Digest Logo

„პერიოდი საუკეთესოა გეგმების შესაცვლელად...“ - ოქტომბრის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები

1790851256
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

2026 წლის ოქტომბერი ერთი შეხედვით ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, გარდამტეხი და რთული თვეა, რომლის მთავარი არსი ცვლილებები და იმ პროცესების დასრულებაა, რომლებიც ჩვეული წესებით ვეღარ ვითარდება.

მის განსხვავებულობას განაპირობებს პირველ რიგში ვენერა - სასწორის მმართველი პლანეტა, რომელიც მორიელშია - ვენერასთვის ყველაზე არაკომფორტულ ნიშანში და თან ოქტომბრის დაწყებისთანავე რეტროგრადული ხდება.

ამას გარდა თვის დასაწყისში მოქმედებს დიდი ჯვრის კონფიგურაცია, პლუტონი ჯერ სტაციონარულ ფაზაში გადადის, შემდეგ კი პირდაპირ მოძრაობას უბრუნდება, თვის ბოლოს კი მერკურიც რეტროგრადული ხდება. ამ ყოველივეს ემატება დაძაბული სავსემთვარეობა, რაც ოქტომბრის ბოლო დღეებს განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს.

დაძაბულობა თვის პირველივე დღეებიდანვე იგრძნობა. ოთხ ოქტომბრამდე ნარჩუნდება დიდი ჯვარი, სადაც ერთიანდება მერკური-ქირონის, მარსი-პლუტონისა და მზე-სატურნის ოპოზიციები. ეს განლაგება ზედაპირზე ამოიტანს პრობლემებს, რომლებიც დიდხანს იგნორირდებოდა. მწვავდება ძველი უთანხმოებები, შეუსრულებელი დაპირებები, ფინანსური ვალდებულებები და პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხები. განსაკუთრებით რთულდება სიტუაცია იქ, სადაც რომელიმე მხარე პოზიციის ძალით გატანას ცდილობს. მარსისა და პლუტონის ოპოზიცია აძლიერებს კონტროლისთვის ბრძოლას, ხოლო იძულება და წნეხი კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობას წარმოშობს.

თუმცა სამყაროში ბალანსი არასდროს ირღვევა, რაც ნიშნავს, რომ სადაც კრიზისია, იქვე აქტიურდება მხარდამჭერი ენერგიებიც.

მარსისა და პლუტონის ოპოზიცია თვის პირველ ნახევარში ჰარმონიულად უკავშირდება ურანსა და ნეპტუნს. ეს გარემოებას სულ სხვა პერსპექტივას უსახავს და ჩიხში შესული საკითხებიდან არასტანდარტული გამოსავლის პოვნის შესაძლებლობას აჩენს. ურანის გავლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ, სადაც ძველი გადაწყვეტილებები აღარ მუშაობს. იმავე მეთოდებით ბრძოლის ნაცვლად, ახალი პირობების მოძებნა და პრობლემის სრულიად სხვაგვარად გადაჭრა ხდება საჭირო.

თვის ცენტრალური ფიგურა რეტროგრადული ვენერაა, რომელიც 3 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე იმოძრავებს ამ ფაზაში. ვენერა სიყვარულს, ურთიერთობებს, ფინანსებს, კომფორტსა და პირად ღირებულებებს მართავს, შესაბამისად, მისი რეტროსვლა სწორედ ამ სფეროებს ეხება. პირველი ოქტომბრიდან პლანეტა უკვე სტაციონარულ მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გავლენა თვის დასაწყისიდანვე თვალსაჩინოა.

ეს პერიოდი ხშირად აბრუნებს წარსულიდან ადამიანებსა და დაუსრულებელ სიტუაციებს. კვლავ აქტუალური ხდება ძველი საუბრები, ფინანსური ვალდებულებები და ადრე მიღებული გადაწყვეტილებები. ახალი ურთიერთობების დაწყებისას ან მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯების გადადგმისას განსაკუთრებული დაფიქრებაა საჭირო, რადგან ამ დროს არსებული სურვილები და აღქმა მოგვიანებით აუცილებლად შეიცვლება.

სიფრთხილეა საჭირო ქორწინების დაგეგმვისას, ახალი რომანტიკული კავშირების დამყარებისას ან ახალი ბიზნესის წამოწყებისას, განსაკუთრებით სილამაზის, ხელოვნებისა და ფინანსების სფეროში. იგივე ეხება გარეგნობის მკვეთრ ცვლილებებს, მათ შორის პლასტიკურ ოპერაციებსა თუ იმიჯის ექსპერიმენტებს. ის, რაც ახლა იდეალურად გვეჩვენება, პროცესის დასრულების შემდეგ სრულიად სხვაგვარად გამოჩნდება.

4-დან 9 ოქტომბრამდე მორიელის ზოდიაქოში მერკურისა და რეტროგრადული ვენერას შეერთება გველოდება. ეს პერიოდი წარსულის ძველ ტკივილებსა და მოუგვარებელ საკითხებს გაააქტიურებს, რაც განსაკუთრებით ურთიერთობებსა და ფინანსებზე აისახება. შესაძლოა თავი შეგახსენონ ყოფილმა პარტნიორებმა, გამწვავდეს ეჭვიანობა, ნდობის პრობლემები ან საერთო ბიუჯეტის თემა. ასევე, მოსალოდნელია დამალული ინფორმაციის გამჟღავნებაც.

ამ დღეებში ინტუიცია გაგიმძაფრდებათ, ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სპონტანური, იმპულსური მოქმედება წარმატებას მოგიტანთ. თუმცა, რადიკალური და შეუქცევადი ნაბიჯებისგან (მაგალითად, ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტისგან) თავი შეიკავეთ. ემოციურ ფონზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ - დაიცადეთ ნოემბრის შუა რიცხვებამდე, როდესაც პლანეტების რეტრო მოძრაობა დასრულდება, გონება გაგისუფთავდებათ და ამჟამინდელ სიტუაციას რეალურად შეაფასებთ.

7-დან 25 ოქტომბრამდე მარსისა და სატურნის ჰარმონიული კავშირი საერთო დაძაბულობის ფონზე მთავარი საყრდენი გახდება. სატურნი მარსის იმპულსურ ენერგიას დისციპლინირებულ და პრაქტიკულ კალაპოტში მიმართავს. შესაბამისად, საუკეთესო შედეგს მოგიტანთ არა სწრაფი, ნაჩქარევი რეაქცია, არამედ თანმიმდევრული და წინასწარ გააზრებული ნაბიჯები. ფინანსურ საკითხებში კი ამ პერიოდში გადამწყვეტი იქნება ხარჯების მკაცრი კონტროლი და ცივი გონებით მოქმედება.

10 ოქტომბერს სასწორის ზოდიაქოში ახალი მთვარე დგება და ლომში მყოფ იუპიტერთან ჰარმონიულ კავშირს ქმნის. ეს პერიოდი შესაძლებლობების უნიკალურ შანსს აჩენს, რადგან სასწორი პარტნიორობას, ბალანსსა და დიალოგს უკავშირდება. ახალი მთვარე იდეალურია ურთიერთობების აღსადგენად, თანამშრომლობის პირობების განახლებისა და ისეთი კომპრომისის მოსაძებნად, რომელიც ორივე მხარეს თანაბრად აწყობს.

თუმცა, ვინაიდან სასწორის მმართველი პლანეტა - ვენერა - ამ დროს მორიელშია და თანაც რეტროგრადულია, ახალ ეტაპს ძველი პრობლემების იგნორირებით ვერ დაიწყებთ. აუცილებლად მოგიწევთ იმ საკითხებთან დაბრუნება, რამაც თავის დროზე ბალანსი დაარღვია. გამოიყენეთ ეს პერიოდი, როგორც საუკეთესო შანსი წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ასტროლოგიური ატმოსფერო ეტაპობრივად იცვლება. ამ დროს ყურადღების ცენტრში პლუტონი ექცევა, რომელიც 12-დან 19 ოქტომბრამდე გაჩერდება (სტაციონარულ ფაზაში იქნება), 15 ოქტომბერს კი პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს.

პლუტონის შემობრუნება მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია, რადგან ეს პლანეტა ღრმა, შინაგან ტრანსფორმაციებს მართავს. ყველაფერი, რაც აქამდე თქვენს შიგნით დიდხანს მწიფდებოდა, ახლა გარე მოვლენებში აისახება. შესაბამისად, 16-დან 20 ოქტომბრამდე პერიოდი საუკეთესოა გეგმების შესაცვლელად და იმ მიმართულებების გასამყარებლად, რომლებმაც კრიზისს გაუძლო და თავისი სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა.
ოქტომბრის ბოლო კვირა კვლავ წარსულის თემებისკენ გვაბრუნებს.

21 ოქტომბერს მზე პლუტონთან დაძაბულ ასპექტს (კვადრატს) ქმნის, 23 ოქტომბერს მზე მორიელის ზოდიაქოში გადადის, 24-ში მერკური ხდება რეტროგრადული, ხოლო 25 ოქტომბერს ვენერა კვლავ სასწორში ბრუნდება. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ის საკითხები, რომლებიც თვის დასაწყისში წამოიჭრა, ახლა საბოლოო სახეს იღებს და გადაწყვეტილებების მისაღებად დამატებითი დრო ხდება საჭირო.

26 ოქტომბრის სავსემთვარეობა თვის ყველაზე კრიზისული და დაძაბული წერტილია. მზისა და რეტროგრადული ვენერას შეერთება ოპოზიციას ქმნის მთვარესთან და ქირონთან. ეს კონფლიქტი ასევე უკავშირდება პლუტონს, ხოლო ლილიტისა და სამხრეთ კვანძის გავლენა წარსულის თემებს კიდევ უფრო ამწვავებს. შედეგად, ზედაპირზე ამოტივტივდება ძველი წყენა, ეჭვიანობა და კონტროლის სურვილი, რაც ნათლად დაგანახვებთ, თუ კონკრეტულად სად არის დარღვეული ბალანსი.

ვენერას დაბრუნება სასწორში ურთიერთობებს შედარებით ჰარმონიულ მიმართულებას აძლევს, თუმცა მერკურის უკუსვლა თვის ბოლო დღეებში იწვევს შეფერხებებს, კომუნიკაციის ხარვეზებსა და გეგმების იძულებით ცვლილებებს.

27-დან 31ოქტომბრამდე ახალი საქმეების წამოწყება ნაკლებად პერსპექტიულია. უმჯობესია ყურადღება დაეთმოს უკვე დაწყებული პროცესების ანალიზს, შეცდომების გამოსწორებასა და იმ ნაბიჯების მომზადებას, რომლებიც ნოემბერში გაგრძელდება. ნოემბერში, რეტროგრადული პერიოდების დასრულებასთან ერთად, ბევრი საკითხი სულ სხვა დინამიკას შეიძენს.

საბოლოო ჯამში, ოქტომბერი მოითხოვს მოთმინებას, გონიერებასა და თანმიმდევრულობას. ეს არის დრო, როდესაც ჩვეული გეგმები და მეთოდები ვეღარ მოგვცემს სასურველ შედეგს. ზოგიერთი ურთიერთობა, შეთანხმება თუ ცხოვრებისეული გზა ახალ რეალობასთან ადაპტაციას ითხოვს. მთავარია არა მხოლოდ იმის დანახვა, რა დასრულდა, არამედ იმის გააზრებაც, რა უნდა შეიცვალოს მომავალი სტაბილურობისთვის.

ამ თვეში გადამწყვეტია ემოციურ ფონზე გადაწყვეტილებების არმიღება და გარე ზეწოლისგან დისტანცირება. თუ რომელიმე მიმართულება მუდმივ წინააღმდეგობას წარმოშობს, მისი ტრანსფორმაცია ან მასზე უარის თქმა სრულიად კანონზომიერი პროცესია. წარსულიდან დაბრუნებული ადამიანები და სიტუაციები გვეხმარება საბოლოოდ გავარკვიოთ, რა დარჩა დაუსრულებელი და რა უნდა დავტოვოთ სამუდამოდ.

ოქტომბრის მთავარი ამოცანაა სწორი გზის პოვნა და არა უშედეგო წინააღმდეგობაში ენერგიის დახარჯვა. იქ, სადაც ძველი მეთოდი ამოიწურა, საჭიროა ახალი ხედვა, სადაც ურთიერთობა ღირებულია - გულწრფელი დიალოგი, ხოლო სადაც ფორმამ შინაარსი დაკარგა - ცვლილების მშვიდად მიღება, რაც მომდევნო ეტაპზე გადასვლის აუცილებელი წინაპირობაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დახვეწილი ესთეტიკა და ვინტაჟური განწყობა - კრისტი ყიფშიძის ახალი ფოტოსესია

⭕ ახალი სიმღერა და ემოციური ფოტოები სცენიდან - მარიამ ელიაშვილის სიახლე გამომწერებს

⭕ როგორ გავხადოთ ხილით წახემსება სრულყოფილი - არუნ ხათრის რჩევები და ჯანსაღი ბალანსი

წყარო: www.facebook.com

✕