეტები ხვდება თევზების 24-30 გრადუსში და მერწყულის პირველ - მეოთხე გრადუსში. გავლენა ექნება ოთხივე სტიქიის - ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი - წარმომადგენლებზე, მაგრამ ზოგზე რთული და ზოგზე - მსუბუქი. უფრო რომ დავკონკრეტდე, თუ ტყუპს, ქალწულსა და მშვილდოსანს პირველი - მეოთხე გრადუსები გაგიაქტიურდათ, ხოლო კუროს, ლომსა და მორიელს - 24-30 გრადუსები, უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ სასურველის მისაღწევად, შეიძლება იყოს დაპირისპირება და დაბრკოლება. ხოლო, თუ მზის დაბნელება კირჩხიბისა და მორიელის პირველ - მეოთხე და ტყუპისა და სასწორის 24-30 გრადუსებს შეეხო, უფრო მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ სასურველის მისაღწევად, გამოგიჩნდებათ დახმარება.
მზის დაბნელება და ახალმთვარეობა არის ახლის დასაწყისი, მერწყულში რადგან ხდება, რევოლუციურ ცვლილებებსაც შეიძლება ველოდოთ. იქნება მოულოდნელობები და სიურპრიზები. გარღვევა, ახლის დაწყება, გაოგნება. ის, რაც იყო ადრე, დრომოჭმული უნდა მოიცილოთ ან სამყარო თავისით მოგაცილებთ და ნუ გაუძალიანდებით, რადგან აზრი არა აქვს; მაგას მოგვიანებით მიხვდებით. ზოგიერთს შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულებები. კარგი იქნება თანამოაზრეებთან, მეგობრებთან თანამშრომლობა და ერთად იდეების განხორციელება. გაძლიერდება ინტერესი მომავლის, აიტი - ტექნოლოგიების, ინტერნეტის საქმიანობის მიმართ.
ახალმთვარეობაზე მზეც და მთვარეც მერწყულშია და უპირისპირდება ჯერ კიდევ სტაბილურობის მოყვარულ კუროში მყოფ მერწყულის მმართველს - ურანს. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ახალი დაიწყება რთულად, მძიმედ. უნდა იყოთ კუროსავით ფინანსებსა და სტაბილურობაზე ორიენტირებული და არ გაფლანგოთ დრო, რესურსები. ჩაიხედეთ რუკაში და ნახეთ, რომელ სახლში გეწყებათ მერწყულის ნიშანი, სად ხდება ახალმთვარეობა და მზის დაბნელება, სწორედ ამ სფეროებში გელოდებათ ცვლილებები, სიახლეები და ახლის დაწყება; იყავით მიზანმიმართული და გამოიყენეთ თქვენი ცოდნა-გამოცდილება. ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისით უნდა მოხდეს, თუ დღედაღამ ტახტზე ხართ წამოწოლილი, თავისით არაფერი მოხდება, თქვენ უნდა გააქტიურდეთ! ამასთან, ნუ დაელოდებით, რომ სიახლეები და ცვლილებები 17-ში უნდა მოხდეს. ახალმთვარეობას გავლენა 2 კვირა აქვს, მზის დაბნელებას 6 თვე, მთვარის პირველი დღე ისეთი სუსტია, რომ ძველად ამ დღეს მარხულობდნენ. მთავარია ახალმთავრეობიდან ერთ საათში ჩამოწეროთ მიზანი, სურვილი, რაც გსურთ რომ განახორციელოთ მთვარის ამ თვეში; მომდევნო დაბნელებამდე, ამ წელს.
ნუ მოდუნდებით, 3 მარტს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა გველოდება ქალწულის მე-13 გრადუსში, გააქტიურებული იქნება თევზები - ქალწულის ღერძი.
12 აგვისტო - მზის დაბნელება და ახალმთვარეობა ხდება ლომში, 21-ე გრადუსზე, გააქტიურებულია ლომი - მერწყულის ღერძი.
დაბოლოს, წლის ბოლო მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა გველოდება 28 აგვისტოს თევზებში. გააქტიურებული იქნება თევზები - ქალწულის ღერძი.
როგორც წესი, დაბნელების ორკვირიან პერიოდს დაბნელებების დერეფანს ვეძახით. თუმცა ზოგიერთმა მათი გავლენა შეიძლება რამდენიმე დღით ადრეც კი იგრძნოთ. გირჩევთ, მშვიდად გაიაროთ ეს პერიოდი, დააკვირდეთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში: ვინ მოდის, ვინ მიდის, რა შემოთავაზებებს მიიღებთ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეთ დაბნელებების დერეფნის დახურვიდან რამდენიმე დღეში.
ახლა კი მინიშნება - პროგნოზსაც შემოგთავაზებთ, თუ იცით, სად გეწყებათ პირად რუკაში მერწყული, სადაც 17 თებერვალს ხდება დაბნელება და ახალმთვარეობა, გეცოდინებათ, რომელი სფერო საჭიროებს სიახლეებს:
პირველი სახლი არის: გარეგნობა, სხეული, იმიჯი, დაწყება, საკუთარი თავის გამოვლენა.
მეორე სახლი: რესურსები, ფინანსები, ქონება, კვება, მატერიალური ღირებულებები.
მესამე სახლი: სწავლა, გარემოცვა, კომუნიკაცია, გაჯეტები, მიმოსვლა ახლო მანძილზე, დოკუმენტები და საბუთები, ავტომობილი, და-ძმები, მეზობლები.
მეოთხე სახლი: სახლი, ოჯახი, უძრავი ქონება, უსაფრთხოება.
მეხუთე სახლი: შვილები (შვილიერების თემა), სიყვარული, ფლირტი, გართობა, შემოქმედება, ჰობი, პირადი პროექტები, სცენა.
მეექვსე სახლი: ჯანმრთელობა, სამსახური, ყოველდღიური ვალდებულება, რუტინა, ცხოველები, მზრუნველობა, დამხმარეები, კოლეგები.
მეშვიდე სახლი: პარტნიორი, ურთიერთობა, პარტნიორობა, მტრები, კონკურენტები, პუბლიკა.
მერვე სახლი: კრიზისი, ოპერაცია, რისკი, ვნება, გარდაცვალება, ფინანსები, საბანკო საქმე, სხვისი და საერთო რესურსები, ეზოტერიკა,
მეცხრე სახლი: უცხოეთი და საზღვარგარეთის თემები, მოგზაურობა, უმაღლესი განათლება, მსოფლმხედველობა, იურისპრუდენცია, ავტორიტეტი, მრწამსი.
მეათე სახლი: სოციალური სტატუსი, პროფესია, უფროსები (სამსახურშიც და ოჯახშიც), მიზნის მიღწევა, რეპუტაცია.
მეთერთმეტე სახლი: მეგობრები, თანამოაზრეები, კოლექტივი, მომავლის გეგმა, ჰობი, კოლექტიური პროექტები.
მეთორმეტე სახლი: ქველმოქმედება, დახმარება, თქვენი შინაგანი სამყარო, დასვენება, იზოლაცია, შემოქმედება, დიდი ზომის ცხოველები, ყველაფერი ფარული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სად იმალება შენი ფინანსური კეთილდღეობა: მთავარია, ენდო ინტუიციას...“ - თაკო მელიქიშვილი