Digest Logo

მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ტრანზიტი: რას მოუტანს მერკურისა და ვენერას შეერთება ზოდიაქოს 12 ნიშანს? ქეთევან ჯანდიერის ასტროპროგნოზი

1791385680
ქეთევან ჯანდიერი

მერკურისა და რეტროგრადული ვენერას შეერთება, 7 ოქტომბერი:

პერიოდის მოქმედება დაახლოებით 3–5 დღე..

მერკურისა და რეტროგრადული ვენერას შეერთებას მორიელის ნიშანში მოაქვს პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით ღრმად გადავაფასებთ გრძნობებს, ფინანსებსა და წარსულ ურთიერთობებს. ახლა ეს ტრანზიტი განსაკუთრებით ძლიერად ეხება ფარულ მოტივებს, გულწრფელ საუბრებსა და ძველი, გადაუჭრელი საკითხების დაბრუნებას.

რას ნიშნავს ეს ტრანზიტი?

მორიელის ენერგია აძლიერებს ვნებას, ეჭვიანობას და სურვილს, ბოლომდე ჩავწვდეთ სიმართლეს პირად ურთიერთობებში.

მერკური გვეხმარება სიტყვებით გამოვხატოთ ის, რასაც ადრე ვდუმდით, ხოლო რეტროგრადული ვენერა ხშირად აბრუნებს ყოფილ პარტნიორებს ან ძველ ფინანსურ ვალდებულებებს. ჩნდება შესაძლებლობა, სხვა თვალით შევხედოთ შემოსავლის ჩვეული წყაროებს, პირად ურთიერთობებსა და იმ ადამიანებსა თუ კავშირებს, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუმცა ამ მომენტში შეერთება დაძაბული ასპექტების პლუტონისა და მარსის კვადრატების გავლენის ქვეშ იმყოფება, ამიტომ ეს პერიოდი შეიძლება დაკავშირებული იყოს ძლიერ კრიზისულ და ტრანსფორმაციულ მოვლენებთან, რომლებიც შეეხება გრძნობებს, კომუნიკაციას, ფინანსებსა და ღირებულებებს.

პლუტონი სიმბოლურად დაკავშირებულია ძველის ნგრევასთან, გაწმენდასა და გარდაქმნასთან. მისი კვადრატი გვაიძულებს ცვლილებებს ზოგჯერ შინაგანი და გარეგანი კონფლიქტების გავლით გავუმკლავდეთ. პლუტონი გვთხოვს გავთავისუფლდეთ იმ კონტაქტებისგან, რომლებიც უკვე ამოწურულია, ტოქსიკური აზრებისა და მოძველებული შეხედულებებისგან, მაშინაც კი, თუ მათთან დამშვიდობება მტკივნეული აღმოჩნდება.

პლუტონი ყველაფერს უკიდურესობამდე აძლიერებს და ზედაპირზე ამოაქვს დამალული წყენა, ეჭვიანობა, შიშები და ძველი ემოციური მიჯაჭვულობები. აი, მარსის კვადრატი კი აძლიერებს დაძაბულობას კომუნიკაციაში, კონფლიქტებს, ფინანსურ დავებსა და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების სურვილს. შესაძლებელია შეფერხებები მგზავრობებში, დოკუმენტებსა და ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით აჩქარებისა და უყურადღებობის გამო.

ვენერა სიყვარულსა და სიმპათიებს მართავს, ხოლო მისი რეტროგრადული მოძრაობა აძლიერებს წარსულში დაბრუნებისა და ძველი მოვლენების გადახედვის სურვილს. ამ პერიოდში შესაძლოა ზედაპირზე ამოვიდეს ძველი წყენა, ეჭვიანობა და მესაკუთრეობის განცდა. თუ ურთიერთობა ამ პერიოდში ძირითადად შიშზე ან სარგებელზე იყო დაფუძნებული, პლუტონის ენერგიამ შესაძლოა მისი დანგრევა გამოიწვიოს.

შესაძლოა დაბრუნდნენ ყოფილი პარტნიორები, თუმცა პლუტონის გავლენის ქვეშ მათი გამოჩენა ხშირად დრამატულ ხასიათს ატარებს.. საბოლოო დაშორებისთვის, ურთიერთობის გარკვევისთვის ან წარსულში დარჩენილი საკითხის დასასრულებლად.

