მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, რაც ასტროლოგიურად ჰარმონიის, ურთიერთობების დალაგებისა და შინაგანი წონასწორობის პერიოდის დაწყებას მოასწავებს.
ასტროლოგების თქმით, ეს ტრანზიტი თითოეულ ადამიანს უბიძგებს, გადახედოს პირად თუ საქმიან პარტნიორობას, იპოვოს კომპრომისები და გათავისუფლდეს კონფლიქტური ენერგიებისგან, რათა ცხოვრებაში სილამაზესა და სიმშვიდეს გზა გაუხსნას.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს:
„მზე სასწორის ნიშანში ⚖️ უცნაური პერიოდი, რომელიც 23 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე გრძელდება.
რატომ უცნაური? იკითხავთ თქვენ.
იმიტომ, რომ ეს პერიოდი ჩვენს ყურადღებას პირადი, ეგოცენტრული ინტერესებიდან სხვებთან ურთიერთობაზე გადაიტანს.
დიახ, ამ თვის მთავარი თემები პარტნიორობა და ამ პარტნიორობაში ბალანსის პოვნაა. ამას ხშირად ემატება სიმშვიდის ზედაპირული განცდის შესანარჩუნებლად პრობლემების მიჩქმალვაც და არახელსაყრელ პირობებზე დათანხმებაც.
🙂 მზე სასწორში მყოფი ჩვენს პირად სიმტკიცეს იმდენად არბილებს, რომ მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი პოზიციების დაცვა გვიჭირს.
🙂 მაგრამ ამავდროულად ეს სრულიადაც არ გავწუხებს, პირიქით, გარკვეულ სიამოვნებასაც კი გვგვრის. უცნაურია, აბა რა არის. რატომ ხდება ასე?
ასტროლოგიურად, სასწორში მზე ითვლება დასუსტებულად. ის წარმოადგენს ჩვენს მეობას, ლიდერობასა და ინდივიდუალურ ეგოს, სასწორი კი პარტნიორობისა და დიპლომატიის ნიშანია.
ასე რომ - ამ პერიოდში პირადი ამბიციები უკანა პლანზე იწევს, რათა ადგილი კომპრომისებსა და სხვების ინტერესების გათვალისწინებას დაეთმოს.
საქმეებშიც სასწორისეული მიდგომები იჩენს თავს - უფრო გულდასმით ვწონით ვარიანტებს, ვეძებთ ნაკლებ კონფლიქტურ გზებს და ვითვალისწინებთ სხვების ინტერესებს. ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, ხანგრძლივმა ყოყმანმა და იმის შიშმა, რომ ვინმეს გული არ ვატკინოთ, შესაძლოა მოქმედებისთვის საჭირო საუკეთესო მომენტი გაგვაშვებინოს ხელიდან.
ამიტომ იმოქმედეთ ცოტა უფრო სწრაფად. ეს პერიოდი მშვენიერია ისეთი საქმეებისათვის, რომლებიც დიპლომატიასა და ესთეტიკურ მიდგომას მოითხოვს. დაკავდით ხელოვნებით, განაახლეთ გარდერობი ან შეცვალეთ ინტერიერი.
საუკეთესო დროა ქორწინებაში, მეგობრობასა თუ ბიზნეს-პარტნიორობაში არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად. უფრო ადვილია ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების მქონე ადამიანების შეთანხმება და კომპრომისების პოვნა.
მეტადრე, თუ მოლაპარაკების მომენტში კარგად გამოიყურებით - ვიზუალური მიმზიდველობა, საკუთარი თავის ან პროდუქტის პრეზენტაცია ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს სწორედ ახლა.
ხელსაყრელი დროა ოფიციალური შეთანხმებების, და კონტრაქტების გასაფორმებლადაც. ისედაც, ახლა გუნდური მუშაობა უკეთეს შედეგს მოიტანს, ვიდრე ინდივიდუალური საქმიანობა. ითანამშრომლეთ და არ იკონკურენტოთ. გამოიყენეთ ეს დრო კავშირების გასამყარებლად.
გლობალური მასშტაბებითაც ეს არის ის დრო, როდესაც შესაძლებელია მსხვილ კორპორაციებს, ან დაპირისპირებული მხარეებს შორის გარკვეული მოლაპარაკებები შედგეს. მათ შორის საომარი მოქმედებების დასრულების კუთხითაც.
თუმცა დიდ შედეგს ალბათ ეს ვერ მოიტანს, რადგან მალე ვენერაც რეტროვდება და მერკურიც. ჰო, ძველი კავშირები, წარსულში დაუსრულებელი საუბრები, გაწყვეტილი ურთიერთობები - კვლავ აქტუალური გახდება.
( ამაზე დეტალურად მერე ვისაუბრებ.)
ვინც მეტ-ნაკლებად ერკვევით, მოძებნეთ თქვენი ნატალური რუკის რომელი სახლი იწყება სასწორით. სწორედ ამ სახლის თემებში ითამაშებს გადამწყვეტ როლს თქვენი სხვებთან შეთანხმების მიღწევის უნარი, სწორედ აქ მოგიწევთ პირობების განხილვა, რამდენიმე ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთება და იმის გადაწყვეტა, თუ რა კომპრომისზე წასასვლელად ხართ მზად.
მთავარი რჩევაა - ნუ დაკარგავთ ინდივიდუალობას. მოუსმინეთ სხვებს, მაგრამ ნუ იტყვით უარს საკუთარ პრინციპებსა და თვითპატივისცემაზე“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შესაძლოა ძალების დაქვეითება...“ - 24 სექტემბრის ენერგიები