Digest Logo

„ქრისტე არის არა მხოლოდ მხსნელი, არამედ სამყაროს აღმშენებელი პრინციპი, ეს არის ღრმა ელემენტი ქართულ ქრისტოლოგიაში“ - ქეთევან ჯანდიერი სვეტიცხოვლის ფრესკაზე

1763391891
ქეთევან ჯანდიერი

„სვეტიცხოვლის ზოდიაქოს ფრესკა განთავსებულია ღვთისმსახურების ცენტრალურ სივრცეში, სადაც ტაძრის არქიტექტურა ქმნის ღერძს „ქუდიდან მიწამდე“ ციური და მიწიერი სამყაროს შეერთებას. ეს მდებარეობა ვფიქრობ, შემთხვევითი არაა: ზოდიაქო „ზედა სამყაროს“ ერთგვარ რკალს წარმოადგენს, ხოლო ქრისტე - ამ ტაძრის ცენტრალურ ღერძზე, ანუ სამყაროს შუაგულში მდგომ ძალად იკითხება. სვეტიცხოვლის გუმბათი შექმნილია როგორც კოსმოსის მოდელი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი, ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი წერს და ამბობს, რომ ქრისტეს ცენტრალური გამოსახულება ხაზს უსვამს შუა საუკუნეების ქართული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი მთავარ პრინციპს: ქრისტე არის კოსმოსის ცენტრი, სამყაროს ორგანულ წესრიგში.

„ეს ფრესკა სვეტიცხოველშია, მე გიამბობთ, სვეტიცხოვლის ფრესკის მიხედვით 12 ზოდიაქოზე, როგორც 12 სულიერ კარიბჭეზე! არ მოძებნო მხოლოდ შენი ზოდიაქოს ნიშანი! ეს მთლიანი და ერთი სრულია 12 ნაწილად ჩაშლილი! ვეცდები ჩემი ნაშრომიდან, ყველაზე საინტერესო ნაწილები გადმოგცეთ ამ პოსტში, რომ არ იყოს ზედმეტად ვრცელი და გადამღლელი თქვენთვის.. 

ტაძრის სრული სახელწოდებაა სამების სვეტიცხოველი, ის აშენდა IV-V საუკუნეებში, როცა ქრისტიანობა საქართველოში უკვე ოფიციალურად აღიარებული იყო. სვეტიცხოველი სიმბოლოა ქართული სარწმუნოების და ეროვნული ერთიანობის. აქ ინახებოდა სვეტიცხოვლის ხელნაწერი სახარება და სხვა სიწმინდეები, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის დამკვიდრებას უკავშირდება.

სვეტიცხოვლის ზოდიაქოს ფრესკა განთავსებულია ღვთისმსახურების ცენტრალურ სივრცეში, სადაც ტაძრის არქიტექტურა ქმნის ღერძს „ქუდიდან მიწამდე“ ციური და მიწიერი სამყაროს შეერთებას. ეს მდებარეობა ვფიქრობ, შემთხვევითი არაა: ზოდიაქო „ზედა სამყაროს“ ერთგვარ რკალს წარმოადგენს, ხოლო ქრისტე - ამ ტაძრის ცენტრალურ ღერძზე, ანუ სამყაროს შუაგულში მდგომ ძალად იკითხება. სვეტიცხოვლის გუმბათი შექმნილია როგორც კოსმოსის მოდელი. ფრესკის გაჩენა სწორედ ამ გუმბათის ქვეშ, ან მის არქიტექტურულ წერტილთან, ნიშნავს: „კოსმოსი მოძრაობს ქრისტეს გარშემო“.

ზოგადად, გუმბათი ქართულ ტრადიციაში არის ციური სივრცის არქიტექტურული სიმბოლო, ხოლო ზოდიაქო, ციური წესრიგის ვიზუალური ენა. ეს ფრესკა, სვეტიცხოვლის ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, რადგან ჩვეულებრივ დასავლური ან აღმოსავლური ეკლესიების ფრესკებზე ზოდიაქოს ნიშნები არ არის. აქ ისინი ქრისტეს სულიერ სამყაროსა და სამყაროს წესრიგთან დაკავშირებული სიმბოლიკის ნაწილად გვევლინებიან.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ფრესკაზეა, არა მხოლოდ ასტროლოგიური ნიშნებია, არამედ ისინი ადამიანის ცხოვრებასა და ღმერთთან კავშირს ახასიათებენ, რითაც შუა საუკუნეების ქართული ეკლესიის კოსმოლოგიური ხედვა გამოიხატება.

ცენტრალური ადგილი ფრესკაზე ქრისტეს უკავია, ხოლო ზოდიაქოს ნიშნები — წრედ, მის გარშემო. ეს იდეა ეფუძნება ქრისტიანულ კოსმოლოგიას: ქრისტე = სიტყვა, რომლისთვისაც შეიქმნა სამყარო. ზოდიაქო = ყოველი ქმნილების მოძრაობა და დროის სვლაა. ამგვარად, ფრესკა აცხადებს: სამყაროს დრო (ზოდიაქო) ღმერთის სიტყვისგან (ქრისტისგან) იღებს ძალას. ვფიქრობ რომ, ეს არის ყველაზე ძლიერი თეოლოგიური (ქრისტოლოგიური) აქცენტი, რაც შეიძლება გაკეთდეს კოსმოლოგიური ენით.

ქრისტეს ცენტრალური გამოსახულება, ხაზს უსვამს შუა საუკუნეების ქართული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი მთავარ პრინციპს: ქრისტე არის კოსმოსის ცენტრი, სამყაროს ორგანულ წესრიგში. მისი პოზა ხშირად არის ტრადიციული: ხელები გაშლილი ან წიგნი მარცხენა ხელში, რაც სიმბოლურად „ყველა ცოდნისა და წესრიგის გამყოფის” ნიშანია. ზოდიაქოს ნიშნები მის გარშემო, წარმოადგენს ღმერთთან დაკავშირებულ ადამიანურ ცხოვრების ციკლს..

ფრესკა გადმოგვცემს 4 უმნიშვნელოვანეს იდეას:

სამყარო არ არის ქაოსი - ის არის წესრიგი. ზოდიაქო ქრისტიანულ კოსმოლოგიაში წარმოადგენს არა „ბედს“, არამედ ღმერთის მიერ დადგენილ ჰარმონიას.

ადამიანი მერყეობს დროის და მარადისობის შუაში. ზოდიაქო = დრო, ქრისტე = მარადიულობა, ანუ, ეს ფრესკა ამბობს: „ადამიანი დროის კარს გადის, რათა მარადისობას მიუახლოვდეს“.

ქრისტე არის არა მხოლოდ მხსნელი, არამედ სამყაროს აღმშენებელი პრინციპი. ეს არის ღრმა ელემენტი ქართულ ქრისტოლოგიაში.  ლოგოსი არა მხოლოდ „სიტყვაა“, არამედ კოსმოსის არქიტექტორი. ხოლო, ზოდიაქოს თითო ნიშანი სულიერი განვითარების ეტაპია. ბოლოს ყველაფერი კვლავ ცენტრში, ქრისტესთან ბრუნდება. ვფიქრობ, რომ ესაა, სვეტიცხოვლის ფრესკის ყველაზე მნიშვნელოვანი თეოლოგიური მესიჯი.

აქ არის:

სიცოცხლის მოძრაობა, ბუნების კავშირი, სიმბოლოთა მრავალფეროვნება. ამით ფრესკა ხდება არა უბრალოდ ნახატი, არამედ თეოლოგიური დიაგრამა, სადაც ყოველი ელემენტი სულიერი აზრის მატარებელია. ამაზე წერა უსასრულოდ შეიძლება და აუცილებლად დავბრუნდები თუ სურვილი გექნებათ სხვა საინტერესო აღმოჩენებით..

სვეტიცხოვლის ფრესკის მიხედვით - 12 ზოდიაქო, როგორც 12 სულიერი კარიბჭეა. ოღონდ, საჭიროა წაიკითხოთ სრულად, არ ეძებოთ თქვენი ნიშანი და მისი განმარტება, რადგან ყველა ზოდიაქოს ნიშნის მთლიანობაა ცენტრი! აქ თითოეული ნიშანი წარმოჩენილი იქნება არა ასტროლოგიურად, არამედ როგორც შუა საუკუნეების ქართული კოსმოლოგიის სულიერი არქეტიპი (12 მოციქულზე შემდეგ სერიაში გიამბობთ).

ვერძი — დასაბამი და ნათლის ამოსვლა

ვერძი წარმოადგენს სულიერი გზის პირველ ნაპერწკალს — იმ გზას, როცა ადამიანი წყვეტს ქაოსურ მოძრაობას და იწყებს შინაგან აღორძინებას. ეს არის გაღვიძების ჟამი, პირველი შინაგანი „დიახ“, რომელიც სინათლისკენ მიმართულ ნაბიჯად იქცევა.

სიმბოლო: თავდაყირა კარიბჭის გახსნა — ძველი რეალობის გადაბრუნება და ახალი ცნობიერებისკენ შესვლა.
სულიერი აზრი: „გააღვიძე შენი ძილი“.

კურო / ხარი — მასშტაბი, სიმტკიცე და მიწის ძალაა. ხარი აღნიშნავს სულიერი გზის გამყარებას — იმ ფაზას, როცა პირველ ნაპერწკალს პრაქტიკული ფორმა ეძლევა.

ეს არის ეტაპი, სადაც გადაწყვეტილება ბრუნდება მიწისკენ, სხეულისკენ, რეალურ ცხოვრებაში განხორციელებისკენ.
ხარი ასწავლის ჰარმონიას მატერიალურ სამყაროსთან: შექმნას, შრომას, სტაბილურობას და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებას.

სულიერი აზრი: „რაც დაიწყე, ფესვები გაუმყარე“.

ტყუპები — სიტყვა, გონება და ორი ბუნების შერიგებაა. ტყუპები წარმოადგენს გონებრივი სინათლის არქეტიპს — იმ ეტაპს, როცა ადამიანი სწავლობს აზროვნების ძალას და იწყებს საკუთარი შინაგანი დიალოგის თავისუფლებას.

ეს არის სამყარო, სადაც სიტყვა ხდება ხიდი: მისტიკურსა და რეალურს, მსუბუქსა და ჩრდილს, ცნობიერსა და გაუცნობიერებელს შორის. ტყუპები ასწავლის, რომ ადამიანს აქვს ორი ბუნება — ნათელი და ჩრდილი — და სულიერი გზა იწყება მაშინ, როცა ისინი ერთმანეთს ეთანხმებიან, ეზიარებიან და ერთ მთლიანობას ქმნიან.

სულიერი აზრი: „შენი სიტყვა არის შენი კარმა“.

კირჩხიბი - შინ დაბრუნება და გულის კარიბჭის გახსნა. კირჩხიბი აღნიშნავს სულიერი გზის იმ ფაზას, სადაც ადამიანი შინააკეცავს ენერგიას და იწყებს საკუთარი გულის სივრცეში ჩასვლას. ეს არის დაბრუნება შინ - პირველ შეხებაზე, პირველ წყაროზე, პირველ ჭრილობებზე და პირველ სინათლეზე.

კირჩხიბი ასწავლის: წარსულის მოშუშებას, ემოციური სხეულის წმენდას, თავის მიმართ სითბოსა და დროის მიძღვნას, შინაგანი უსაფრთხოების პოვნას, რომელიც გარეთ არასდროს იპოვება, თუ შიგნით არ შეიქმნება.

სულიერი აზრი: „დაბრუნდი პირველ წყაროსთან“.

ლომი — შინაგანი შუქი, ძალა და ღირსება. ლომი წარმოადგენს ქრისტეს შუქის პირველ შინაგან განცდას, სულიერი გზის იმ ფაზას, სადაც ადამიანი იწყებს საკუთარი ძალის, ღირსებისა და იდენტობის გაბრწყინებას. ეს არის შინაგანი სიმამაცე, რომლის საშუალებით ადამიანი აღიქვამს საკუთარ ადგილს სამყაროში, არ ეშინია სინათლის და ასახავს მას სხვებისთვისაც.

ლომი ასწავლის, რომ ძალა და ავტორიტეტი შეიძლება იყოს სიყვარულით გამყარებული, არა ეგომანიით. სისხლისა და სურვილის ნაცვლად, სულიერი ენერგია იქცევა ნათელ გზად და შინაგანი სინათლის გამოხატულებად.

სულიერი აზრი: „ნამდვილ დიდ სიყვარულშია ძალა, არა ეგომანიაში“.

ქალწული — წმენდა, სულიერი დისციპლინა, სიზუსტე. ქალწული აღნიშნავს სულიერად აუცილებელ „მიწის დასუფთავებას“. ეს ფაზა გულისხმობს: დეტალების გაცნობიერებას, სხეულისა და სულიერების ჰარმონიულ მოწესრიგებას, შინაგანი წესრიგის დამყარებას, რაც სულიერი ზრდის საფუძველია.

სულიერი აზრი: „განწმენდა = გზა ნათლისკენ.

სასწორი — კოსმოსური წონასწორობა და ბალანსი. სასწორი წარმოადგენს კარმული ბალანსის სიმბოლოს — ეტაპს, სადაც ადამიანი სწავლობს საკუთარი ქმედებების ტოლობას და შიდა სიმშვიდის შენარჩუნებას. ეს ნიშანი ასწავლის ურთიერთობების მართვას, გადაწყვეტილებების მიღებას და გონებრივი ჰარმონიის მიღწევას.

სულიერი აზრი: „ყოველი ქმედება ორნაირ ეფექტს ქმნის, იფიქრე ამაზე“.

მორიელი — გარდასახვა, სიკვდილი და შობა. მორიელი სიმბოლურად წარმოადგენს სიკვდილისა და შობის ერთიანობას. ეს ფაზა არის შინაგანი ჩრდილის ხილვა და ძველი „მე“-ს დამსხვრევა, რაც აუცილებელია სულიერი წინსვლისთვის.

გარდასახვა აქ არ არის გამანადგურებელი, არამედ ტრანსფორმაციული პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს სულიერ ენერგიას აღდგეს უფრო ძლიერად და სინათლისკენ მიმართულად.

სულიერი აზრი: „სულიერი წინსვლა ღრმა გარდასახვას საჭიროებს“.

მშვილდოსანი — მიზანი, ხედვა და სიზუსტე. მშვილდოსანი წარმოადგენს სულიერი გზის იმ ფაზას, სადაც ადამიანი აღადგენს კავშირს საკუთარ ღრმა მიზანთან.

ეს არის გონებრივი ხედვის გაფართოება, ფილოსოფიური შეხედულებების მიღება და სულიერი მსროლელის სიზუსტე, რომელიც სწორი მიმართულებით ისვრის ენერგიას.

სულიერი აზრი: „შენ ხარ ისარი, რომელსაც გზა უნდა ჰქონდეს“. 

თხის რქა — სიმტკიცე, მოთმინება და სიბრძნის სიმაღლე. თხის რქა წარმოადგენს სულიერი ზრდის სიმბოლოს, სადაც ადამიანი წვალებით ადის მთაზე და ეჭიდება უფრო მაღალ, სულიერ რეალობას.

სიმტკიცე, მოთმინება და მედგრობა აქ ასწავლის, რომ სულიერი წინსვლა მოითხოვს მთის აღებას არა როგორც დაბრკოლების, არამედ როგორც გზის აღქმა.

სულიერი აზრი: „მთა აღარაა დაბრკოლება — ის გზაა“.

მერწყული — სულიერი ინოვაცია და თავისუფლება. მერწყული წარმოადგენს გონივრულ თავისუფლებას და შინაგანი ენერგიის უცნაურ, მაგრამ წმინდა მოძრაობას. ეს ნიშანი ასწავლის ხედვის გაფართოებას, ახალი შესაძლებლობების აღქმას და შინაგანი ინოვაციის განსახორციელებლად მზადყოფნას.

სულიერი აზრი: „გიყვარდეს თავისუფლება ისე, რომ სხვასაც მისცე“.

თევზები აღნიშნავს გზის ბოლო კარიბჭეს, სადაც ადამიანი მზად ხდება საკუთარი ეგოს შეზღუდული საზღვრების გასვლა და უფრო დიდი რეალობის ნაწილი გახდეს. ქრისტიანობაში თევზის სიმბოლო გამორჩეულია — ის იყო ქრისტეს საიდუმლო ნიშანი, ერთიანობის, მსხვერპლისა და სულიერი ღვაწლის გამოხატულება.

თევზების ენერგიაში ხდება: ეგოს დათმობა, მაგრამ არა საკუთარი თავის დაკარგვა. სიყვარულით შერწყმა, არა გაქრობა.

სულიერი აზრი: „ეგოისტური ზრახვების დათმობა — დაკარგვა კი არა, საკუთარ ჭეშმარიტ ‘მე’-ს ღმერთისკენ მიყვანაა“.

ფრესკა გვიყვება ძალიან მარტივ, მაგრამ ძალიან ღრმა ამბავს: თურმე, ადამიანი დაყოფილია 12 ძალად – ემოციები, ინსტინქტები, გონება, ზრდა, შიში, სიყვარული. მხოლოდ ქრისტეს ცენტრში მოხვედრისას ეს 12 ნაწილი ერთიანდება. ამიტომ ზოდიაქო არ არის ბედისწერა - ის არის ათასფრთიანი ბუნება, რომელიც ცენტრისკენ მიმართული უნდა იყოს და ცენტრში ყოველთვის არის ქრისტე — როგორც სამყაროს გული“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ნებისმიერ ქაღალდის კუპიურაზე ერთხელ გაიმეორეთ... არ დახარჯო, შეინახე ცალკე“ - ფულის მოსაზიდი მარტივი პრაქტიკა

„სიყვარული ის ძალაა, რომელიც ადამიანს ანათებს - როცა გიყვარს, თავადვე იქცევი სინათლის წყაროდ“ - როგორ ამოვიცნოთ შეყვარებული ადამიანი

🎥 „ფუნდამენტი უნდა ჩავუყაროთ ყველაფერს მნიშვნელოვანს... ნუმეროლოგიურად, 2026 ახალი ციკლის დასაწყისია“ - ქეთი ოდიშელი ცეცხლოვანი ცხენის წელზე