14 ოქტომბერს ახალი მთვარე და მზის დაბნელებაა, რომელსაც 29 ოქტომბერს სავსე მთვარე და მთვარის დაბნელება მოჰყვება.
ორკვირიანი მონაკვეთი დაბნელებების ენერგიით იქნება დამუხტული და გავლენას მოახდენს როგორც ზოგადად, ისე ინდივიდუალურად, თითოეულ ჩვენგანზე.
აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი დავით ნიბლაძე წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„14 ოქტომბერს ახალი მთვარე და მზის დაბნელებაა, რომელსაც 29 ოქტომბერს სავსე მთვარე და მთვარის დაბნელება მოჰყვება.
შესაბამისად, ეს ორკვირიანი მონაკვეთი დაბნელებების ენერგიით იქნება დამუხტული და გავლენას მოახდენს როგორც ზოგადად, ისე ინდივიდუალურად, თითოეულ ჩვენგანზე.
რატომღაც, ინტერნეტსივრცე სავსეა იმ ინფორმაციით, რომ დაბნელებები რთული და საშიში პერიოდია. რეალურად, შიში არ არის აქ სწორი პოზიცია. შიშით მხოლოდ შფოთვებს გავაძლიერებთ, უმოქმედობაში გადავვარდებით და უამრავი სასიკეთო შანსიც შეიძლება გავუშვათ ხელიდან. დაბნელებები ყოველწლიურად მინიმუმ ოთხჯერ მაინც გვაქვს, ამიტომ შიშის ნაცვლად, ვისწავლოთ მათთან სწორი მუშაობა და ამ ენერგიების სწორად გამოყენება. სწორი მიდგომით მთელ ამ ნეგატიურ განწყობას ჩავანაცვლებთ დიდი გაცნობიერებით, რაც მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან სასარგებლო იქნება.
როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი სწორად?
ახალი მთვარე და მზის დაბნელება სასწორშია. ნიშანში, რომელიც ჰარმონიას, სიყვარულს, ბალანსს და მშვიდობას უკავშირდება. მართალია, სასწორი და მასთან ასოცირებული მე-7 სახლი პარტნიორულ თემებთანაა კავშირში, მაგრამ გადავავლოთ მთლიანად ჩვენს ცხოვრებას თვალი და დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა სად გვაკლია ბალანსი და ჰარმონია? დაბნელებები ზუსტად ის დროა, როდესაც ცოტა ხნით ინერციით მოძრაობა უნდა შევწყვიტოთ და დრო დაკვირვებასა და ანალიზს დავუთმოთ. იქნებ, ზედმეტად ბევრ დროს ვხარჯავთ მუშაობაში და საერთოდ აღარ გვრჩება დრო ცხოვრებით ტკბობისთვის, ოჯახისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, საკუთარი თავისთვის? იქნებ, ზედმეტად ბევრ რამეზე ვნერვიულობთ, რასაც ჩვენგან დიდი ენერგია მიაქვს და სანაცვლოდ კარგს არაფერს ვიღებთ? იქნებ, დიდი ხნის სურვილები და ოცნებები გვაქვს თაროზე შემოწყობილი და იმ ჯადოსნური დღის მოლოდინში გადის წლები, როდესაც ვიღაც მაგიური ჯოხის მოქნევით დაგვილაგებს ცხოვრებას? იქნებ, უკვე დიდი ხანია ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიმყოფებით და მიუხედავად არაერთი მინიშნებისა, მაინც არ ვდგამთ საჭირო ნაბიჯებს? თემები უამრავი შეიძლება იყოს და ეს ძალიან ინდივიდუალურია. აქ მთავარი, რაც შეგვიძლია განვაზოგადოთ არის ის, რომ დავაკვირდეთ, სად დავკარგეთ ბალანსი, რის გამო გვაკლია სიყვარული საკუთარი თავის მიმართ და რა ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება მეტი ჰარმონიისთვის.
თუ გგონია, რომ ასაკის ან სხვა ფაქტორების გამო, შენს ცხოვრებაში რომანტიკისა და მარტივი სიამოვნებების დრო აღარაა, ეცადე, აქაც სხვანაირად შეხედო ყველაფერს. ორივე დაბნელების მმართველი პლანეტა ვენერაა, რომელიც სწორედ ამ თემებთანაა კავშირში. რით გამოხატავ საკუთარი თავის მიმართ მზრუნველობას და სიყვარულს? ბოლო როდის გააკეთე რამე საკუთარი თავისთვის? ბოლოს რით აღფრთოვანდი? ბოლოს როდის მოისმინე, რომ ვინმეს უყვარხარ და მისთვის ძვირფასი ხარ? ან შენ როდის გამოხატე გრძნობები შენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ?
დაბნელებას დაძაბული ასპექტი აქვს პლუტონთან, რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს შიშებზე გამარჯვებისა და წერტილების დასმის საჭიროებას. რა არის ის, რისგან გათავისუფლებაც მეტ კომფორტს და ჰარმონიას შემოიტანს შენს ცხოვრებაში? რა არის ის შიში, რის გამოც ვერ დგამ საჭირო ნაბიჯებს და როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება თუ ეს შიში არ იარსებებს?
ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩება გასაკეთებელი: პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და მოქმედებაზე გადასვლა, მკაფიო მიზნების დასახვა და წინ სიარული, იმ მიმართულებით, სადაც მეტი სიმშვიდე, ჰარმონია, ბალანსი და სიყვარულია.
ახალი მთვარე სასწორის 21°07-ზე გვაქვს. თუ ეს გრადუსი შენს რუკაში რომელიმე მნიშვნელოვან წერტილთან ქმნის ასპექტს, სხვებთან შედარებით ძლიერად იგრძნობ ამ დაბნელების ზემოქმედებას. იმასაც თუ შეავლებ თვალს დაბნელება შენი რუკის რომელ სახლში მოხვდება, წარმოდგენასაც შეიქმნი შენი ცხოვრების რომელ სფეროებსა და თემებზე მოახდენს მეტად გავლენას მომდევნო თვეების განმავლობაში.
მშვიდობას და სიყვარულს გისურვებთ!“, - წერს დავით ნიბლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: