
17 მაისს, კუროს ზოდიაქოს ნიშანში მოხდება მზის და ურანის ბოლო შეერთება, აღნიშნული მოვლენა განმეორდება 80 წელიწადში, რის გამოც ასტროლოგი ნინა ხომერიკი ძველი ცივილიზაციის ბოლო თარიღად და რევოლუციური ხასიათის მქონე ურანის უკანასკნელ სიურპრიზად მიიჩნევს.
მზისა და ურანის შეერთება მრავალი პროგრამის განხორციელების დაჩქარების სტიმულს იძლევა და პირველ რიგში, ეს ეხება იმ გეგმებს, რომელიც 2019 წლის 22 აპრილს ჩაისახა.
რას მოუტანს აღნიშნული მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებს - ამაზე ასტროლოგი ნინა ხომერიკი ვრცლად წერს:
„2025 წლის 17 მაისს, კუროს ზოდიაქოს ნიშნის 28* გდრ-ში მოხდება მზის და ურანის ბოლო შეერთება და მომავალში, მათი შეხვედრა ამ ზოდიაქოს ნიშანში, მხოლოდ 80 წლის შემდეგ მოხდება და ეს მოვლენა, შეიძლება ჩაითვალოს ძველი ცივილიზაციის ბოლო თარიღად და რევოლუციური ხასიათის მქონე ურანის უკანასკნელ სიურპრიზად.
ურანი, ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრული პლანეტა არის მზის სისტემაში, რომელიც ბადებს დიდ ქაოსს, რისი დახმარებითაც, იქნება სრულიად ახალი რეალობა, რაც არ არსებობდა მანამდე და თითოეული ზოდიაქოს ნიშნისათვის, მას მოაქვს ახალი გამოცდილება. მისი ტრანზიტი, ყოველ 7-8 წელიწადში ერთხელ იცვლის ნიშანს და შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს ააქტიურებს, რაც გვძენს ახალ გამოცდილებას და ანგრევს ძველ სტერეოტიპებს. კუროს ნიშანში, ურანი 2019 წლიდან იმყოფება და 2025 წლის 7 ივლისს, ის 80 წლით დატოვებს ამ სექტორს და გადავა ტყუპების ზოდიაქოში, თუმცა, მანამდე, ანუ 2025 წლის 17 მაისს, მათი გადაკვეთის დროს გააქტიურდება მზე - ურანის კიდევ ერთწლიანი ციკლი კუროს ნიშანში, რომელიც გაგრძელდება 2026 წლის 22 მაისამდე.
ურანი-კუროში, იყო ახალი გზავნილი მატერიალური სამყაროსათვის, რადგან კურო არის მიწის, მატერიის, ფასეულობებისა და სიცოცხლის ნიშანი და საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მზისა და ურანის პირველი ციკლი, რომელიც დაიწყო 2019 წლის 22 აპრილს, უკავშირდება სამყაროს ფინანსური რეფორმების ახალ ეტაპს და ამ შეერთებამდე, რამდენიმე დღით ადრე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს. ურანმა კუროში საფუძველი ჩაუყარა რეფორმების ისეთ ვექტორს, რომელიც დაკავშირებული იყო ტერიტორიებთან, მატერიასთან, რესურსებთან, ფასეულობებთან, შინაგან ცვლილებებთან, ფინანსური სტრუქტურების, ადამიანებისა და მატერიალური სამყაროს ურთიერთობის ალგორითმის ცვლილებასთან და 17 მაისს ველოდებით მზე-ურანის ბოლო ციკლის ათვლას, ხოლო მათი შეხვედრა, უკვე ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის მე-2* გდრ-ში მოხდება 2026 წლის 22 მაისს.
მზისა და ურანის შეერთება მრავალი პროგრამის განხორციელების დაჩქარების სტიმულს იძლევა და პირველ რიგში, ეს ეხება იმ გეგმებს, რომელიც ჩაისახა 2019 წლის 22 აპრილს, გაიხსენეთ რა იყო მაშინ მნიშვნელოვანი, რადგან ეს შეერთება გააჩენს უდიდეს სურვილს ყველაფერი მოძველებულის რეფორმირებისა და შეცვლის, რამაც თავისი დრო მოჭამა, მაგალითად: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ინტერიერი, ურთიერთობა, ან დავკარგავთ სტაბილურობის განცდას. ურანი და მზე აქტიური პლანეტებია, რომელიც გვაძლევს იმპულსს, გამჭრიახობას, პროგრესს, ანუ ყველაფერს გარდა სტაბილურობისა, ურანი აგრეთვე არის ნერვიული სისტემის სიმბოლო, ამიტომ საჭიროა გამოვიჩინოთ ყურადღება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია და ეცადეთ თავადაც გაუფრთხილდეთ საკუთარ ნერვებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ გადატვირთოთ თქვენი გონება. მზე და ურანი არიან ანტაგონისტები, ოპოზიციონერები, რადგან მზე არის ლომის მმართველი, რომელიც არის ძალაუფლების სიმბოლო, ხოლო ურანი - მერწყულის მმართველი პლანეტაა, რომლის სიმბოლოც არის თავისუფლება, დემოკრატია და ხალხის ძალა, ანუ მათი შეერთება არ გულისხმობს ერთიანობას, არამედ ეს არის პლიუსებისა და მინუსების დაძაბული კომბინაცია, რომელიც ქმნის ნაპერწკალს, რაც შესაძლოა პირდაპირი მნიშვნელობით გათამაშდეს, ამიტომ, ეცადეთ ამ პერიოდში გამოიჩინოთ ყურადღება ურთიერთობებში და ზოგადად ტექნიკასთან მიმართებაში, გექნებათ განცდა, რომ სამყარო ელექტრიზირებულია და მხოლოდ ამ ენერგიების ამოფრქვევა განმუხტავს დაძაბულ სიტუაციას. პლანეტა ურანი არის მერკურის უმაღლესი ოქტავა, რომელიც იდეების, ფიქრების, სიტყვისა და ინფორმაციის სიმბოლოა, ხოლო მზე სინათლე და ისინი ერთმანეთს ხვდებიან კუროს ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც მატერიასთან ასოცირდება და ეს ასპექტი გვაკისრებს პასუხისმგებლობას საკუთარი ფიქრების, იდეების, სიტყვისა და არჩევანის მიმართ. ურანისა და მზის შეერთება წარმოქმნის დიდ ენერგიას, იმპულსს, სინათლეს და თუ ჩვენ, მას არ გავუზიარებთ სხვა ადამიანებს, მაშინ გაგვაღარიბებს შინაგანად, ვინაიდან, ეს არის მათი ბოლო შეერთება კუროში და ამ პერიოდში, ერთის მხრივ უნდა შევაჯამოთ 2019 წლიდან დღემდე განვლილი გზა, ხოლო მეორეს მხრივ, შევქმნათ რეფორმების ახალი ვექტორი ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ზუსტად ახლა გვაქვს ბოლო შანსი, გათვითცნობიერებულად დავიწყოთ ჩვენი ახალი სამყაროს შენება, რომლის დაბადებაც იწყება ქაოსით და არა წესრიგით და ახლა, თითოეული ჩვენგანის ამოცანა არის ჩამოვყალიბდეთ, ცხოვრების რომელ სფეროში ვსაჭიროებთ მოდერნიზაციას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს, როგორც პირადი საცხოვრებელი ფართის რეორგანიზაციასთან, ასევე ახალი, ჯანმრთელი და სასარგებლო თვისებების შემოღებასა და ნორმალიზირებასთან ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ყველა ადამიანის გონებაში, არსებობს ადგილი, ასე ვთქვათ ურანისეული შემოქმედებისათვის, სადაც ხდება საინტერესო და კრეატიული იდეების დაბადება, რომელიც მიმართულია განახლებისაკენ.
ვერძი:
ვერძებისთვის, ურანის წლიური ციკლი იწყება ასტროლოგიურ მე -II-ე სექტორში, რომელიც არის ჩვენი ფასეულობების, მატერიალური და ენერგეტიკული რესურსების სიმბოლო. ამ პერიოდმა, შეიძლება მოგიტანოთ თქვენი ბიუჯეტის რეორგანიზაციის სურვილი. ურანი, ამ სახლში თქვენთან 2019 წლიდან იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეცვლილიყო თქვენი შემოსავლებისა და თქვენს ფინანსებთან დამოკიდებულების კუთხით. ეს პლანეტა, ამ სექტორში ხშირად გიხსნით შემოსავლების ისეთ წყაროს, რასაც ადრე ვერ წარმოიდგენდით, სრულიად ახალს და უჩვეულოს, მაგალითად: თავისუფალი გრაფიკით მუშაობას, დროებით სამსახურს ან ერთჯერად შემოსავალს. ურანმა მოიტანა დიგიტალიზაცია, რაც გახდა ელექტრონულ საფულესთან და კრიპტო ვალუტასთან ურთიერთობის ახალი გამოცდილების მიღების მიზეზი. 17 მაისს კი მოხდება მზისა და ურანის ახალი, ერთწლიანი პროგრამის დაბადება, რაც საფუძვლად დაედება თქვენი შემოსავლებისა და ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციის გეგმას, ახალ ფინანსურ გადაწყეტილებებს ან არსებული თანხების დაბანდებას და მათ გამოყენებას, ანუ პირველ რიგში, ურანის ენერგია, გავლენას იქონიებს თქვენს ფინანსებზე და დანაზოგებზე. შესაძლოა გაგიჩნდეთ სრულიად ახალი იდეები შემოსავლის წყაროს გასაზრდელად, რის გამოც მოგიწევთ შეიძინოთ ახალი ცოდნა და გამოცდილება. ეს პლანეტა, არის ასევე თავისუფლების სიმბოლო და აქედან გამომდინარე, თქვენთვის მეტად აქტუალური იქნება შექმნათ შემოსავლის ისეთი წყარო, რომელიც შეგინარჩუნებთ თავისუფლებას, ურანი მე-II-ე სახლში ასევე შეგიცვლით ფასეულობებს, ამ სიტყვის ფართო გაგებით.
კურო:
კუროებისათვის, ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ პირველ სახლში, ანუ თქვენს პირად ნიშანში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ურანი თქვენს ზოდიაქოში, 2019 წლიდან იმყოფება და ბევრმა კურომ უკვე გაიარა და გამოცადა ურანისეული ცვლილებები ცხოვრებაში და ახლა კი, ათვლას იღებს ამ შეერთების უკანასკნელი ციკლი, რა დროსაც შეიძლება სრულიად ახალ როლში მოსინჯოთ საკუთარი ძალები. ეს პლანეტა აკეთებს აქცენტს თავისუფლებაზე, თავისუფალ არჩევანზე და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია გაგიჩნდეთ სურვილი, გათავისუფლდეთ იმ ბორკილებისაგან, რომელიც გბოჭავენ და არ აქვს მნიშვნელობა რასთან არის ეს დაკავშირებული, ვიღაცისათვის შესაძლოა ეს იყოს სამსახური, რომელიც გართმევთ მთელ თავისუფალ დროს, ზოგიერთისთვის ურთიერთობა, რომელშიც კარგავთ საკუთარ თავს, ან ცხოვრების სტილი და ჯანმრთელი ჩვევების შემოღება.
ტყუპები:
თქვენთვის ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ მე-XII-ე სახლში, რაც გაძლევთ შანსს გათავისუფლდეთ იმ წარსულისაგან, რასაც არ აქვს ადგილი თქვენს მომავალში. ზოგიერთისთვის, შესაძლოა ეს იყოს საკუთარი ღირებულებების გადაფასება, ცხოვრების წესების ცვლილება, ძველი საცხოვრებლი ადგილის შეცვლა ან საკუთარ ილუზიებთან და ოცნებებთან დამშვიდობება. ასეთ დროს, მოგინდებათ მაქსიმალურად გათავისუფლდეთ ყველა ბარიერისაგან და პირველ რიგში, ეს არის თქვენი ვალდებულებები, ვალები, ქრონიკული დაავადებები, დაალაგებთ ძველ ურთიერთობებს და იტყვით თქვენს სათქმელს გულახდილად. ამ შეერთებას, ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს სამსახურზე, იპოვით თავისუფალი გრაფიკის მქონე სამსახურს ან ისეთი საქმეს, რომელიც დასაქმების პერიოდში დროებით სხვა ადგილას ცხოვრებას გულისხმობს ან შესაძლებელია დისტანციურად, ანუ ონლაინ მუშაობაც. გაგიჩნდებათ სურვილი სრულიად გათავისუფლდეთ ძველი ტვირთისაგან, საიდუმლოებებისაგან და გაუგებრობებისაგან. მე -XII-ე სახლი, ასევე არის საიდუმლო ტერიტორიები, ადგილები, ხოლო ურანი გულისხმობს წმენდას და თავისუფლებას, ამიტომ ბევრს მოუნდება მსგავსი ადგილების რეორგანიზაცია და დალაგება.
კირჩხიბი:
თქვენთვის, ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ მე -XI-ე სახლში, რომელიც არის ჩვენი მომავლის სურათი, ამიტომ, მოსალოდნელია შეგეცვალოთ წარმოდგენა თქვენს მყოფადზე. ამ საინტერესო პერიოდს, შეუძლია მოგიტანოთ კომუნიკაციების, ანუ მეგობრების ან კოლეგების წრეში ცვლილება. თქვენთვის, ეს არის თამამი იმედების პერიოდი, როდესაც ძალიან მკაფიოდ დაინახავთ იმ მომავალს, რომელშიც გსურთ ცხოვრება, ანუ გამოიკვეთება მიზანი საითაც ისწრაფვით. რეალურად, ამ შეერთებას შეუძლია მოგცეთ თქვენი დიდი ხნის საქმიანობის მოულოდნელი შედეგები, რასაც არ ელოდებოდით ბონუსების, სიურპრიზებისა და წარმატების მიღწევის სახით. ვინაიდან მე -XI-ე სექტორი, არის ჩვენი მომავლის სურათის სიმბოლო, ამ პერიოდში, მიხვდებით რა გსურთ, რომ აკეთოთ და რა მიმართულებით გსურთ, რომ მოახდინოთ საკუთარი ინტერესებისა და ამბიციების რეალიზაცია. იდეალური პერიოდია მათთვის, ვინც დაკავებულია საზოგადოებრივი საქმიანობით, ან მუშაობს ინტერნეტის დახმარებით, გაგიჩნდებათ ახალი იდეები და შესაძლებლობები, ძალიან კარგი დრო არის განვითარებისათვის და განათლების მიღებისათვის. ამ პერიოდში, ასევე შესაძლებელია ვიღაცამ ან რაღაცამ ძალიან დაგაინტერესოთ, რადგან სამყარო, ძალიან კეთილგანწყობილი და გულუხვი იქნება თქვენს მიმართ.
ლომი:
თქვენთვის, ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ მე -X-ე სახლში და ბადებს ენერგიას, რომელიც შეცვლის თქვენს სტატუსს ერთი წლის განმავლობაში, რამაც შეიძლება ზოგს სამსახურის ცვლილება, ქორწინება, ბავშვის დაბადება, ან უძრავი ქონების შეძენა მოუტანოს. ანუ, ეს პერიოდი წარმოშობს იმპულსს ან გარემოებებს, რომელიც გიბიძგებთ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ, ანუ თქვენთვის ეს ერთი წელი, კერძოდ 2025 წლის 17 მაისიდან - 2026 წლის მაისის ბოლომდე, სტატუსის ცვლილების პერიოდია კარიერული, სამსახურებრივი, პირადი ცხოვრების ან საკუთრების კუთხით და ვინაიდან, ურანი არის თავისუფლების სიმბოლო, მათ შორის გულისხმობს გათავისუფლებას ცრუ რწმენებისაგანაც, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ პლანეტას შეუძლია მოგვიტანოს ისეთი რეფორმები, რისთვისაც შესაძლოა ბოლომდე მზად არ ვიყოთ, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა ეს არის, ამიტომ, ამ შემთხვევაში, სამყარო თქვენგან საკუთარ მიზნებთან მიმართებაში მოქნილებას მოითხოვს, ანუ ნუ იქნებით ჯიუტი და საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ სხვადასხვა ხერხი და გზა, რადგან სამყარო, ბევრ საინტერესო შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. იყავით მზად იმისათვის, რომ შეიძლება ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ განვითარდეს და წინადადებები ან შეთავაზებები, რომელსაც მიიღებთ, იქნება მოულოდნელი, რაზედაც არ ღირს უარის თქმა.
ქალწული:
თქვენთვის, ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ მე -IX-ე სახლში და გაძლევთ იურიდიული სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას, მაგალითად: ზოგიერთი შეძლებს საკუთარი ბიზნესის რეგისტრაციას, მიიღებთ საბუთს, რომელიც მოგანიჭებთ იურიდიულ მანდატს, გარკვეულ უფლებებს, ან დაიწყებთ სამსახურს და მიიღებთ შესაბამის საბუთებს, ხოლო მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს, შეძლებენ განახორციელონ რეფორმები, დაამატონ მიმართულებები, ან მოაგვარონ იურიდიულ-ბიუროკრატიული საკითხების გაფორმება. ასევე, ეს სექტორი მოგიტანთ დამატებითი განათლების მიღების სურვილს, შეძლებთ გაიაროთ მოკლე და გრძელვადიანი კურსები. აგრეთვე მე- IX-ე სექტორი არის ყველაფერი უცხოურის და შორეულის სიმბოლო და ამ შეერთების ენერგია მოგიტანთ იმპულსს და სურვილს სადმე გამგზავრების, დასვენებისა და გარემოს გამოცვლის. ასევე მოსალოდნელია გაიცნოთ თქვენი ზრდასრული შვილის მეორე ნახევარი, გაგიჩნდებათ სურვილი შეცვალოთ ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან და საერთო ჯამში, რადგან მე -IX-ე სახლი თქვენი სტრატეგიული მიზნების, მისწრაფებებისა და შორეული ხედვების სახლია, შეძლებთ დაისახოთ სრულიად ახალი, საინტერესო და შთამბეჭდავი ამოცანები. გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ შორიდან, უცხოეთიდან და ასევე ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იქნება თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან, აგრეთვე ამ პერიოდში მარტივად შეძლებთ მოაგვაროთ ყველა ბიუროკრატიული საკითხები.
სასწორი:
თქვენთვის ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ მე-VIII-ე ასტროზონაში და გაყენებთ გლობალური ამოცანის წინაშე, დაამარცხოთ ის შიშები და აკრძალვები, რომელიც ხელს უშლის თქვენს განვითარებას, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ რამეზე, რაც თქვენში რწმენის დონეზეა წარმოდგენილი და ამ რეალობაში აღარ არის აქტუალური, ეს შეერთება დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ისეთი აკრძალვებისაგან, საზღვრებისა და ბარიერებისაგან, რისი ავტორიც თქვენ თვითონ ხართ. ასევე მე-VIII-ე სახლი, სადაც ხდება ეს შეერთება, არის საკუთარი და მშობლების, პირადი ან საქმიანი პარტნიორების საერთო ფინანსების, რესურსებისა და ქონების სიმბოლო, რა მიმართულებითაც, აგრეთვე მოსალოდნელია გარკვეული ტრანსფორმაციები, მოგინდებათ მეტი დამოუკიდებლობა და მკაფიოდ განსაზღვრა თქვენი და საერთო საკუთრების, შეეცდებით საერთო ბიუჯეტის სხვაგვარად გადანაწილებას და გარდა ამისა, მოსალოდნელია საინტერესო ინვესტიციებთან დაკავშირებული წინადადებების მიღება, რაც სამომავლოდ თქვენი პასიური შემოსავლების წყაროდ იქცევა. ეს არის ფინანსებისათვის და საკუთრებისათვის, ახალი იდეებისა და გადაწყვეტილებების მიღების პერიოდი, რომელიც ასევე მოიტანს ცხოვრების სტილისა და დადგენილი წესების შეცვლის სურვილს.