ამ პერიოდში არსებობს საფრთხე, რომ სხვა ადამიანზე მტკივნეული ან ტოქსიკური დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდეს. რაც შეეხება ფინანსებს, ეს პერიოდი არ არის ხელსაყრელი მსხვილი ინვესტიციებისთვის, დიდი შესყიდვებისთვის, ინვესტირებისა და კრედიტების აღებისთვის. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იმპულსურად მიიღება.

კვადრატის გავლენის ქვეშ ექცევა ურთიერთობებისა და აზროვნების ძველი შაბლონებიც, მერკურის სფერო.

შეიძლება რადიკალურად გადააფასოთ, როგორ ურთიერთობთ ადამიანებთან, ვისთან მეგობრობთ და რა არის თქვენთვის რეალურად ღირებული. შესაძლოა გახდეთ განსაკუთრებით უნდობლები, დაიწყოთ ფარული მნიშვნელობების ძებნა იქ, სადაც ისინი რეალურად არ არსებობს, და ჩაიკარგოთ აკვიატებულ ფიქრებში. შესაძლებელია მძიმე კამათები, სხვისი მანიპულაციის აღმოჩენა ან საკუთარი სურვილი, ინტელექტუალური ზეწოლით დათრგუნოთ თანამოსაუბრე.

ამ პერიოდში შესაძლოა გამოვიდეს ზედაპირზე დამალული ინფორმაცია, ტყუილი და საიდუმლოებები… როგორც თქვენი, ისე სხვა ადამიანების.

‼️ მთავარი რეკომენდაციები, რა არ უნდა გააკეთოთ:

არ გაარკვიოთ ურთიერთობები პრინციპით „ერთხელ და სამუდამოდ“. მარსისა და პლუტონის კვადრატი აძლიერებს სასტიკი სიტყვების თქმისა და ერთმანეთისთვის მტკივნეული ადგილის მიყენების სურვილს. მერკური კი ზრდის იმის რისკს, რომ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგონ, ხოლო რეტროგრადული ვენერა ძველ წყენას კიდევ ერთხელ წამოსწევს წინ.

არ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები დაშორებასა და ქორწინებაზე. ემოციები ამ პერიოდში შეიძლება დამახინჯებული იყოს რეტროგრადული ვენერასა და დაძაბული ასპექტების გავლენით. უმჯობესია დაელოდოთ, სანამ ეს ასპექტები დაშორებას დაიწყებს.

არ გააკეთოთ დიდი, სპონტანური შესყიდვები. ვენერა ფინანსებსაც უკავშირდება. პლუტონისა და მარსის გავლენით შეიძლება გაგიჩნდეთ ძლიერი სურვილი, დიდი თანხა დახარჯოთ იმაზე, რაც სინამდვილეში არ გჭირდებათ.

არ შეხვიდეთ ღია კონფლიქტში ხელმძღვანელობასთან ან ავტორიტეტულ პირებთან. პლუტონი ძალაუფლების თემას უკავშირდება. მასთან კვადრატმა შესაძლოა ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება თქვენთვის განსაკუთრებით მძიმე გახადოს.

‼️ რა არის რეკომენდებული:

დაუბრუნდით ძველ ფინანსურ და პირად საკითხებს. მერკურისა და რეტროგრადული ვენერას შეერთება ხელსაყრელი პერიოდია ძველი შეთანხმებების გადასახედად, ვალების დასაბრუნებლად ან პარტნიორთან იმ თემების მშვიდად განსახილველად, რომლებიც აქამდე გადადებული იყო.

გადაამოწმეთ ინფორმაცია და ფაქტები. მარსისა და პლუტონის კვადრატმა შეიძლება მოიტანოს შოკის მომგვრელი ინფორმაცია, ჭორები ან მანიპულაციის მცდელობები.

ნუ დაიჯერებთ ყველაფერს ბრმად და შეინარჩუნეთ ცივი გონება. გადააქციეთ შემოქმედებით ენერგიად ის, რაც გაწუხებთ. ეს შეიძლება ძალიან ძლიერი პერიოდი იყოს ღრმა ხელოვნებისთვის, წერისთვის, ფსიქოანალიზისა და შემოქმედებისთვის. თუ ენერგიას შემოქმედებითად მიმართავთ, განსაკუთრებით ისეთ სფეროში, რომლითაც ადრე დაკავებული იყავით, მაგრამ მიატოვეთ, შესაძლოა ძალიან ძლიერი შედეგი მიიღოთ.

დაიცავით ციფრული და ვერბალური ჰიგიენა. ათამდე დაითვალეთ, სანამ გაბრაზებულ შეტყობინებას ან კომენტარს გაგზავნით. დიდია რისკი, რომ ერთი დაუფიქრებელი სიტყვით შემთხვევით გაამჟღავნოთ სხვისი საიდუმლო ან საკუთარი რეპუტაცია დააზიანოთ.

არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება თანაცხოვრების, დაშორების, განქორწინების, ქორწინების ან დიდი ფინანსური ხარჯების შესახებ.

მოერიდეთ მანიპულაციას და ურთიერთობების გარკვევას აწეული ტონით. ხელმოწერამდე ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია და ფინანსური დოკუმენტი. ნუ ეცდებით შეინარჩუნოთ ის, რაც უკვე მიდის.. ძველი შეხედულებები, ამოწურული ურთიერთობები ან კონტაქტები.

მარსისა და პლუტონის ენერგიას სჭირდება ფიზიკური ან მენტალური გამოსავალი. იმისთვის, რომ ეს ენერგია ავტოაგრესიად ან ყოფით კონფლიქტებად არ გადაიქცეს, გამოიყენეთ:

* ინტენსიური, მაგრამ უსაფრთხო ფიზიკური დატვირთვა;

* სპორტი და სირბილი;

* სახლის დალაგება;

* სუფთა ჰაერზე სეირნობა;

* ფსიქოთერაპია;

* დღიურის წარმოება. ჩამოწერეთ დესტრუქციული ფიქრები ქაღალდზე და შემდეგ გაანადგურეთ.

📌 რომელ სფეროში იმოქმედებს ეს ტრანზიტი თქვენი ზოდიაქოს მიხედვით? (ზუსტი შეერთება ხდება მორიელის 8°-ზე). ნახეთ თქვენი ასცენდენტის ნიშნის მიხედვით!

♈️ ვერძი - მე-8 სახლი სხვისი ფული, კრიზისები, ტრანსფორმაცია, საიდუმლოებები მწვავე საუბრები ვალებზე, კრედიტებზე, გადასახადებზე, მემკვიდრეობაზე ან ალიმენტებზე. შესაძლოა ზედაპირზე ამოვიდეს ღრმა ფსიქოლოგიური ბლოკები, შიშები, ეჭვიანობა და საიდუმლოებები.

♉️ კურო - მე-7 სახლი პარტნიორობა, ქორწინება, ღია მტრები არსებული ურთიერთობების ერთგვარი „სტრეს-ტესტი“. შესაძლოა სერიოზული საუბრები, ფარული წყენის განხილვა და ახალი საზღვრების ჩამოყალიბება როგორც პირად, ისე საქმიან პარტნიორობაში.

♊️ ტყუპები - მე-6 სახლი სამუშაო, ჯანმრთელობა, ყოველდღიური რუტინა სამუშაო პირობებისა და ყოველდღიური ვალდებულებების გადახედვა. შესაძლოა ძველ მკურნალობის მეთოდებთან, ანალიზებთან ან ოდესღაც მიტოვებულ დიეტასა და რეჟიმთან დაბრუნება.

♋️ კირჩხიბი - მე-5 სახლი სიყვარული, შვილები, შემოქმედება, ჰობი შესაძლოა გამოჩნდნენ ყოფილი შეყვარებულები ან დაბრუნდეს წარსული რომანტიკული ურთიერთობების მოგონებები. ძალიან კარგი დროა მიტოვებული შემოქმედებითი პროექტების ან ჰობების აღსადგენად.

♌️ ლომი - მე-4 სახლი ოჯახი, სახლი, უძრავი ქონება, ფესვები შესაძლოა ოჯახური საიდუმლოებების განხილვა ან მშობლებთან და ოჯახთან დაკავშირებულ გადაუჭრელ საკითხებთან დაბრუნება. ასევე შესაფერისი პერიოდია საცხოვრებელთან დაკავშირებული ძველი დოკუმენტების მოსაწესრიგებლად ან სახლში ადრე დაწყებული ცვლილებების დასასრულებლად.

♍️ ქალწული - მე-3 სახლი კომუნიკაცია, ინფორმაცია, ახლო გარემო, მგზავრობები დაბრუნება ძველ მნიშვნელოვან საუბრებთან, წერილებთან ან სწავლასთან. შესაძლოა ძველი ნაცნობების, მეზობლების ან ახლო წრის ადამიანების კვლავ გამოჩენა. ასევე შეიძლება გაირკვეს ძველი გაუგებრობები და ურთიერთობები და-ძმებთან.

♎️ სასწორი - მე-2 სახლი ფული, პირადი რესურსები, ღირებულებები ფინანსების გადახედვის დროა. შესაძლოა გამოვლინდეს ძველი ფინანსური ვალდებულებები, დავიწყებული შემოსავლის წყაროები ან გაჩნდეს საჭიროება, თავიდან შეაფასოთ ხარჯები და ფულის გამომუშავებისადმი დამოკიდებულება.

♏️ მორიელი - 1-ელი სახლი პიროვნება, გარეგნობა, „მე“ საკუთარი იმიჯის, სტილის, კომუნიკაციისა და თვითწარმოჩენის ღრმა გადაფასება. დროა გაიაზროთ, როგორ გხედავენ სხვები და რა ძველი შეცდომების გამოსწორება გსურთ საკუთარ გამოხატვაში.

♐️ მშვილდოსანი - მე-12 სახლი საიდუმლოებები, ქვეცნობიერი, განმარტოება ღრმა შინაგანი მუშაობის პერიოდი. შესაძლოა მნიშვნელოვანი გაცნობიერებები, როდესაც ფარული აზრები, მოტივები და წარსული ფსიქოლოგიური ტრავმები საბოლოოდ გახდება ცნობიერი — შინაგანი დიალოგის, სიზმრებისა და ინტუიციური განცდების მეშვეობით.

♑️ თხის რქა - მე-11 სახლი მეგობრები, თანამოაზრეები, სამომავლო გეგმები მეგობრულ ურთიერთობებსა და სოციალურ წრეში ღირებულებების გადაფასება. შესაძლოა წარსულში მომხდარი გაუგებრობების დაბრუნება მეგობრებთან და ძველი გეგმებისა და სამომავლო იმედების გადახედვა.

♒️ მერწყული - მე-10 სახლი კარიერა, სტატუსი, მიზნები კარიერული მიზნებისა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გადაფასება. შესაძლოა დაბრუნდეს ძველი საქმიანი შეთავაზება, საჭირო გახდეს სამუშაო კონტრაქტების ხელახლა შემოწმება ან წარსულში დაშვებული პროფესიული შეცდომების გამოსწორება.

♓️ თევზები - მე-9 სახლი მსოფლმხედველობა, უმაღლესი განათლება, უცხოეთი ცხოვრებისეული ორიენტირების, შეხედულებებისა და ფილოსოფიის გადაფასება. შესაძლოა დაბრუნება ადრე შეწყვეტილ სწავლასთან, უნივერსიტეტში დაუსრულებელ პროგრამასთან ან უცხოეთში გამგზავრებისთვის საჭირო დოკუმენტების ხელახლა გადამოწმება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კახა ერთდროულად მკაცრიც იყო და უცნაურიც, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხაზით იყო ჩემს ცხოვრებაში“ - ანასტასია ბენდუქიძე მამაზე

🎥 „დედობა აღმოჩნდა ყველაზე რთული საქმე, ხანდახან მავიწყდება ვინ ვარ, აღარ ვითვლი რამდენი თვის ორსული ვარ“ - ანასტასია ბენდუქიძე

⭕ნინი შერმადინმა „რედ როქსის ამფითეატრი“ მოინახულა - მომღერალი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს

✕