Digest Logo

„მკვეთრი, ემოციური დაძაბულობა ნელ-ნელა იკლებს და მის ადგილს იკავებს რბილი, მგრძნობიარე ატმოსფერო“ - ასტროლოგი 21 იანვრის ენერგიებზე

1768983121
ასტროლოგია

ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, 21 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე წერს.

მისი თქმით, 10:50სთ-დან მთვარე თევზების ნიშანში გადადის და დღის ენერგია საგრძნობლად იცვლება. მკვეთრი, ემოციური დაძაბულობა ნელ-ნელა იკლებს და მის ადგილს იკავებს რბილი, მგრძნობიარე ატმოსფერო:

„ოთხშაბათი, 21 იანვარი, ენერგეტიკულად ცვალებადი დღეა. დილა შეიძლება ცოტა დაძაბულად დაიწყოს, რადგან მთვარე ჯერ კიდევ მერწყულის ნიშანშია და კვლავ იგრძნობა მისი დაძაბული კავშირი ურანთან. ეს ფონური მღელვარება შეიძლება გამოიხატოს შინაგანი ქაოსით, მოულოდნელი აზრებით, განწყობის სწრაფი ცვლილებით ან ძლიერი სურვილით, რომ რაღაც ერთ წამში შეიცვალოს. ზოგისთვის ეს იქნება მოუსვენრობა, ზოგისთვის კი გაურკვეველი გაღიზიანება, თითქოს ყველაფერი „არასწორად“ მიდის, თუმცა მიზეზი რთულად საპოვნელია.

ამიტომ დილის საათებში უმჯობესია, თავი შეიკავოთ მკვეთრი რეაქციებისგან. თუ გაგიჩნდათ სურვილი, რაღაც დაასრულოთ, უეცრად დაანგრიოთ ემოციურ ფონზე ან დაუფიქრებლად თქვათ ის, რასაც მოგვიანებით ინანებთ - გააკეთეთ პაუზა. ეს მდგომარეობა დროებითია და შუადღის შემდეგ მნიშვნელოვნად შესუსტდება.

10:50სთ-დან მთვარე თევზების ნიშანში გადადის და დღის ენერგია საგრძნობლად იცვლება. მკვეთრი, ემოციური დაძაბულობა ნელ-ნელა იკლებს და მის ადგილს იკავებს რბილი, მგრძნობიარე ატმოსფერო. თითქოს ლოგიკის მკაცრი ჩარჩოებიდან გადავდივართ ინტუიციის სივრცეში. ამ მომენტიდან უფრო მეტად ვგრძნობთ, ვიდრე ვაანალიზებთ და სწორედ ეს განცდები ხდება მთავარი გზამკვლევი.

თევზების მთვარე აძლიერებს ემპათიას, შთაბეჭდილებების სიღრმეს, სხვისი ემოციების მიმართ მგრძნობელობას. შეიძლება უცნაურად მკაფიო გახდეს შინაგანი ხმები, სიზმრები, სიმბოლური მინიშნებები. დღეს ინტუიციური იმპულსები ბევრად უფრო გასათვალისწინებელია, ვიდრე ცივი ლოგიკური გათვლები.

თევზების ენერგია ვერ იტანს იძულებას. ყველაფერი, რასაც აკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ „ასეა საჭირო“ ან „ვალდებული ვარ“- შეიძლება გაჭიანურდეს. ხოლო ის, რაც კეთდება შინაგანი ნდობით თანხმობით - საოცრად ლაგდება და ბუნებრივად მიდის. სწორედ ასე შეიძლება მოხვდეთ ნაკადში და დღე უფრო ჰარმონიულად გაატაროთ.

ოთხშაბათს განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევს მთვარის შეერთება ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან. ეს დღე იძენს კარმულ ელფერს. ყურადღება მიაქციეთ თითქოს უმნიშვნელო დეტალებს: შემთხვევით ნათქვამ ფრაზებს, განმეორებად ნიშნებს, ძველ მოგონებებს, ადამიანებს, რომლებიც მოულოდნელად ჩნდებიან. ასეთი მომენტები ხშირად მიანიშნებს იმ მიმართულებაზე, სადაც თქვენი გზა გრძელდება. ეს არ ჩათვალოთ უბრალო დამთხვევად- შესაძლოა სწორედ აქ გამოიკვეთოს მნიშვნელოვანი არჩევანის წერტილი.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით დღე სიფრთხილეს მოითხოვს. თევზების მთვარე ნერვულ სისტემას უფრო მგრძნობიარეს ხდის, რის გამოც შესაძლებელია დაღლილობა, ყურადღების გაფანტვა, აპათიური მდგომარეობა ან ცოტა ხნით განმარტოების მოთხოვნილება. ეს სისუსტედ არ ჩათვალოთ - ეს სიგნალია, რომ ორგანიზმს სჭირდება მოდუნება და აღდგენა.

ეცადეთ, დღეს არ გადაიღალოთ. განსაკუთრებით სასარგებლოა ყველაფერი, რაც ამშვიდებს: თბილი წყალი, წყლის პროცედურები, მშვიდი მუსიკა, მედიტაცია, სეირნობა, შემოქმედებითი საქმიანობა. ასეთი ქმედებები ეხმარება ფსიქიკას, გათავისუფლდეს დაგროვილი დაძაბულობისგან.

მთვარის ციკლის მიხედვით, 09:49-დან იწყება მეოთხე მთვარის დღე, რომლის სიმბოლოა: კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე. ეს არჩევანის დღეა - როცა შინაგანად უნდა გავაკეთოთ არჩევანი და შევძლოთ ავირჩიოთ სინათლე, ცნობიერება და სიკეთე. ხშირად სწორედ ამ დღეს იკვეთება გვარისგან მიღებული კარმული სცენარები, წინაპართა ისტორიასთან დაკავშირებული თემები. მოვლენები შეიძლება გეხებოდეს არა მხოლოდ თქვენ პირადად, არამედ ოჯახურ ხაზს, ფესვებს, მემკვიდრეობით პროგრამებს.

ამავდროულად, ეს ძალიან კარგი დროა უარყოფითი საგვარეულო პროგრამების დასასრულებლად, მადლიერების სათქმელად, პატიების და მხარდაჭერის სათხოვნელად თქვენი წინაპარებისგან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ამ დღეს გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი შედეგი - არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ოჯახის მომავალისთვისაც.

როგორც უკვე ვთქვი, ეს პასიური დღეა და გადატვირთვა არ არის სასურველი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოინახულებთ ან მოიკითხავთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს, ან ოჯახთან ერთად გაატარებთ დროს მშვიდად, მოგონებების და ბავშვობის გახსენების ფონზე, დღის ენერგია ჰარმონიულად დაიტვირთება.

ეცადეთ, ოთხშაბათი გაატაროთ მშვიდად, კონფლიქტებისა და დაპირისპირების გარეშე, ამით საფუძველს ჩაუყრით ჰარმონიას არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაში, ის მოიცავს არამედ უფრო ფართო, საგვარეულო მასშტაბებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მიყვარს ჩემი დღე“ - სოფო ბედია 21 იანვარს იუბილარია

⭕რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

⭕როგორ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება სიტყვის დახმარებით - რას გვირჩევს მინეროლოგი