მორიელი:
თქვენთვის ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ მე -VII-ე ასტროზონაში, რომელიც პარტნიორული ურთიერთობების სექტორია. 2019 წლიდან, ურანმა ბევრი რამ შეცვალა თქვენს პირად, მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებში და ახლა, მოდის მორიგი იმპულსი ამ კავშირების გასაჯანსაღებლად. ზოგიერთისთვის, შესაძლოა ეს იყოს აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის, ასაკისა და ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობების დაწყება, შეგეცვლებათ თანამშრომლები, გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებებს სამსახურში, რაც მოგიტანთ მეტ თავისუფლებას, თვითრეალიზაციის საშუალებასა და ნაკლებ შეზღუდვას. იდეალური პერიოდია საკუთარი საქმის ორგანიზირებისათვის, რომელიც ორიენტირებული იქნება საზოგადოებრივ საქმიანობაზე და ინფორმაციაზე. ასევე სწრაფი, აქტიური და სასიკეთო განვითარება ელოდება თქვენს პარტნიორს საქმიან ურთიერთობებში. საერთო ჯამში, თქვენი ნიშნისათვის, ამ ციკლის გლობალური ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ განსაზღვროთ თქვენი კონტაქტების წრიდან ვინ გქაჩვთ უკან ან ვინ გიბიძგებთ წინსვლისაკენ, ვისი დახმარებით ვითარდებით, ან ვინ გაგდებთ სტაგნაციაში და რეგრესში. ასეთ დროს, შეძლებთ თავად განსაზღვროთ, თუ რა მიმართულებით გსურთ სვლა და შესაბამისად შეარჩიოთ მეგზური პირად, საქმიან თუ მეგობრული ურთიერთობების განვითარების გზაზე.
მშვილდოსანი:
თქვენთვის, ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ მე-VI-ე სახლში და ეს არის სექტორი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის პირობებს, სტილს, გრაფიკს, ორგანიზებულობასა და ცხოვრების რიტმს. ეს პერიოდი მოგცემთ შესაძლებლობას გააუმჯობესოთ თქვენი გარემო და მიიღოთ საკმაოდ კატეგორიული და მოულოდნელი გადაწყვეტილებები, გაგიჩნდებათ სურვილი, არსებული სამსახური ჩაანაცვლოთ მეტად პერსპექტიული, ან თავისუფალი გრაფიკის მქონე სამუშაო ადგილით, მოიწყოთ მეტი კომფორტი სახლში, ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან ურანი და მზე გიბიძგებთ გამოფხიზლებისაკენ, სპორტული აქტივობისაკენ, საჭიროა მეტი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, დროულად დაიძინოთ და ზოგადად შეცვალოთ თქვენი გრაფიკი, იმისათვის, რომ გქონდეთ მეტი დრო შემოქმედებისათვის, იგრძნოთ თავისუფლება და მეტი დრო დაუთმოთ თქვენს ჯანმრთელობასა და ინტერესებს. ამ პერიოდში, აგრეთვე გაიაზრებთ, რომ ის ყველაფერი, რასაც აქამდე გეგმავდით, რეალურად არ გჭირდებათ და ახლა, დროა დაფიქრდეთ, თქვენ რა გსურთ, როგორ გინდათ რომ დაალაგოთ თქვენი ცხოვრება საკუთარი სურვილების, შეხედულებებისა და ინტერესების გათვალისწინებით და არა სხვების მოლოდინებით.
თხის რქა:
თქვენთვის, ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ მე-V-ე ასტროზონაში და აკეთებს დადებით ასპექტს თქვენს ნიშანთან. მე -V-ე სექტორი ეს არის ბედნიერების, შემოქმედების, შვილების, პირადი ცხოვრებისა და ემოციური მდგომარეობის სიმბოლო, რომელიც გვასხავს ფრთებს და გვეუფლება აღმაფრენის განცდა. ასეთ დროს, გაგიჩნდებათ სურვილი, უფლება მისცეთ საკუთარ თავს, აკეთოთ ისეთი რამ, რაც თქვენი სამუშაოს მიღმაა, მოდუნდეთ, გააკეთოთ რაიმე უჩვეულო, მიიღოთ იმპულსური და დაუგეგმავი გადაწყვეტილებები, სადმე უეცრად გაემგზავროთ, ანუ გააკეთოთ რამე საკუთარი თავისათვის არა იმიტომ, რომ ეს საჭიროა, არამედ უბრალოდ გაგიჩნდათ ამის სურვილი და ახლა, ასეთ ხასიათზე ხართ. ვინაიდან მე- V-ე სექტორი ბავშვების სიმბოლოა, ზოგიერთ თხის რქას ელოდება ორსულობა, ან მნიშვნელოვანი, პოზიტიური სიახლეები თქვენი შვილების ცხოვრებაში, ან საინტერესო, ერთობლივი მოგზაურობა. ასეთ დროს ძალიან მოგინდებათ იყოთ შეყვარებული, იპოვოთ თქვენი მეორე ნახევარი და განიცადოთ რომანტიკული ემოციები. ამ პერიოდში, აგრეთვე მოსალოდნელია აზარტულობის გაზრდა, ამიტომ ეცადეთ გააკონტროლოთ ეს მდგომარეობა, თუმცა იდეალური პერიოდია ჯანსაღ და არა მავნებელ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, ანუ, ამ შეერთების მთავარი და მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც თქვენ უნდა გაიგოთ, მდგომარეობს იმაში, რომ ცხოვრება არ შედგება მხოლოდ ვალდებულებებისაგან და სერიოზული საკითხებისაგან, აუცილებელია უფლება მისცეთ მოდუნებისა და თავისუფლებით ტკბობის.
