ამ კვირაში წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა - 3 მარტის მთვარის სრული დაბნელება გველოდება. ემოციები პიკს მიაღწევს, ძველი ამბები წარსულს ჩაჰბარდება, მნიშვნელოვანი გარდატეხები კი სრულიად მოულოდნელად მოხდება.
ეს კვირა დაბნელების დერეფნის ემოციური კულმინაცია იქნება. თუ გასული კვირა მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი იყო, ახლა მოვლენები გადამწყვეტ ფაზაში შევა. სამშაბათს, 3 მარტს, მთვარის სრული დაბნელების დღეს, გაჭიანურებული საქმეების საბოლოოდ დასრულებისა და მოულოდნელი მიგნებების დროა. ბევრისთვის ემოციური ფონი, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში, მეტისმეტად დამძიმდება. სიტუაციები შეიძლება, უსამართლოდ ან ქაოსურად მოგვეჩვენოს, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: დაბნელება იმას ააშკარავებს, რაც დიდი ხანია მომწიფდა და იმას გვაცილებს, რაც აღარ გვჭირდება.
კვირის მიწურულს (კვირას) პოზიტიურ მუხტსა და სრულ სიცხადეს ვიგრძნობთ. მთავარი რჩევაა - წარსულს ნუ ჩაეჭიდებით. თუ რაიმე სრულდება, გაუშვით, რადგან ეს განახლების ენერგიაა. საკუთარ თავთან მაქსიმალურად გულწრფელი იყავით და ეს დრო არსებული შეცდომების გაანალიზებას დაუთმეთ.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი
კოლეგებთან ურთიერთობის გადახედვა ან სამუშაო განრიგის შეცვლა მოსალოდნელია. თქვენს ოჯახსა და ურთიერთობებს სამყარო მფარველობს, ამიტომ მხარდაჭერა ახლობლებში ეძიეთ. საინტერესო შეხვედრებისა და პაემნისთვის კვირა დღე იდეალურად მიიჩნევა.
კურო
ეს პერიოდი შემოქმედებით მუხტს, სასიყვარულო სფეროსა და შვილებთან ურთიერთობას ააქტიურებს. რომანტიკულ თავგადასავლებში მძაფრი ემოციები ან მოულოდნელი სიახლეებია მოსალოდნელი. იმპულსურ ხარჯებს მაქსიმალურად მოერიდეთ.
ტყუპები
ამ კვირამ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, რემონტი, ნათესავებთან დაკავშირებული სირთულეები ან დოკუმენტაციაში გაურკვევლობა შეიძლება, გამოიწვიოს. კომუნიკაციისა და ხანმოკლე მგზავრობისთვის საუკეთესო პერიოდად კვირა დღე რჩება.
კირჩხიბი
სხვებთან შედარებით, თავს ბევრად თავდაჯერებულად იგრძნობთ. ურთიერთობების, დოკუმენტაციისა და სწავლის სფეროები განსაკუთრებით წინ წამოიწევს. მნიშვნელოვანი ამბის მიღება სავსებით შესაძლებელია.
ლომი
ეს პერიოდი ფინანსურ საკითხებსა და თვითშეფასებას უკავშირდება. მოულოდნელი ხარჯები ან ბიუჯეტის გადახედვაა მოსალოდნელი.
ქალწული
თქვენს ცხოვრებაში პერსონალური ცვლილებების დრო დგება. ახლა თქვენი თვითაღქმა, გარეგნობა ან პირადი პროექტები შეიძლება, შეიცვალოს. ემოციური თვალსაზრისით, ეს პერიოდი რთული იქნება, თუმცა მეგობრებისგან მხარდაჭერას აუცილებლად იპოვით.
სასწორი
ახლა განმარტოებისა და ძველი ციკლების დასრულების დროა. შესაძლოა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი გაგიმძაფრდეთ. ხასიათის ცვალებადობა გამორიცხული არ არის. დასვენებისა და სულიერი პრაქტიკებისთვის ეს პერიოდი იდეალურად ითვლება.
მორიელი
მეგობრებთან და კოლექტივებთან ურთიერთობის გააქტიურების პერიოდია. გარკვეული ჯგუფის დატოვება ან, პირიქით, ახალ საზოგადოებაში გაწევრიანებაა მოსალოდნელი.
მშვილდოსანი
ამ კვირამ სამუშაო ადგილის, თანამდებობის ცვლილება ან ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი შეიძლება, მოგიტანოთ. საკუთარ ინტუიციას აუცილებლად მოუსმინეთ და ბედის ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ.
თხის რქა
მოგზაურობის, განათლებისა და შორეული კავშირების თემები გააქტიურდება, თუმცა შეიძლება, რეისების გაუქმება ან გეგმების გადახედვა მოგიწიოთ. მგზავრობისას დროის ფაქტორი აუცილებლად გაითვალისწინეთ.
მერწყული
ამ კვირაში კრედიტების, გადასახადების ან ძველი ვალების დაბრუნების საკითხები წამოიჭრება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. მოგზაურობისა და კომუნიკაციისთვის ხელსაყრელი დრო დგება.
თევზები
წინა პლანზე პარტნიორული ურთიერთობების ან ქორწინების საკითხი გადმოდის. ამ პერიოდში კავშირები ან ახალ საფეხურზე გადადის, ან საბოლოოდ სრულდება. მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებს არ შეეწინააღმდეგოთ, დინებას მიჰყვეთ და საკუთარ ინტუიციას ენდოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge