Digest Logo

„მნიშვნელოვანია შინაგანი სიჩუმე და ინტუიციის მოსმენა...“ - 18 აგვისტოს ასტროლოგიური ტენდენციები

1787033202
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

18 აგვისტო გვთავაზობს ენერგიულად ძლიერ და პროდუქტიულ დღეს, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელია რთული საკითხების გადასაჭრელად, გადადებული საქმეების დასასრულებლად და ნაბიჯების გადასადგმელად, რომელთა გადადგმისთვის აქამდე საკმარისი გამბედაობა ან შინაგანი ძალა არ გვყოფნიდა.

მთვარის მორიელში გადასვლა დღის ენერგეტიკას სიღრმეს, ინტენსივობასა და მიზანმიმართულობას მატებს. ეს აღარ არის ზედაპირული გადაწყვეტილებებისა და ფორმალური პასუხების დრო - მორიელის ენერგია გვიბიძგებს, მოვლენების არსში ჩავიხედოთ, დავინახოთ დაფარული მიზეზები და ბოლომდე მივყვეთ იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

მორიელის მთვარე აძლიერებს ინტუიციას, ფსიქოლოგიურ მგრძნობელობასა და ადამიანების რეალური მოტივების ამოცნობის უნარს. შეიძლება უფრო ადვილად შევამჩნიოთ ის, რასაც სხვები არ ამბობენ, დავინახოთ სიტუაციის სუსტი წერტილები და უფრო მკაფიოდ ვიგრძნოთ, სად არის პრობლემა სინამდვილეში. ამიტომ 18 აგვისტო განსაკუთრებით კარგია კვლევისთვის, ანალიზისთვის, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, რთული გადაწყვეტილებების მისაღებად და იმ საქმეებისთვის, რომლებიც ზედაპირულ მიდგომას არ ექვემდებარება.

თუმცა დღის დასაწყისი შესაძლოა ემოციურად უფრო დაძაბული იყოს. მთვარესა და რეტროგრადულ პლუტონს შორის დაძაბული ურთიერთქმედებამ შეიძლება გაააქტიუროს ძველი წყენა, ეჭვიანობა, დაკარგვის შიში, კონტროლის სურვილი ან შინაგანი დაძაბულობა.

ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო მოვლენამაც კი შეიძლება არაპროპორციულად ძლიერი რეაქცია გამოიწვიოს.

ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია არ ვიჩქაროთ და ემოციებს მოქმედების უფლება მაშინვე არ მივცეთ. თუ ვინმე ჩვენს „მტკივნეულ ადგილს“ შეეხო, შესაძლოა საქმე მხოლოდ ამ კონკრეტულ ადამიანში ან სიტუაციაში არ იყოს. მისი სიტყვები შეიძლება შეეხოს ძველ განცდას ან მოუშუშებელ თემას, რომელიც დიდი ხანია ჩვენში არსებობს.

ამ თვალსაზრისით, დღის დილის დაძაბულობა შესაძლოა არა მხოლოდ დაბრკოლებად, არამედ მნიშვნელოვან შინაგან მინიშნებადაც იქცეს. ძლიერი რეაქცია გვაჩვენებს, სად გვაქვს ჯერ კიდევ დასამუშავებელი ემოციური საკითხი.

ამიტომ იმის ნაცვლად, რომ მაშინვე სხვას დავადანაშაულოთ ან სიტუაციის კონტროლი ვცადოთ, სასარგებლოა საკუთარ თავს ვკითხოთ: რატომ იმოქმედა ამან ჩემზე ასე ძლიერ? რას შეეხო ეს სიტუაცია ჩემში? რის დაკარგვას ვუფრთხი?

დღის განმავლობაში ეს მძიმე ფონი თანდათან მსუბუქდება და აქტიურდება დღის ერთ-ერთი მთავარი რესურსის - მთვარესა და მარსს შორის ჰარმონიული ასპექტის გავლენით. სწორედ ეს ენერგია გვაძლევს შესაძლებლობას, ემოციური ინტენსივობა კონკრეტულ მოქმედებად გარდავქმნათ. მთვარე დაკავშირებულია ჩვენს ემოციებთან, ინსტინქტებთან და შინაგან რეაქციებთან, მარსი კი ნებასთან, ინიციატივასთან და მოქმედების უნართან. მათი ჰარმონიული ურთიერთქმედება გვაძლევს ძალას არა მხოლოდ განვიცადოთ პრობლემა, არამედ რეალურად დავიწყოთ მისი შეცვლა.

ამიტომ 18 აგვისტო განსაკუთრებით შესაფერისია იმ საქმეებისთვის, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვდებთ გვერდზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ზედმეტად რთულად გვეჩვენება. დღეს გაცილებით ადვილი იქნება პრობლემის სირთულის შიშის გადალახვა, მობილიზება და პირველი ნაბიჯის გადადგმა. ზოგჯერ ყველაზე რთული დაწყებაა. როგორც კი მოქმედებას ვიწყებთ, აღმოჩნდება, რომ ის, რაც თავიდან შეუძლებელი გვეჩვენებოდა, ეტაპობრივად გადასაჭრელი ამოცანა ყოფილა.

დღის ენერგია განსაკუთრებით სასარგებლოა სამუშაოსთვის, ფიზიკური აქტივობისთვის, სპორტისთვის, ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად და ფინანსებთან დაკავშირებული საქმეებისთვის. კარგი დროა ვალებისა და ვალდებულებების მოწესრიგებისთვის, ძველი პრობლემების გამოსასწორებლად, რთული მოლაპარაკებების გასამართად და საკუთარი ინტერესების დასაცავად. თუ რაიმე სიტუაციაში სიმტკიცის, მოთმინებისა და შეუპოვრობის გამოვლენა დაგჭირდებათ, დღის ენერგია ამისთვის საკმარის რესურსს გვაძლევს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალა იმპულსურად არ გამოვიყენოთ. მორიელის ენერგია გვასწავლის სტრატეგიულ მოქმედებას. ის არ გარბის წინ დაუფიქრებლად - აკვირდება, აანალიზებს, ელოდება საჭირო მომენტს და შემდეგ ზუსტად მოქმედებს. ამიტომ დღეს პირდაპირი დაპირისპირების ნაცვლად გაცილებით ეფექტური იქნება გააზრებული, მიზანმიმართული და სტრატეგიული ნაბიჯები. ყოველთვის არ არის საჭირო ძალის დემონსტრირება. ზოგჯერსაუკეთესო სტრატეგია საკუთარი ენერგიის სწორ მომენტამდე შეჩერებაა.

18 აგვისტოს მნიშვნელოვანი თემაა ასევე შინაგანი სიჩუმე და ინტუიციის მოსმენა. დღის პირველ ნახევარში მოქმედებს მეექვსე მთვარის დღის ენერგია, რომლის სიმბოლიკაც დაკავშირებულია ღრუბლებთან, ქარის მსუბუქ ქროლვასა და ზეციურ ფლეიტასთან. ეს არის დღე, როდესაც პასუხები შეიძლება პირდაპირი ფორმით კი არ მოვიდეს, არამედ შემთხვევითი ფრაზის, მუსიკის, საუბრის, ინტუიციური შეგრძნების ან მოულოდნელად გაჩენილი აზრის სახით. ზოგჯერ ის, რაც შემთხვევითობად გვეჩვენება, შეიძლება სწორედ ის მინიშნება აღმოჩნდეს, რომელსაც შინაგანად ველოდით.

ამისთვის კი აუცილებელია საკუთარ თავში სივრცის შექმნა. თუ მთელი დღე მუდმივ ხმაურში, ინფორმაციის ნაკადსა და დაძაბულობაში ვიმყოფებით, ინტუიციური ვიბრაციების მოსმენა რთულდება. ამიტომ დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა მედიტაცია, ლოცვა, სუნთქვითი პრაქტიკები, იოგა ან უბრალოდ გარკვეული დროის გატარება სიჩუმეში. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სუნთქვას. ნელი და გაცნობიერებული სუნთქვა ხელს უწყობს შინაგანი მდგომარეობის დაბალანსებას, დაძაბულობის შემცირებას და საკუთარ თავთან კავშირის აღდგენას.

მეექვსე მთვარის დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა შთაგონებაა. დღეს შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს იდეა, შემოქმედებითი იმპულსი ან ისეთი აზრი, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან მიმართულებად იქცევა. ამიტომ ნუ უგულებელყოფთ იმას, რაც თითქოს უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ. ჩაიწერეთ იდეები, ფრაზები, სიზმრები და ინტუიციური შეგრძნებები. ზოგჯერ დიდი ცვლილების დასაწყისი ძალიან პატარა შინაგანი მინიშნებით მოდის.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიტყვებსაც. მეექვსე მთვარის დღე დაკავშირებულია სიტყვის ენერგიასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რას ვამბობთ საკუთარ თავზე, სხვებზე და მომავალზე. კეთილი სურვილები, მადლიერება, მხარდაჭერა და გულწრფელი სიტყვები დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა. ამავე დროს, უმჯობესია მოვერიდოთ უხეშობას, აგრესიას, უსაფუძვლო ბრალდებებსა და ტყუილს. სიტყვას შეუძლია არა მხოლოდ გამოხატოს ჩვენი მდგომარეობა, არამედ გააძლიეროს კიდეც ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით.

18 აგვისტოს მთავარი ამოცანა ორი განსხვავებული ენერგიის სინთეზია: ერთი მხრივ, მორიელის სიღრმე, სიმტკიცე და გარდაქმნის უნარი, ხოლო მეორე მხრივ, მეექვსე მთვარის დღის სიჩუმე, ინტუიცია და შთაგონება. ეს გვასწავლის, რომ ძალა ყოველთვის ხმამაღალ მოქმედებაში არ გამოიხატება. ზოგჯერ ძალა არის შეჩერება, საკუთარ თავში ჩახედვა, სწორი მომენტის შეგრძნება და მხოლოდ ამის შემდეგ ზუსტი ნაბიჯის გადადგმა.

ამიტომ 18 აგვისტოს ნუ შეგეშინდებათ რთული ამოცანების. ნუ გადადებთ იმას, რაც დიდი ხანია გაწუხებთ. დღეს შეიძლება სწორედ ის შინაგანი რესურსი აღმოაჩინოთ, რომელიც აქამდე არ გქონდათ გაცნობიერებული. გამოიყენეთ დღის ენერგია იმისთვის, რომ დაიწყოთ რთული, დაასრულოთ გადადებული, გამოასწოროთ ძველი საქმეები და გაათავისუფლოთ სივრცე ახლისთვის.

ამ დღის მთავარი გზავნილი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: როდესაც სიტუაციის შეცვლა აღარ შეგვიძლია, ჩვენი ამოცანა საკუთარი თავის შეცვლაა. და ხშირად სწორედ საკუთარი შინაგანი მდგომარეობის შეცვლის შემდეგ იწყებს გარესამყაროც სხვაგვარად რეაგირებას.

დღის ბოლოს კი კარგი იქნება საკუთარ თავს დაუსვათ ერთი მარტივი კითხვა:

„რა არის ის, რასაც დიდი ხანია შეუძლებლად მივიჩნევ, მაგრამ დღეს შემიძლია მისი პირველი ნაბიჯი გადავდგა?“

შესაძლოა პასუხი სწორედ აქ იმალებოდეს - იმ ჩუმ მინიშნებაში, რომელსაც დღეს თქვენი ინტუიცია გიგზავნით.

დღის აფირმაცია:

„მე მესმის მშვიდი ხმა, რომელიც ჭეშმარიტ გზაზე მიმიძღვის. დაე, ცვლილებების ქარმა საუკეთესო და დროული შესაძლებლობები მოიტანოს ჩემს ცხოვრებაში“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვნება პიკს აღწევს...“ - 18 აგვისტოს ასტროპროგნოზი სიყვარულის და ფინანსების მიმართულებით

⭕ „სჯობს სადავეები შენ გეჭიროს, ვიდრე სხვის ეტლში იყო შებმული...“ - რას წერს გია მურღულია

⭕ „სხვის პრობლემებს ნუ აიღებ...“ - 18 აგვისტოს ენერგიები