მერწყული:
თქვენთვის, ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ მე -IV-ე ასტროზონაში, რომელიც გულისხმობს საცხოვრებელ ადგილს, სახლს, უძრავ ქონებას, ასევე ჩვენს ოჯახს და შიდა ოჯახურ ურთიერთობებს. 2019 წლიდან, ამ სექტორში შესაძლოა ბევრი ცვლილება მომხდარიყო, შექმნილიყო არასტაბილური და ხშირად ცვალებადი გარემო. ზოგიერთისათვის შესაძლოა ეს იყო ხშირი ადგილმონაცვლეობა, ძველი უძრავი ქონების გასხვისება და ახლის შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა, ან მნიშვნელოვანი ცვლილებები ოჯახში და ახლა, ეს შეერთება რთავს განახლების უკანასკნელ ციკლს ამ სექტორში. თუმცა, თუ წარსული ციკლები 2019 წლიდან ქმნიდნენ ტურბულენტობას და ცვლილებებს ამ სექტორში, ეს შეერთება ბადებს ენერგიას, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ სტაბილურობა, შეძლებთ ჩამოყალიბდეთ სად გსურთ, რომ იცხოვროთ, ვისთან, მოიტანს სიმშვიდეს ოჯახურ გარემოში, ანუ ეს ენერგია, პირიქით დაასტაბილურებს ყველაფერს რაც შეიცვალა 2019 წლიდან, დაგაფიქრებთ დამოუკიდებლობაზე და იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებული ხართ თქვენს ოჯახზე, ნათესავებზე ან პირიქით.
თევზები:
თქვენთვის, ეს შეერთება ხდება ასტროლოგიურ მე- III-ე ასტროზონაში, რომელიც არის ჩვენი საინფორმაციო კონტაქტების სექტორი გარე სამყაროსთან, სადაც ბევრი რამ შეიცვალა 2019 წლიდან. გადასხვაფერდა თქვენი ლოგიკა და აზროვნება, ბევრი რამ ისწავლეთ და განვითარდით, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, რომელზედაც 2019 წლამდე არც კი გიფიქრიათ. ურანისა და მზის შეერთება ამ სექტორში, გაძლევთ მორიგ იმპულსს განვითარებისათვის, იმისათვის, რომ იპოვოთ ინდივიდუალური გზა ნებისმიერ საკითხში და არ იმოქმედოთ სხვების მსგავსად, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენი სამსახური გულისხმობს ხალხთან ან ინფორმაციასთან მუშაობას, ასევე მოსალოდნელია სტრუქტურული ცვლილებები. გაგიჩნდებათ სურვილი გააფართოოთ ცოდნის არეალი, იპოვოთ განვითარების ახალი გზები და ზოგადად, თქვენთვის საინტერესო პერიოდია, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გადადგათ ახალი ნაბიჯი მომავლისაკენ. ვინაიდან მე- III-ე სახლი ასევე კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სიმბოლოა, ბევრ თქვენგანს გაუჩნდება სურვილი ტექნიკის ან ავტომობილის განახლების. საერთო ჯამში, ეს ასპექტი ბადებს ახალ იდეებსა და ჩანაფიქრებს, რომელთა განხორციელებას წარმატებულად შეძლებთ ერთი წლის განმავლობაში“, - წერს ნინა ხომერიკი.
ასევე დაგაინტერესებთ: