იუპიტერი ლომში ასცენდენტის მიხედვით — ცხოვრების რომელ სფეროში მოგიტანთ ზრდას, ახალ შესაძლებლობებსა და გაფართოებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში?
პირველ ნაწილში ვისაუბრე იმაზე, თუ რას ნიშნავს იუპიტერის ლომში გადასვლა ზოგად ასტროლოგიურ ფონზე. თუმცა თითოეული ჩვენგანი ამ ტრანზიტს განსხვავებულად განიცდის, რადგან იუპიტერი ყველას რუკაში ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ააქტიურებს.
იუპიტერი აფართოებს იმ ცხოვრების სფეროს, რომელ სახლშიც გადაადგილდება და სწორედ იქ მოაქვს ახალი შესაძლებლობები, ზრდა და განვითარება. ამიტომ მისი გავლენის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანია ასცენდენტის გათვალისწინება.
შესაბამისად, ამ ანალიზს ვკითხულობთ ჩვენი ასცენდენტის ნიშნის მიხედვით.
როგორ გავიგოთ სად გვყავს ასცენდენტი? ამისთვის საჭიროა დაბადების ზუსტი დრო, რის საფუძველზეც ვადგენთ ნატალურ რუკას. შემდეგ ვუყურებთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანი ხვდება პირველი სახლის კუსპიდზე — სწორედ ეს ნიშანია ჩვენი ასცენდენტი.
გასათვალისწინებელია, რომ ეს მიმოხილვა ზოგად ხასიათს ატარებს და გვიჩვენებს, ცხოვრების რომელ სფეროში შეიძლება გამოვლინდეს იუპიტერის გაფართოების პრინციპი. საბოლოო სურათს კი მნიშვნელოვნად ცვლის ის, თუ რა ასპექტებს ქმნის ტრანზიტული იუპიტერი ნატალურ პლანეტებთან, როგორია მისი მდგომარეობა ნატალურ რუკაში და კონკრეტულად როდის აქტიურდება ეს ტრანზიტი პირად რუკაში. მაგალითად, თუ ნატალური მზე ან სხვა მნიშვნელოვანი პლანეტა ლომის ზოდიაქოს საწყის გრადუსებში მდებარეობს, ტრანზიტი იუპიტერის ლომში გადასვლისთანავე უფრო მკვეთრად იგრძნობა.
ვერძის ასცენდენტისთვის იუპიტერი მეხუთე სახლში გადადის. მომდევნო ერთი წელი შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალ სასიყვარულო ურთიერთობებთან, შვილებთან, სპორტთან, გართობასთან და შემოქმედებით თვითგამოხატვასთან. ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ტრანზიტია, როდესაც ადამიანი უფრო თამამად ავლენს საკუთარ შემოქმედებით ნიჭს და საკუთარი თავის წარმოჩენას აღარ ერიდება. აქტიურდება სიყვარულის, რეკრეაციისა და შემოქმედებითი პროექტების თემებიც. ეს ხელსაყრელი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის და პირადი ბრენდის გასაძლიერებლად.
კუროს ასცენდენტისთვის იუპიტერი მეოთხე სახლში გადადის და აფართოებს ოჯახის, საცხოვრებლის, უძრავი ქონებისა და ფესვების თემებს. ხშირად ასეთ პერიოდში ადამიანები იცვლიან საცხოვრებელს, იწყებენ მშენებლობას, ყიდულობენ სახლს, აფართოებენ ოჯახს ან უფრო ძლიერ შინაგან საყრდენს პოულობენ. შესაძლოა გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები უძრავ ქონებასთან ან ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით.
ტყუპების ასცენდენტისთვის აქცენტი მესამე სახლზე გადადის. აქტიურდება სწავლა, კომუნიკაცია, წერა, სოციალური ქსელები, ახალი ნაცნობობები, გადაადგილება და ინფორმაციის გაცვლა. ეს კარგი პერიოდია ახალი უნარების შესაძენად, სწავლებისთვის, მედიისა და კომუნიკაციის სფეროში აქტიურობისთვის. ხელსაყრელია ახალი ენის შესწავლა, კურსების გავლა, წერა, ბლოგინგი, სოციალური ქსელების განვითარება და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება.
კირჩხიბის ასცენდენტისთვის იუპიტერი მეორე სახლში გადადის და ფინანსების, შემოსავლის, პირადი რესურსებისა და თვითღირებულების თემებს ააქტიურებს. შესაძლოა გაჩნდეს ახალი შემოსავლის წყარო, გაიზარდოს ანაზღაურება, საკუთარი ცოდნისა და უნარების მონეტიზების შესაძლებლობა ან ფინანსური სტაბილურობის გაძლიერების შანსი. თუმცა იუპიტერი ყოველთვის მხოლოდ შემოსავალს არ ზრდის — ზოგჯერ ხარჯებსაც აფართოებს, ამიტომ ფინანსურ საკითხებში ბალანსის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხშირად ეს ტრანზიტი ადამიანს საკუთარი ღირებულების უკეთ დანახვაშიც ეხმარება და აძლევს საშუალებას უფრო თამამად მოითხოვოს ის, რასაც რეალურად იმსახურებს.
ლომის ასცენდენტისთვის იუპიტერი პირველ სახლში შედის და პირდაპირ ადამიანის სხეულს, თვითგამოხატვასა და ხილვადობას ეხება. ადამიანი უფრო თავდაჯერებული ხდება, უფრო ადვილად იპყრობს ყურადღებას და ხშირად ცხოვრების სრულიად ახალი ციკლი იწყება. თუ ამ დროს იუპიტერი პირად პლანეტებს უერთდება, მისი გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია. მაგალითად, თუ იუპიტერი ნატალურ მთვარეს უერთდება, შესაძლოა გააქტიურდეს ოჯახის, საცხოვრებლის, დედობის ან ოჯახის გაფართოების თემა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ორსულობაც. ამ დროს აქტიურდება პირველი და მეშვიდე სახლების ურთიერთობების ღერძი, ამიტომ გაფართოება შესაძლოა მოხდეს პირადი და პარტნიორული ურთიერთობების თემაშიც.
ქალწულის ასცენდენტისთვის იუპიტერი მეთორმეტე სახლში გადადის. ეს ხშირად უფრო შინაგანი ზრდის პერიოდია. ძლიერდება ინტერესი სულიერების, ფსიქოლოგიის, მედიტაციისა და შინაგანი სამყაროს მიმართ. ხშირად ეს არის მომზადება იმ ახალი ციკლისთვის, რომელიც 2027 წელს იუპიტერის ქალწულში გადასვლის შემდეგ დაიწყება. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ძველი ფსიქოლოგიური ბლოკებისგან გათავისუფლება, ციკლების დასრულება და შინაგანი რესურსის აღდგენა.
სასწორის ასცენდენტისთვის იუპიტერი მეთერთმეტე სახლში ხვდება და აფართოებს მეგობრების, სოციალური წრის, კოლექტიური პროექტებისა და სამომავლო გეგმების თემებს. ხშირად სწორედ ამ პერიოდში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში. ეს შესანიშნავი დროა ახალი კავშირების შესაქმნელად, აუდიტორიის გასაზრდელად და გრძელვადიანი მიზნების რეალიზაციისთვის.
მორიელის ასცენდენტისთვის იუპიტერი მეათე სახლში გადადის და დაკავშირებული იქნება კარიერულ ზრდასთან, სტატუსის ამაღლებასთან, პროფესიულ აღიარებასა და საზოგადოებრივ ხილვადობასთან. ახალი პროფესიული შესაძლებლობების პერიოდი იწყება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზიტია საზოგადოებრივი რეალიზაციის თვალსაზრისით და ხშირად სწორედ ამ დროს ხდება მნიშვნელოვანი პროფესიული წინსვლა, დაწინაურება, ახალი თანამდებობის მიღება ან საკუთარი საქმიანობის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა, თუ ამისთვის შესაბამისი ნიადაგი უკვე მომზადებულია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ტრანზიტი შეიძლება დაკავშირებული იყოს საკუთარი ბიზნესის გაფართოებასთან, გავლენის ზრდასთან ან ისეთი ადამიანების მხარდაჭერის მიღებასთან, რომლებიც კარიერულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ხშირად სწორედ ამ პერიოდში ხდება უფრო ფართო საზოგადოებისთვის ხილვადი ის შრომა, რომელიც წლების განმავლობაში კულისებში მიმდინარეობდა.
მშვილდოსნის ასცენდენტისთვის იუპიტერი მეცხრე სახლში ხვდება. აქტიურდება უცხოეთის, მოგზაურობის, უმაღლესი განათლების, სწავლების, საერთაშორისო კავშირებისა და მსოფლმხედველობის გაფართოების თემები. ეს ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული პოზიციაა იუპიტერისთვის და ხშირად ადამიანს ახალი პერსპექტივების დანახვაში ეხმარება. ხშირად ამ პერიოდში ადამიანები იწყებენ სწავლას, იღებენ მნიშვნელოვან აკადემიურ ხარისხს, იწყებენ თანამშრომლობას უცხოურ კომპანიებთან, უფრო აქტიურად მოგზაურობენ ან უცხო კულტურებთან მჭიდრო კავშირს ამყარებენ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ტრანზიტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ემიგრაციასთან, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლასთან ან ისეთ გარემოებებთან, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას უფრო საერთაშორისო მიმართულებას აძლევს.
თხის რქის ასცენდენტისთვის იუპიტერი მერვე სახლში გადადის და საერთო ფინანსების, ინვესტიციების, პარტნიორის რესურსების, მემკვიდრეობის, სესხების, გადასახადებისა და ღრმა ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის თემებს ააქტიურებს. ხშირად ამ პერიოდში ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მხარდაჭერა ან რესურსი სხვა ადამიანებისგან, იქნება ეს პარტნიორი, ოჯახი, ინვესტორი თუ ფინანსური ინსტიტუტი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ტრანზიტი დაკავშირებულია მემკვიდრეობასთან, კომპენსაციებთან, გრანტებთან ან საერთო ფინანსების ზრდასთან. თუმცა მერვე სახლი მხოლოდ მატერიალურ თემებს არ ეხება — ეს არის შინაგანი გარდაქმნის სახლიც. ამიტომ ხშირად ამ პერიოდში ვიწყებთ ძველი შიშების, დამოკიდებულებებისა და ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვას. იუპიტერი აქ გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ თავში და გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც განვითარებაში გვზღუდავდა.
მერწყულის ასცენდენტისთვის იუპიტერი მეშვიდე სახლში ხვდება და აფართოებს პარტნიორულ ურთიერთობებსა და კავშირებს. შესაძლოა გაჩნდეს ახალი მნიშვნელოვანი ადამიანები, ახალი პირადი თუ საქმიანი პარტნიორები, ან არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს. თუ ადამიანი მარტოა, ეს ტრანზიტი ხშირად ზრდის მნიშვნელოვანი ურთიერთობის დაწყების შანსს. თუ უკვე ურთიერთობაშია, შესაძლოა პარტნიორობის გაძლიერებას, საერთო გეგმების გაფართოებას ან ურთიერთობის ოფიციალურ ეტაპზე გადასვლას შეუწყოს ხელი. ბიზნესში ეს კარგი პერიოდია თანამშრომლობების, კლიენტების ბაზის გაფართოებისა და სასარგებლო კავშირების შესაქმნელად. ხშირად სწორედ ამ დროს ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენს პირად თუ პროფესიულ განვითარებაზე და გვიხსნიან ახალ შესაძლებლობებს.
თევზების ასცენდენტისთვის იუპიტერი მეექვსე სახლში გადადის და ყურადღებას ყოველდღიურ საქმიანობაზე, სამსახურზე, სამუშაო გარემოზე, ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესზე ამახვილებს. შესაძლებელია ახალი სამსახურის დაწყება, პროფესიული ზრდა ან ისეთი გარემოს შექმნა, სადაც საკუთარი უნარების უფრო სრულად გამოყენებას შეძლებს. ეს ტრანზიტი ხშირად ხელს უწყობს ჯანმრთელობის მიმართ უფრო ცნობიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ცხოვრების რეჟიმის გაუმჯობესებას, სპორტის, სწორი კვებისა და ახალი სასარგებლო ჩვევების დანერგვას. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს პასუხისმგებლობებიც, თუმცა იუპიტერი აქ გვაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიური ცხოვრება უფრო ორგანიზებული, პროდუქტიული და ეფექტური გავხადოთ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იუპიტერი ყოველთვის ერთნაირად არ მუშაობს. თუ ნატალურ რუკაში ის ძლიერია, ჰარმონიულად ასპექტირებულია ან გამოკვეთილ როლს ასრულებს, მისი ტრანზიტები ხშირად უფრო თვალსაჩინო და შესამჩნევ შედეგებს იძლევა.
იუპიტერი იშვიათად გვაძლევს იმას, რისთვისაც მზად არ ვართ. უფრო ხშირად ის აფართოებს იმას, რასაც უკვე ვაშენებთ და რაშიც ზრდის პოტენციალი არსებობს, ამავდროულად კი გვაჩვენებს, სად შეგვიძლია გავიზარდოთ და საკუთარი შესაძლებლობები უფრო სრულად გამოვავლინოთ
ამიტომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დააკვირდით, ცხოვრების რომელი სფერო იწყებს ზრდასა და გაფართოებას. სწორედ იქ ცდილობს იუპიტერი ახალი შესაძლებლობების კარის გაღებას და გვაჩვენებს, რა მიმართულებით უნდა გავაფართოოთ ჩვენი ჰორიზონტი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: