Digest Logo

„მოაგვარეთ საქმეები, რომლებიც დიდი ხანია გადაწყვეტილებას ელოდება, შექმენით ფინანსური და შინაგანი საყრდენი“ - სექტემბრის ასტროპროგნოზი

1788336808
სექტემბერი სექტემბერი

2026 წლის სექტემბერი: შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება - გამოიყენეთ ეს პერიოდი მაქსიმალურად
სექტემბერი უბრალოდ შემოდგომის დასაწყისი არ არის. ეს არის მნიშვნელოვანი გარდამავალი პერიოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს აგვისტოში დაწყებული პროცესები რეალურ გადაწყვეტილებებად, მოქმედებებად და კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ.

აგვისტო საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა - ცვლილებებით, მოულოდნელი მოვლენებით, ემოციური გარდაქმნებით და დაბნელებების დერეფნით. სექტემბერი კი გვაძლევს შესაძლებლობას, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ, დავაკვირდეთ უკვე მომხდარს და გადავწყვიტოთ, როგორ მომავალს ვირჩევთ. რას ვტოვებთ წარსულში და რა გამოცდილებით და სიბრძნით გადავდივართ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ამ თვალსაზრისით, სექტემბერი ერთგვარი „შესაძლებლობების ფანჯარაა“ - დრო აგვისტოს დაბნელებებსა და ოქტომბერ-ნოემბრის უფრო რთულ რეტროგრადულ პერიოდს შორის. ამიტომ ამ რამდენიმე კვირის სწორად გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

სექტემბერში მთავარი აქცენტი იმ საკითხების გამყარებაზე უნდა გადაიტანოთ, რაც თქვენთვის მართლაც ძვირფასია. ეს თვე საუკეთესო დროა ფინანსური სტაბილურობისა და შინაგანი განახლებისთვის, დაგროვილი ვალდებულებების მოსაწესრიგებლად და რთული ორგანიზაციული თუ იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად. რაც მთავარია, დაუთმეთ დრო იმ ურთიერთობების აღდგენას, რომლებიც თქვენთვის კვლავ მნიშვნელოვანია.

თუ დიდი ხანია ფიქრობთ მნიშვნელოვან პროექტზე, ახალ სამსახურზე, სწავლაზე ან ცხოვრებისეულ ცვლილებებზე, სექტემბერი ამისთვის ბევრად უკეთესი დროა, ვიდრე ოქტომბერი და ნოემბრის პირველი ნახევარი.

ამ თვის მთავარი ამოცანა ახალი შოკებისა და მოულოდნელობების მოლოდინი კი არ არის, არამედ იმ შესაძლებლობების სწორად გამოყენება, რომლებიც აგვისტომ უკვე მოგიტანათ. ახლა საუკეთესო მომენტია რეალობას თვალი გაუსწოროთ, გამოასწოროთ სუსტი წერტილები, გააძლიეროთ თქვენი პოტენციალი და დაუსვათ წერტილი იმას, რაც დიდი ხანია დასრულებას ითხოვს.

სექტემბრის პირველი ნახევარი ქალწულის სეზონს ემთხვევა და მისი ენერგიაც სწორედ ამას მოითხოვს - ნაკლები ხმამაღალი სიტყვები და მეტი კონკრეტული საქმე.

ქალწულის მთავარი პრინციპია: თუ გინდა რაღაც შეიცვალოს, შექმენი მისი შეცვლის მექანიზმი.

ამიტომ, უბრალო ფრაზა „მინდა ცხოვრება შევცვალო“ სექტემბერში აღარ იმუშავებს. ახლა ზუსტად უნდა განსაზღვროთ, რა გსურთ და კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ ამისთვის.

თუ ახალი სამსახური გსურთ - მოაწესრიგეთ რეზიუმე, დოკუმენტები და პროფესიული უნარები. თუ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გადაწყვიტეთ - შეცვალეთ რეჟიმი, ძილი, კვება, ფიზიკური აქტივობა ან ჩანიშნეთ საჭირო გამოკვლევები. თუ ახალი საქმის დაწყება გსურთ - შექმენით გეგმა, განსაზღვრეთ რესურსები და დაიწყეთ პირველი რეალური ნაბიჯის გადადგმა.

თვის პირველი დეკადა, დაახლოებით 1-10 სექტემბერი, შესაძლოა გარკვეულწილად მძიმე აღმოჩნდეს, რადგან აგვისტოდან გადმოსული დაძაბული ასპექტები ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძალას. განსაკუთრებით პირველ დღეებში, შესაძლოა გაგიჩნდეთ განცდა, რომ უზომო ენერგიას ხარჯავთ, შედეგი კი იგვიანებს. მოემზადეთ იმისთვის, რომ შესაძლოა შეიცვალოს გეგმები, გადაიწიოს ვადებმა, ან შეფერხდეს ტექნიკა და კომუნიკაცია. დაიმახსოვრეთ - ნუ ეცდებით სიტუაციის ძალით მართვას.

რაც უფრო მეტად შეეწინააღმდეგებით მოვლენებს, მით უფრო მტკივნეულად იგრძნობთ უკუქმედებას. თუ ხედავთ, რომ რაღაც არ გამოდის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მიზანია არასწორი. შესაძლოა, უბრალოდ მოქმედების ტაქტიკის ან მეთოდის შეცვლის დროა.

ამასთანავე, სექტემბრის დასაწყისს მძლავრი კოსმოსური მხარდაჭერაც აქვს: 1 სექტემბერს იუპიტერისა და სატურნის ჰარმონიული ასპექტი დაზუსტდა. იუპიტერი დიდ მიზნებს, გაფართოებას, განათლებასა და ზრდას განასახიერებს, სატურნი კი - სტრუქტურას, პასუხისმგებლობას, დისციპლინასა და გრძელვადიან შედეგებს. მათი თანამშრომლობა უნიკალურ შანსს გვაძლევს, დიდი იდეები მხოლოდ ოცნებად არ დავტოვოთ და მათთვის მყარი, რეალური საფუძველი შევქმნათ.

სწორედ ამიტომ, სექტემბრის დასაწყისი საუკეთესო დროა კარიერული სტრატეგიის შესაქმნელად, პროფესიული პოზიციების გასამყარებლად, მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად თუ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ეს პერიოდი ასევე ხელსაყრელია იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად და მსხვილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის. შესაძლოა, ყოველდღიურობაში მცირე სირთულეები წამოიჭრას, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივა ამ თვეში საოცრად საინტერესოა. გახსოვდეთ: ნებისმიერი დაბრკოლება ახლა ნიშნავს არა იმას, რომ „ეს შეუძლებელია“, არამედ იმას, რომ -„უბრალოდ სხვაგვარად უნდა იმოქმედოთ“.

ამასთანავე, 8-12 სექტემბერს განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ურანის სტაციონარულ პერიოდთან. 10 სექტემბერს პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და ეს ფაზა მომავალი წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდება. ურანის ეს შემობრუნება აუცილებლად აიძულებს ბევრს, გადახედოს უკვე დაწყებულ ცვლილებებს და მოულოდნელი კორექტივები შეიტანოს გრძელვადიან გეგმებში.

პლანეტის სტაციონარულ დღეებში მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ მგზავრობისას, ტექნიკასთან, ინტერნეტთან და კომუნიკაციებთან ურთიერთობისას. თუ შესაძლებელია, ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან მგზავრობებსა და გადაფრენებს სწორედ ამ მონაკვეთში, როდესაც გაუთვალისწინებელი ტექნიკური თუ სატრანსპორტო შეფერხებების ალბათობა პიკს აღწევს.

10 სექტემბერი გარდამავალი დღეა - მთვარის თვის ბოლო დღეა და ამავე პერიოდში ვენერა და მერკური ნიშანს იცვლიან. ამიტომ უმჯობესია ამ დღეს ზედმეტი აქტიურობისგან თავი შეიკავოთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები და არ იჩქაროთ ახალი გადაწყვეტილებების მიღება.

11 სექტემბრიდან თვის ენერგია მნიშვნელოვნად იცვლება.

11 სექტემბერს ქალწულის ნიშანში ახალი მთვარე დგება და ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია იმ მიზნებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაოსთან, ჯანმრთელობასთან, ყოველდღიურ რეჟიმთან, ორგანიზებასა და ცხოვრების პრაქტიკულ მხარესთან.

განსაკუთრებით პროდუქტიულია 11-14 სექტემბრის პერიოდი. ეს დღეები ხელსაყრელია სამუშაო პროცესების მოწესრიგებისთვის, ცხოვრების წესის შესაცვლელად, შეცდომების გამოსასწორებლად, სივრცის დასალაგებლად და პრაქტიკული პროექტების დასაწყებად.

ქალწულის ახალი მთვარე დიდ რევოლუციას არ ითხოვს. მისი მთავარი წესია: შეცვალეთ მხოლოდ ერთი კონკრეტული დეტალი, მაგრამ შეცვალეთ იგი რეალურად, საფუძვლიანად და ბოლომდე.

ამავე პერიოდში აქტიურდება ურთიერთობების, ფინანსების, ყიდვა-გაყიდვის, შენაძენების, გარეგნობისა და პირადი ღირებულებების თემები. 10 სექტემბერს ვენერას მორიელში გადასვლა ამ საკითხებს უფრო ღრმა და სერიოზულ ხასიათს ანიჭებს.

თუ დიდი ხანია გეგმავთ ურთიერთობის გაოფიციალურებას, მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხის მოგვარებას, მსხვილი შენაძენების განხორციელებას ან სერიოზულ ცვლილებას გარეგნობასთან დაკავშირებით, უმჯობესია ამ საკითხებს 11 სექტემბრის ახალი მთვარის შემდეგ მიხედოთ.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ 3 ოქტომბერს ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. შესაბამისად, ურთიერთობებთან, ფინანსებთან, ღირებულებებთან და გარეგნობასთან დაკავშირებული თემები შემოდგომის შემდეგ ეტაპზე უფრო მეტ კორექტირებას მოითხოვს.

21 სექტემბრიდან კოსმოსური განწყობა საგრძნობლად იცვლება და უფრო ინტენსიური ხდება. მზე სასწორის ნიშანში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი ყურადღება ურთიერთობებზე, პარტნიორობაზე, კომპრომისებსა და ბალანსის ძიებაზე გადაინაცვლებს. ამავდროულად, ვენერა ნელ-ნელა უახლოვდება რეტროგრადულ ფაზას - ეს კი პირად ურთიერთობებსა და ფინანსურ თემებს ბევრად უფრო მგრძნობიარეს გახდის.

23-28 სექტემბერს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ურთიერთობებში. ვენერას, ქირონისა და პლუტონის დაძაბულმა კონფიგურაციამ შეიძლება ზედაპირზე ამოიტანოს ძველი წყენა, ეჭვიანობა, კონტროლის სურვილი, დაკარგვის შიში ან ის საკითხები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩახშობილი.

მსგავსი დაძაბულობა შეიძლება ფინანსურ სფეროშიც გამოვლინდეს - საკუთრების, ვალების, ფასების, ფინანსური პასუხისმგებლობისა და საერთო რესურსების საკითხებში.

ამიტომ მნიშვნელოვანი ფინანსური და პარტნიორული გადაწყვეტილებების ძირითადი ნაწილი უმჯობესია თვის მეორე დეკადაში მოაგვაროთ.

24 სექტემბრიდან კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი ერთვება - მარსი. წარმოიქმნება დაძაბული კონფიგურაცია მარსის, პლუტონისა და ქირონის მონაწილეობით. ეს ენერგია კონფლიქტის, ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და გავლენის გადანაწილების სურვილს აძლიერებს.

შეიძლება გაჩნდეს სიტუაციები, როდესაც ვიღაც ცდილობს საკუთარი გადაწყვეტილება თავს მოგახვიოთ, თქვენ კი საკუთარი საზღვრების დაცვა მოგიწიოთ. ასევე შესაძლებელია ძველი კონფლიქტების გამწვავება.

ამ პერიოდში ყველაზე სწორი სტრატეგია ძალისმიერი ბრძოლებისგან თავის შეკავებაა. ნუ ეცდებით ყველასთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, ნუ გამოიწვევთ ადამიანებს, რომლებზეც გარკვეულწილად ხართ დამოკიდებული და განსაკუთრებით ნუ ჩაერთვებით სხვის კონფლიქტებში.

26 სექტემბრის სავსე მთვარე წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სავსე მთვარე იქნება. მას შეუძლია ზედაპირზე ამოიტანოს ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა. ემოციური დაძაბულობა, მნიშვნელოვანი განცხადებები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები ან მანიპულაციური ქცევა ამ პერიოდში უფრო მკაფიოდ გამოვლინდება.

პირად ცხოვრებაში ამ პერიოდმა შესაძლოა დაამსხვრიოს იდეალიზებული წარმოდგენები და აგიხილოთ თვალი, რათა პარტნიორს ან თავად ურთიერთობას ბევრად უფრო რეალისტურად შეხედოთ. ზოგისთვის ეს მტკივნეული იმედგაცრუება იქნება, ზოგისთვის კი - უმნიშვნელოვანესი გათავისუფლება დამღლელი ილუზიებისგან.

29 სექტემბერი თვის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დღეა. მარსი ლომში გადავა, მერკური კი მორიელში და ამ ფონზე ჩამოყალიბდება დიდი ჯვრის კონფიგურაცია - ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ასტროლოგიური ფიგურა.

მისი გამოვლინება შეიძლება იყოს ინტერესთა მკვეთრი შეჯახება, რთული არჩევანის აუცილებლობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა ან წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებთან დაპირისპირება.
შესაძლოა აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომლის გადადებაც უკვე შეუძლებელია. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ გახდეთ სხვისი თამაშის ინსტრუმენტი.

24 სექტემბრის შემდეგ მაქსიმალურად შეამცირეთ იმპულსური მოქმედებები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გადაამოწმეთ ინფორმაცია, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს გაბრაზების, შიშის ან წყენის მდგომარეობაში და თავი აარიდეთ ზედმეტ რისკს.

თვის ბოლოს დაწყებული დიდი ჯვრის ენერგია ოქტომბერშიც გადაგვყვება, ამიტომ სექტემბრის ბოლო დღეებში წარმოქმნილი ზოგიერთი სიტუაციის სრული სურათი შესაძლოა მოგვიანებით, უკვე ოქტომბერში, უფრო ნათელი გახდეს.

საბოლოო ჯამში, 2026 წლის სექტემბერი არის პერიოდი, როდესაც თითქმის ყველაფერი ჩვენს პირად გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

აგვისტომ შესაძლოა რადიკალურად შეცვალა გარემოებები - რაღაც კარი დახურა, ახალი პერსპექტივები გააჩინა ან უბრალოდ გვაიძულა, თვალი გაგვესწორებინა იმ პრობლემებისთვის, რომლებსაც აქამდე თავს ვარიდებდით.
სექტემბერი კი გვაძლევს ძვირფას დროს, რათა გავიაზროთ მომხდარი, დავინახოთ ამ ცვლილებების რეალური აზრი და უკვე არსებული შესაძლებლობებით ჩვენივე მომავალი ავაშენოთ.

ამ თვის მთავარი საჩუქარი სწორედ დროა - ჩვენ გვაქვს რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ ის საქმეები, რომლებიც მომავალში გაცილებით რთული მოსაგვარებელი გახდება, ამიტომ გამოიყენეთ სექტემბერი მაქსიმალურად: მოაგვარეთ ის საქმეები, რომლებიც დიდი ხანია გადაწყვეტილებას ელოდება, შექმენით ფინანსური და შინაგანი საყრდენი, გაამყარეთ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, დაასრულეთ ზედმეტი კონფლიქტები, მოაწესრიგეთ სამუშაო სივრცე და ყოველდღიური ცხოვრება და რაც მთავარია - შექმენით საფუძველი იმ პროექტებისთვის, რომელთა განხორციელებაც მომავალში ნამდვილად გსურთ.

იუპიტერისა და სატურნის ჰარმონიული კავშირი გვახსენებს, რომ დიდი მიზნები მხოლოდ მაშინ იქცევა რეალობად, როდესაც ოცნებას მკაფიო სტრუქტურას ვუქმნით.

სექტემბრის მთავარი გზავნილიც ეს არის: ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს. გამოიყენეთ ის შანსები, რომლებიც უკვე თქვენს წინაშეა, იმოქმედეთ გონივრულად და თანმიმდევრულად, და ის ცვლილებები, რომლებიც აგვისტოში დაიწყო, ნელ-ნელა თქვენს ახალ რეალობად გარდაიქმნება.

სექტემბერი გვაძლევს შანსს, ქაოსიდან სტრუქტურა შევქმნათ, ცვლილებებიდან მიმართულება დავინახოთ და მომავლისთვის მყარი საფუძველი შევქმნათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„იუბილეს დაუმთხვია შეფმა, ბედნიერები იყავით მუდამ...“ - ლევან კობიაშვილმა და ნინა ილურიძემ ჯვარი დაიწერეს

„ვეღარ მხედავდა, ლილი მოვიდაო? უხმოდ თქვა, მაგრამ გავიგონე, მივხვდი, დედამ მოაკითხა და მე ზედმეტი ვიყავი“ - მანანა მენაბდეს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

„ნუ ეცდებით ეშმაკობას, წყენის გამო განზრახ დუმილს ან ადამიანით მანიპულირებას“ - თაკო მელიქიშვილი 2 სექტემბრის ენერგიებზე