ჩვენ მიჩვეულები ვართ ფიქრს, რომ „ღალატი მხოლოდ კაცის ფენომენია“, თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური მოცემულობა სულ სხვა სიმართლეს აშიშვლებს: დღეს საქართველოში ქალების მხრიდან ფარული ემოციური თუ ფიზიკური ღალატის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა და ხშირად, ამ რეალობის წინაშე სრულიად მარტო სწორედ კაცები აღმოჩნდებიან ხოლმე.
როგორც ფსიქოლოგი, ვხედავ, რომ ამ თემაზე საუბარი ორმაგად რთულია, რადგან სოციალური წნეხი და კულტურული კოდექსი მამაკაცს კარნახობს, რომ ის ყოველთვის მყარი, უძლეველი და სიტუაციის კონტროლიორი უნდა იყოს.
როცა კაცი ხდება ღალატის მსხვერპლი, მას ორმაგი დარტყმა ხვდება: პირველი უახლოესი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტრავმა და მეორე საზოგადოებრივი სტიგმა, თითქოს „თუ კაცს უღალატეს, ის საკმარისად ძლიერი, მიმზიდველი ან წარმატებული არ იყო“. ეს აიძულებთ მათ, ტკივილი ღრმად ჩაიკლან, არავის გაუზიარონ და იცხოვრონ დანაშაულის უსაფუძვლო განცდით.
წარსულში ბევრი ქალი იძულებული იყო, შეჰგუებოდა ცივ, უსიყვარულო ან დისფუნქციურ ქორწინებას ეკონომიკური დამოკიდებულების, სოციალური სტატუსის ან „ხალხის აზრის“ გამო. დღეს თანამედროვე ქალი რეალიზებული, ფინანსურად დამოუკიდებელი და თვითმყოფადია. ის აღარ თანხმდება მხოლოდ ფორმალურ თანაცხოვრებას. მას სჭირდება რეალური ემოციური კავშირი და თუ ამას ოჯახში წლების განმავლობაში ვერ პოულობს, ძიებას მის ფარგლებს გარეთ იწყებს.
- რას ეძებს ასეთ დროს ქალი?
თუ კაცის ნაბიჯი ხშირად იმპულსურ, ზედაპირულ ან წამიერ ფაქტორებს უკავშირდება, ქალის ღალატი თითქმის ყოველთვის ღრმა ემოციური დეფიციტით იწყება:
„უხილაობა“ წყვილში: ხანგრძლივი უყურადღებობა, პარტნიორის მხრიდან ემოციური სიცივე და განცდა, რომ მას აღარ აღიქვამენ როგორც ქალს.
ფუნქციური პარტნიორობა: როცა ურთიერთობა მხოლოდ საყოფაცხოვრებო მოვალეობებამდე (გადასახადები, ბავშვების მოვლა, რუტინა) დადის და ქრება ინტიმურობა, ვნება და აღფრთოვანება.
ციფრულმა ეპოქამ შეცვალა ურთიერთობების ფორმაც. დღეს შესაძლებელია პარტნიორს ისე უღალატო ემოციურად მიმოწერით, ფარული სიმპათიებით, პარალელური ვირტუალური ცხოვრებით, რომ გვერდით მყოფმა ადამიანმა წლების განმავლობაში ვერაფერი შეამჩნიოს. თუმცა, ეს ფარული კავშირები ოჯახურ კერას ზუსტად ისევე აცარიელებს, როგორც ფიზიკური ნაბიჯი.
ღალატი არ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანის „ბოროტება“ ეს არის იმ სისტემის (წყვილის) კრიზისის სიმპტომი, რომელსაც ორივე ერთად აშენებდა. როდესაც კაცები ამ რეალობის წინაშე დგებიან, მათ ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა, უსაფრთხო სივრცე და პროფესიონალური დახმარება, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ვისი ნდობაც ფეხქვეშ გაითელა.
ტკივილს სქესი არ აქვს.
ხშირად, როცა ქალის ღალატზე ვსაუბრობთ, სოციუმი ცდილობს ამას რაღაც „რომანტიკული“ ან „სასოწარკვეთილი“ ელფერი მისცეს, თითქოს ეს ემოციური დეფიციტის ბრალია. მაგრამ მოდით, პირდაპირ ვთქვათ: დეფიციტი მიზეზია, ღალატი კი არჩევანი და ეს არჩევანი ხშირად ყველაზე მდაბალი ეგოიზმიდან და სიმხდალიდან მოდის.
ზოგჯერ ღალატი უკავშირდება არა კონკრეტულად ქმრის პიროვნებას, არამედ ქალის შინაგან კრიზისს ქალი გრძნობს, რომ ცხოვრება გადის, ის გაიჭედა რუტინაში და კარგავს ახალგაზრდობას. სხვა კაცთან ურთიერთობა მისთვის არის შანსი, თავი ისევ იგრძნოს ცოცხლად, სასურველად, თავისუფლად და გაექცეს იმ ყოველდღიურობას, რომელიც მას თრგუნავს.
თუ კაცმა წარსულში უღალატა ქალს, აწყენინა, მოატყუა ან მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და ეს წყენა არ დამუშავდა, ქალის ქვეცნობიერში გროვდება უზარმაზარი ბრაზი. ქალის ღალატი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს არაცნობიერი (ან გაცნობიერებული) შურისძიება ძალაუფლების ბალანსის აღდგენის და იმ ტკივილის უკან დაბრუნების მცდელობა, რომელიც მან თავად გამოიარა.
როდესაც ურთიერთობაში პრობლემაა, ზრდასრული და მწიფე ადამიანი იწყებს ამაზე საუბარს, ითხოვს დახმარებას, ან, თუ გამოსავალი არ არის, ღირსეულად შორდება. ღალატი კი სიმხდალეა ეს არის მცდელობა, იჯდე ორ სკამზე, შეინარჩუნო ოჯახის კომფორტი, სტატუსი, კაცის რესურსი და პარალელურად, ზურგს უკან საკუთარი სიამოვნება ეძებო.
კაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ ცოლი იმიტომ ღალატობს, რომ რაღაც ვერ შეამჩნიეს. რეალობა ისაა, რომ ქალის ღალატი იშვიათადაა წამიერი აფექტი. ეს არის კარგად დაგეგმილი, სისტემური ტყუილი. ეს არის უნარი მოატყუო ადამიანი, რომელიც გენდობა, საღამოს მასთან ერთად ივახშმო, თვალებში ჩახედო, ბავშვებზე ესაუბრო და პარალელურად სხვა ცხოვრებით ცხოვრობდე. ეს ნდობის ტოტალური გაუფასურებაა.
ეს არის ნარცისული ქცევა, როცა ქალს საკუთარი კომპლექსების დასაძლევად, ახალგაზრდობის დასამტკიცებლად ან უბრალოდ ახალი მუხტისთვის სჭირდება სხვა კაცი. მას არ ადარდებს, რას დაანგრევს, როგორ გადაუვლის ქმრის თავმოყვარეობას და ფსიქიკას, მთავარია მისი წამიერი კომფორტი.
ურთიერთობის კრიზისი ორივეს პასუხისმგებლობაა, მაგრამ ტყუილი, ფარული კავშირები და ღალატი მხოლოდ და მხოლოდ მოღალატის არჩევანი და სინდისის საკითხია. არანაირი გაუცხოება არ ამართლებს იმ ადამიანის განადგურებას, ვინც შენზე ზრუნავს.
დროა, დავასრულოთ საზოგადოების დაყოფა „მუდმივად დამნაშავე კაცებად“ და „მხოლოდ მსხვერპლ ქალებად“. რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია. მხოლოდ მაშინ, როცა შევძლებთ ამ თემაზე გულწრფელად, სტიგმებისა და თავდაცვითი პოზიციების გარეშე საუბარს, შევძლებთ უფრო ჯანსაღი, გაცნობიერებული და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შენებას.
როდესაც ქალი დგამს ამ ნაბიჯს, ნგრევა ხშირად ბევრად უფრო მასშტაბური და სისტემურია, რადგან ტრადიციულად (და ფსიქოლოგიურადაც), ოჯახში ქალი მიჩნეულია იმ „ემოციურ ღერძად“, რომელზედაც მთელი სახლის სტაბილურობა და სიმყუდროვე დგას. მისი წასვლა ამ როლიდან მთელ სტრუქტურას მიწისძვრასავით აზანზარებს.
ოჯახი კაცისთვისაც და შვილებისთვისაც არის „ციხესიმაგრე“, სადაც გარე სამყაროს ქაოსისგან თავს აფარებენ. როცა ეს კედელი შიგნიდან იბზარება, კაცს ეცლება ნიადაგი ფეხქვეშ. ის კარგავს არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ უსაფრთხოების იმ ფუნდამენტს, რომელზედაც თავის მომავალს აშენებდა.
როცა კაცი იგებს ღალატის შესახებ (ან როცა ეს სააშკარაოზე გამოდის), ხშირად ხდება მისი, როგორც ოჯახის ლიდერისა და მფარველის, სიმბოლური „კასტრაცია“. ის საკუთარ თვალშიც და სოციუმის თვალშიც კარგავს ძალაუფლებას, რაც მწვავე დეპრესიისა და აგრესიის მიზეზი ხდება.
ბავშვები ოჯახში მიმდინარე ემოციურ მიკროკლიმატს კანით გრძნობენ, მაშინაც კი, თუ მშობლები ფიქრობენ, რომ „ისინი პატარები არიან და ვერაფერს ხვდებიან“.
ქალის ღალატს შვილების ფსიქიკაზე რამდენიმე მძიმე კვალი ტოვებს: ბავშვისთვის დედა არის პირველი უსაფრთხოების გარანტი ამ სამყაროში. როდესაც ბავშვი (განსაკუთრებით მოზარდობისას) გებულობს დედის საიდუმლოს, მისი სამყარო თავდაყირა დგება. ჩნდება ღრმა იმედგაცრუება, ბრაზი და დანაშაულის განცდა (ბავშვები ქვეცნობიერად ხშირად მშობლების კონფლიქტს საკუთარ თავს აბრალებენ).
ბავშვი, რომელიც ხედავს მშობლებს შორის ნდობის ტოტალურ მსხვრევას, იზრდება იმ რწმენით, რომ „სამყაროში არავის ნდობა არ შეიძლება“ და რომ „სიყვარულს ყოველთვის ტკივილი მოაქვს“.
ბიჭები ხშირად იღებენ ტრავმას, რომელიც მომავალში ქალების მიმართ უნდობლობაში, აგრესიაში ან ურთიერთობების შიშში გადადის. გოგონები კი შესაძლოა არაცნობიერად მოექცნენ „დედის სცენარის“ გავლენის ქვეშ და მომავალში თავადაც გაუჭირდეთ ერთგული პარტნიორობის შენარჩუნება.
ოჯახში ღალატი არასდროს არის ორი ადამიანის საქმე. ეს არის ბომბი, რომლის ნამსხვრევებიც ყველაზე მეტად მათ ხვდებათ, ვისაც ამ პროცესში ხმა საერთოდ არ ჰქონია - შვილებს( აქ სქესს მნიშვნელობა არ აქვს).
კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი და მორალური ზღვარი, რომელიც ხშირად ირევა ხოლმე, ღალატი არის ურთიერთობაში ყოფნისას ნდობის გატეხა.
როდესაც წყვილი ოფიციალურად თუ არაოფიციალურად უკვე დაშორებულია, ქალმა ბევრჯერ გააჟღერა, რომ დაასრულა, კავშირი გაწყვეტილია და თითოეული საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, ახალი ურთიერთობის დაწყება ღალატი აღარ არის. ეს არის ახალი ფურცელი, რეაბილიტაციის გზა და უფლება, ადამიანი ისევ იყოს ბედნიერი.
ნუ ავურევთ წარსულის ტკივილს მომავლის უფლებაში.
ქართულ რეალობაში ხშირად ვაწყდებით ფენომენს, როცა კაცს დაშორების შემდეგაც კი უჭირს ქალის „გაშვება“ და მისი ახალი ურთიერთობა მაინც პიროვნულ შეურაცხყოფად ან „ღალატად“ აღიქმება. ეს ხშირად მესაკუთრული ინსტინქტებისა და იმ სოციალური კოდექსის ბრალია, სადაც კაცის ეგო ებმის ქალის კონტროლს. როცა ურთიერთობა სრულდება, უნდა დასრულდეს ილუზიებიც.
მამაკაცებო, ღალატის მსხვერპლად ყოფნა არ ნიშნავს, რომ თქვენ „ნაკლები კაცები“ ხართ, ან რამე დაგაკლდათ. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ენდეთ მას, ვინც ეს ნდობა ვერ დაიტია. ტკივილისა და ბრაზის განცდა სისუსტე არ არის, ეს თქვენი ადამიანურობის დასტურია. ნამდვილი ძალა არა ემოციების ჩაკვლაში, არამედ იმაშია, რომ ამ დარტყმის შემდეგაც არ დაკარგოთ საკუთარი თავი, ღირსება და მომავლის რწმენა. ცხოვრება ღალატით არ მთავრდება ის ხშირად სწორედ იქიდან იწყება, სადაც ტოქსიკური და ყალბი სრულდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას უმცროსი შვილი დაინიშნა
⭕„მშვენიერი წყვილი, ეს გოგო ანათებს...“ - კონსტანტინე სულამანიძე ორსულ ცოლთან ერთად პოზირებს