Digest Logo

„ვეღარ მხედავდა, ლილი მოვიდაო? უხმოდ თქვა, მაგრამ გავიგონე, მივხვდი, დედამ მოაკითხა და მე ზედმეტი ვიყავი“ - მანანა მენაბდეს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

1788334448
განო მელითაური

2025 წლის 1-ელ სექტემბერს 76 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე გარდაიცვალა.

2025 წელს მას საქართველოში პანკრეასის ადენოკარცინომა დაუდგინეს. ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა, მკურნალობის ხარჯები საქართველოს მთავრობამ, კულტურის სამინისტრომ, თბილისის მერიამ და პრემიერ-მინისტრმა დააფინანსა.

გარდა ამისა, მანანა მენაბდეს ფინანსურად მხარში მოქალაქეებიც ამოუდგნენ. 

იგი გასული წლის 4 სექტემბერს უკანასკნელ გზაზე, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრიდან გააცილეს. 

მანანა მენაბდეს სოციალურ ქსელში განო მელითაური იხსენებს და „ფეისბუკზე“ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„2 სექტემბერს შავმა მარგალიტმა დატოვა დედამიწა.

ბოლო დღეს, საჭმელს ვერ იღებდა, მხოლოდ ყურძენი ითხოვა.. ზალიკომ და განუმ გაუჩინეს არსაიდან.. კატო გაშეშებული სახით იჯდა აივანზე, მამაჩემი, დედაჩემი, ლენა, ბროკაჩო ლანდებივით ირეოდნენ იმ პატარა სახლში...

ყველა ჩუმად იყო და ყველა მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა - არ ეტკინოს... შუაღამეს რომ გადასცდა, სიმწრისგან სხეულს გავერიდე - თითქოს გარედან ვუყურებდი მანანას აივანს და ჩემს თავს ვუთხარი - დილას მანანა თავისუფალი უნდა იყოს -მეთქი...

იწვა მედიდურად, ვერაფრით შეატყობდი განსაცდელს... მიყვარხარ -მეთქი, უკვე ვეღარ მხედავდა
ლილი მოვიდაო? - უხმოდ თქვა, მაგრამ გავიგონე, მივხვდი დედამ მოაკითხა და მე ზედმეტი ვიყავი.

დილას თავისუფალი იქნება! ჯანმრთელი! მერე ასი წელი გავა... ლონდონშიც წავალთ, დიდ ტურს მოვაწყობთ მათთვის, ვინც თანხა ჩაურიცხა..

მანანას ბოლოს საუბარი უჭირდა.... ჩემს მეუღლესთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა, ბროს ეძახდა, რომელსაც იუბილე 26 აგვისტოს აქვს. ბოლო 10 წელიწადში მისი მოლოცვა-დალოცვის გარეშე ცხადია ამ დღეს არ ჩაუვლია. 25-ში საღამოს „ვოთსაფით“ მომწერა გვერდითა ოთახიდან შენ და ბრო სანამ არ მოგწერთ, არ მოხვიდეთო. დილას სამჯერ გადამამოწმა. ძალიან შემეშინდა... რა აღარ ვიფიქრე...

როცა ავედით, შესასვლელში ჩემს სიმაღლე თაიგული დავინახე - ეს შენთვის არისო. შიგნით ბროს საჩუქარი ედო საწოლზე.. მერე ცრემლი ჩამოუგორდა ორივეს.... განა არ იცოდა, რომ საჩუქრის გარეშეც, რამხელა მადლიერება ჰქონდა მანანას მის მიმართ, მთელი თურქეთის და ამ კოშმარული ორთაბრძოლის ფრონტზე, ხელით რომ აჭმევდა თავის სანუკვარ მეგობარს.

განა არ იცოდა? მაგრამ არა! მისი ჩვეული დიდებულებით ფიზიკურად აჩვენა დავრდომილსაც არ უნდა დაგვავიწყდეს მადლობაო! შემძრა მისმა თავდადებამ! მისმა ზრუნვამ. სიცოცხლის ბოლო დღეებში მისმა ამ სათუთმა დამოკიდებულებამ!

დღემდე შეძრული ვარ! საკუთარი თამასა არასოდეს დაუწევია! 6 დღეში გადაინაცვლა სასუფეველში... 

არწივივით იყო...ამაყი, ღირსეული და საოცარი!

3 მაისს რენე ბიძიამ - ( ასე ეძახდა მეოთხე შვილიშვილს - ჩემს უმცროს ბიჭუნას ) ოქროს მონეტა აუტანა. 6 წლის რომ გახდა ტასომ ოქროს ყუთი გაუკეთა მუყაოსგან ძამიკოს.. ცხადია, წვეულების სიტუაცია არ გვქონდა და პატარა სიმბოლური დღესასწაული მოვუწყეთ ...

