Digest Logo

„იწყება ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი, ხილვადი და თავდაჯერების მომტანი იუპიტერის ციკლი...“ - რას წერს ასტროლოგი

1781456973
ასტროლოგია

♃ ♌️💫30 ივნისიდან იწყება ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი, ხილვადი და თავდაჯერების მომტანი იუპიტერის ციკლი, ბოლო 12 წლის განმავლობაში.

იუპიტერი კირჩხიბიდან ლომის ზოდიაქოში გადადის, სადაც ის 2027 წლის ივლისამდე დარჩება. ამიტომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ზრდა, ახალი შესაძლებლობები და გაფართოება ხშირად დაკავშირებული იქნება იმასთან, თუ რამდენად გავბედავთ საკუთარი ნიჭის, უნიკალურობისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას.

ტრადიციულ ასტროლოგიაში იუპიტერი დიდი ბედნიერების პლანეტაა. სიბრძნე, უმაღლესი განათლება, რწმენა, ეთიკა, კანონები, უცხო კულტურა და მოგზაურობა — ეს ყველაფერი იუპიტერის თემებია. ის რუკაში აფართოებს ყველაფერს, რასაც ეხება — იქნება ეს ცოდნა, სტატუსი, ფინანსები, სოციალური თვითრეალიზება თუ შემოქმედებითი თვითგამოვლინება. მისი ბუნების გამო, იუპიტერი ყოველთვის დიდი სურათისკენ არის მიმართული და ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჰორიზონტის, თვალსაწიერისა და შესაძლებლობების გაფართოების სურვილით.

თუმცა თუ ცხოვრების გარემოებები ზრდისა და განვითარების საშუალებას არ იძლევა, იუპიტერი ხშირად თავად ცვლის ამ გარემოებებს ისე, რომ გაფართოება შესაძლებელი გახდეს. ამიტომ მისი გავლენა ყოველთვის დაბრკოლებების გარეშე არ მიმდინარეობს და რიგ შემთხვევებში ის სწორედ გამოწვევების, ცვლილებებისა და ახალი გამოცდილებების მეშვეობით გვაიძულებს გავიზარდოთ.

იუპიტერის ლომში ინგრესია განსაკუთრებით საგრძნობი იქნება, რადგან დახურული და ემოციური წყლის ნიშნიდან ის ცეცხლოვან, ექსპრესიულ ლომში გადადის, რაც ენერგიას ბევრად უფრო ხილულს, აქტიურსა და შემოქმედებითს ხდის. ლომი დაკავშირებულია ინდივიდუალურობასთან, შემოქმედებით პოტენციალთან, ლიდერობასთან და საკუთარი უნიკალურობის გამოვლენასთან. ეს არის ნიშანი, რომელსაც არ სურს უბრალოდ არსებობა, მას სურს საკუთარი სინათლის, კეთილშიბილების, სიდიადის ყველასთვის ჩვენება.

მას სურს შემოქმედება, აღიარება, საკუთარი უნიკალურობის გამოხატვა. ამიტომ იუპიტერი ლომში გვასწავლის, რომ ზრდა ხშირად სწორედ იქ იწყება, სადაც საკუთარ თავს აღარ ვმალავთ. შესაბამისად, იუპიტერის ეს ტრანზიტი გააფართოებს თვითგამოვლინების, ხილვადობის, სიყვარულის, ბავშვების, სცენის, გართობის, შოუების, შემოქმედებითი პროექტებისა და პირადი ნიჭის დემონსტრირების თემებს.

მომდევნო ერთი წლის მთავარი გზავნილია, რომ ზრდა მოვა მაშინ, როდესაც საკუთარი ნიჭის, შემოქმედებისა და უნიკალურობის გამოჩენის აღარ შეგვეშინდება. ლომი ასევე დაკავშირებულია აზარტულ თამაშებთან და რისკთან, ამიტომ ამ სფეროებშიც შეიძლება გაიზარდოს აქტივობა. როგორც ყოველთვის, იუპიტერი მხოლოდ შესაძლებლობებს კლ არ აფართოებს, არამედ ზოგჯერ გადაჭარბების ტენდენციასაც აძლიერებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ზომიერების შენარჩუნება.

♌️♐️♈️ეს ტრანზიტი, პირველ რიგში, ახალ შანსებთან და შესაძლებლობებთან იქნება დაკავშირებული ლომებისთვის. ვისაც იუპიტერი ჰყავს ლომში, მათთვის ეს იქნება იუპიტერის დაბრუნება და ახალი 12-წლიანი ციკლის დასაწყისი. პოზიტიურად აისახება ეს ტრანზიტი სხვა ცეცხლის ნიშნებზეც — ვერძსა და მშვილდოსანზე.

♎️♊️ასევე ჰარმონიულ გავლენას იგრძნობენ და ახალი შესაძლებლობები და გზები გაეხსნებათ ჰაერის ნიშნებსაც — ტყუპებს და სასწორებს.

♒️♉️♏️ეს ტრანზიტი უფრო ინტენსიური და ცვლილებებთან დაკავშირებული კი იქნება ფიქსირებული ნიშნებისთვის — მერწყულის, კუროსა და მორიელისთვის, რადგან მათ ცხოვრებაში გაფართოების პროცესი ხშირად კომფორტის ზონის დატოვებასა და ცვლილებებთან შეგუებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იუპიტერი ყოველთვის ერთნაირად არ მუშაობს.

თუ ნატალურ რუკაში ის ძლიერია, ჰარმონიულად ასპექტირებულია ან გამოკვეთილ როლს ასრულებს, მისი ტრანზიტები ხშირად უფრო თვალსაჩინო და პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. ამასთან, თუ პარალელურად სატურნის, ნეპტუნის, პლუტონის ან ურანის ძლიერი ტრანზიტებიც მიმდინარეობს, იუპიტერის მიერ მოტანილი გაფართოება შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და გარდაქმნების ფონზე განვითარდეს.

♃ 13 დეკემბერს იუპიტერი ლომის 27° გრადუსზე რეტროგრადული ხდება და 2027 წლის 14 აპრილამდე უკუსვლით იმოძრავებს ლომის 17°-მდე. ეს გაახანგრძლივებს მის გავლენას მათთვის, ვისაც ლომის ამ გრადუსებში მნიშვნელოვანი პლანეტები ან წერტილები აქვთ და კიდევ ერთხელ დაგვაბრუნებს იმ შესაძლებლობებთან, მიმართულებებსა და გადაწყვეტილებებთან, რომლებიც ამ ტრანზიტის განმავლობაში გამოიკვეთება.

ცხოვრების რომელ სფეროში მოაქვს იუპიტერს ეს გაფართოება? ამის გასაგებად აუცილებელია ასცენდენტის გათვალისწინება, რადგან სწორედ ის გვიჩვენებს, რუკის რომელ სახლში გადადის იუპიტერი და სად უნდა ველოდოთ ახალი შესაძლებლობების, ზრდისა და გაფართოების პროცესს.

იუპიტერის ეს ტრანზიტი პირველ რიგში გვთხოვს, გამოვიდეთ ჩრდილიდან, გამოვიჩინოთ გაბედულება და სრულად გამოვავლინოთ ჩვენი ნიჭი, უნიკალურობა და შემოქმედებითი პოტენციალი. სწორედ მაშინ, როდესაც საკუთარ სინათლეს აღარ დავმალავთ, იუპიტერი განსაკუთრებით უხვად დაგვასაჩუქრებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ მიმართავენ ფსიქოლოგებს კაცები იმაზე, რაზედაც საზოგადოება დუმს?

„როგორი სიყვარული შეუძლიათ ბავშვებს და ჩვენ რა დოზით უნდა გამოვხატოთ ეს გრძნობა“ - ინგა მამუჩიშვილის განმარტება

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას უმცროსი შვილი დაინიშნა