ანთებული თვალებით ირბინა რენემ ვაკის პარკში აგურისფერ მიწაზე, მწვანე სკამების ქვეშაც შეძვრა და ბოლოს მიაგნო ყუთს...

ჰოდა გაუხარდა და სურვილი ჩაუთქვა... მერე უცებ მოგვიტრიალდა და მანანასთან ამიყვანეთო...

როცა ავედით, შევიდა მასთან ოთახში, საწოლზე ჩამოუჯდა და ყველაზე დიდი ოქროს მუყაოს მონეტა მიაწოდა - ჯადოსნურია და სურვილს აგისრულებსო.

ყველამ დავხუჭეთ თვალები და მასთან ერთად ჩავიფიქრეთ... სასწაული არ მოხდა, მაგრამ ეს წამები არასოდეს დამავიწყდება! საფულეში ედო, ბოლო დღემდე რენეს მონეტა ჩემს სანუკვარ გოგოს, სასთუმალთან... სჯეროდა მართლა...

მასში არ იყო ერთი მისხალი ბოროტება! ან სიყალბე! ნათელი იყო, გულწრფელი და არწივივით მედიდური!

1 წელი გავიდა......

მენატრება ჩემი შეგნებული ცხოვრების მთავარი გულშემატკივარი და თანამდგომი! საუკეთესო მეგობარი ჭირის და ლხინის თანაბრად მოზიარე!

ცალკე წიგნი დაიწერება რა ამაგი ჰქონდა დედაჩემზე, მამაჩემზე და მამაჩემის მთელს უმამოდ დარჩენილ 3 თაობა ოჯახობაზე... ბნელ 90-იანებში რა რუდუნებით აგზავნიდა კვიპაროსებისოდენა ტომრებს სამოსით, საჭმლით, სათამაშოებით დახუნძლულს 12 კაციანი ოჯახისთვის, რათა გვქონოდა ფერადი ბავშვობა...შეკოწიწებულს, თვეობით სიცივეში რომ უკრავდა. ზოგჯერ თოვლში და წვიმაში ბერლინის ქუჩებში ,ზოგჯერ სხვადასხვა დიდ სცენაზე...

საღამოს იგავებს წერდა ან თარგმნიდა, ან შაბათ-კვირას დიდ თიხის ბაზრობებზე გერმანელ. მეგობართან ერთად ხელით მოხატულ კერამიკას ასხვისებდა... ბუმბერაზი მანანა მენაბდე! მუქ ტვიდის პალტოში და ღვინისფერ შარფში, იმ სუნით, დღესაც რომ არ მტოვებს. იმ გულუბრყვილობით, ბერლინის ნაცრისფერ ქუჩებში ველოსიპედზე ამხედრებულს რომ დამსდევდა არ გადმოვარდესო.....

როგორი რუდუნებით ეკიდებოდა მეგობრების საქმეებს და საჭიროებებს...როგორ უხაროდა თქვენი ყველას კარგი!

როგორ ლოცავდა და ჰპატიობდა ბოროტ ადამიანებს.. .ერთხელ, მომიად ნაგროვები კლიპის ფული მოჰპარეს თბილისში ჩამოსულს, რაც ის ქურდი ლოცა ალბათ, ჩემზე მეტად სჭირდებოდაო, არ თამაშობდა, ასეთი იყო მართლა!

სასწაული ვერ მოხდა... ვერ მოხდა მისი დარჩენით დედამიწაზე... მაგრამ, სასწაული მოხდა მანანას წასვლისას! მან სული განუტევა აბსოლუტურ სიმშვიდესა და ჰარმონიაში!

წლები გავა... გავხსნით მუზეუმს მის სახელზე, მოვაწყობთ გამოფენებს, დავბეჭდავთ წიგნებს, რომლებიც დაიმტვერება, მაგრამ თაობიდან თაობამდე შემორჩება სიკეთეები და ბგერები, რაც ქვეყანას და ადამიანებს უსახსოვრა!

მანანა მენაბდეს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში! ყველაზე ქარიზმატულს, ყველაზე ცოცხალს და ნამდვილს! განუმეორებელს და ჩემთვის ყველაზე სანუკვარს!“, - წერს განო მელითაური. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნუ ეცდებით ეშმაკობას, წყენის გამო განზრახ დუმილს ან ადამიანით მანიპულირებას“ - თაკო მელიქიშვილი 2 სექტემბრის ენერგიებზე

„სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, არ იჩქაროთ და დაწყებული საქმეები დაასრულეთ“ - სექტემბრის ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან

„აქტუალურია 12-25 სექტემბრის ჩათვლით“ - ფულის რიტუალი მარილზე