ძველ სამყაროში ყველა ბალახს სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა და მაგიურ რიტუალებშიც უხვად იყენებდნენ. ამჯერად განვიხილავთ ოხრახუშისა და პიტნის, ჩვენი სამზარეულოსთვის ამ ძალიან პოპულარულ სანელებელთა მაგიური თვისებების ავ-კარგს. გაიგებთ, რატომ ეშინოდათ ძველად ოხრახუშის და რის შთაგონების ძალა აქვს პიტნის სურნელს. თუ როგორ უნდა გამოიყენოთ თილისმად და ბოროტი თვალისგან დაცვის საშუალებად ერთიც და მეორეც, ამას შეიტყობთ ეზოტერიკოსის ინტერვიუდან.
„დავიწყოთ ოხრახუშით. მისი მაგიური დანიშნულებით გამოყენებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მიიჩნევდნენ, რომ ამ მწვანილს ბოროტი სულების განდევნა და კეთილდღეობის მოტანა შეეძლო, რამაც სხვადასხვა რიტუალისა და შელოცვების ძლიერ ინსტრუმენტად აქცია. ისტორიული და ფოლკლორული მონაცემების მიხედვით, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ოხრახუშს ნემეის მეფის ვაჟის, არქემოროსის სახელს უკავშირებენ. ჩვილი უფლისწული ძიძის წამიერი უყურადღებობის მსხვერპლი გახდა - გველმა დაკბინა. გველი კი მოკლეს, მაგრამ ბიჭი დაიღუპა. მას შემდეგ ამ ბალახს საფლავებზე რგავდნენ და მისგან დაკრძალვის გვირგვინებს წნავდნენ. ასევე, პერსეფონე (ნაყოფიერებისა და მიწისქვეშა სამყაროს ქალღმერთი და მმართველი) ხშირად ოხრახუშის კონით ხელშია გამოსახული. იმ დროს მიაჩნდათ, რომ ოხრახუში, რომელიც მიცვალებულთა სამყაროსთან ასოცირდება, არა მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანების, არამედ ცხოველების მოუსვენარი სულების დამშვიდებასაც შეძლებდა. ამიტომ, მისი სანელებლად გამოყენება დაიწყეს ხორცის კერძებში, რათა დაკლული ცხოველების სულები დაემშვიდებინათ. ძველი ბერძნები მას არ მიირთმევდნენ და არც შენობაში ახარებდნენ, რათა სახლში სიკვდილი არ შეეტანა, მხოლოდ ცხენების საკვებად იყენებდნენ. რომაელები და ბერძნები ოხრახუშს სამარხებში რგავდნენ და ასე რთავდნენ იქაურობას, რათა მიცვალებულებს საფლავები არ დაეტოვებინათ. ერთი ლეგენდის მიხედვით: ოხრახუში იმდენად იყო დაკავშირებული სიკვდილთან, მთელ არმიას წინ რომ ოხრახუშით სავსე ტომარა აკიდებული ვირი შემოხვედროდა, სიკვდილის მაცნედ მიიჩნევდნენ და ბრძოლის ველიდან გამობრუნდებოდნენ.
- „ოხრახუში, ბატონებო, უკან დაიხიეთ!“ - ასე შესძახებდნენ ხოლმე?
- ალბათ, თუმცა რომაელები პირიქით, მას გამარჯვებისა და ბოროტებისგან ხსნის საშუალებად მიიჩნევდნენ. საკვების დაბინძურებისგან დაცვის მიზნით, ოხრახუში სუფრაზეც მიჰქონდათ და ჭამის შემდეგ სუნთქვის გასაახლებლად მიირთმევდნენ. აქედან წარმოიშვა მისი გარნირად გამოყენების ტრადიცია. რომაელები ოხრახუშით, თავიანთ ტოგებსაც რთავდნენ, რათა დაცული ყოფილიყვნენ და ინტოქსიკაციის ასარიდებლად, თავზე მის გვირგვინსაც იდგამდნენ. ევროპული ფოლკლორი ამბობს, მხოლოდ მამაკაცებსა და ჯადოქრებს შეუძლიათ ოხრახუშის სწორად მოყვანა და საუკეთესო მოსავლის მისაღებად ის დიდ პარასკევს უნდა დაირგოს, რადგან, სანამ თესლი ჯერ ჯოჯოხეთს მოივლის და მერე უკან დაბრუნდება, აღმოცენებამდე დიდი დრო სჭირდებაო. ოხრახუშის დამრგველ ქალწულს კი ეშმაკი დაეპატრონებაო. რაც შეეხება ინგლისს, იქ ბავშვებს აჯერებდნენ, რომ ოხრახუშის ფოთლებში იპოვეს, ნაცვლად საყოველთაოდ გავრცელებული ვერსიისა, რომლის მიხედვითაც კომბოსტოს აქვს იგივე ფუნქცია. შუა საუკუნეების ევროპელებს კი მიაჩნდათ, რომ ოხრახუშის ღერის მოწყვეტა, მსხვერპლის სახელის დასახელებასთან ერთად, შეაძლებინებდა მის მოკვლას. ასეთია უძველესი საყოფაცხოვრებო მაგია!
- თანამედროვე ოხრახუშთან დაკავშირებით რა ხდება?!
- ოხრახუშის მაგია დღესაც მუშაობს. მას იყენებენ რიტუალური აბაზანებისა და საკმევლისთვის, მიცვალებულთა სულებთან დასაკავშირებლად. ის ასევე, იცავს ადამიანს ნეგატიური ენერგიებისა და არსებებისგან. მოათავსეთ ოხრახუში ტომსიკებში, ავგაროზებში, ან გამოიყენეთ დამცავ შელოცვებსა და რიტუალებში. ეს მცენარე აძლიერებს ინტუიციას და მკითხაობის უნარს - შეგიძლიათ გამხმარი ოხრახუში დაწვათ და მისი კვამლი მედიტაციის ოთახში აკმიოთ. ამ ბალახს შეუძლია სიყვარულისა და ვნების გაღვივება, ნაყოფიერების სტიმულირება. ამიტომ, იყენებენ სასიყვარულო შელოცვებისთვის, ათავსებენ ავგაროზებში და სხეულზე ატარებენ რომანტიკული ენერგიის გასაძლიერებლად. ასევე, მიიჩნევა, რომ ოხრახუშის ტარება ან ჭამა ადამიანს ლოთობისგან იცავს, სასიცოცხლო ძალებით აღავსებს და ვნებას უმძაფრებს. იმასაც ამბობენ, წელიწადში სამჯერ თავზე ოხრახუშის თესლს თუ დაიყრით, სიმელოტეს თავიდან აიცილებთო!
- ოხრახუშის მაგიაზე ნამდვილად არაფერი ვიცოდი, მაგრამ პიტნაზე კი - მსმენია... რას გვეტყვით ამ, მართლაც, მაგიური სურნელის მცენარეზე?
- ჩვენი წინაპრები, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იყენებდნენ პიტნას ყველანაირი ეზოტერული მიზნით: მის კვამლს მეხსიერების, კონცენტრაციისა და ინტუიციის გასაუმჯობესებლად ისუნთქავდნენ; შემოქმედთათვის შთაგონების წყარო გახლდათ. ზოგ ქვეყნებში კი, ძველად გოგონები მას საქმროს მოსახიბლად, ჯადოქრულ რიტუალებში იყენებდნენ. პიტნა წყევლისა და ბოროტი თვალისგან დამცავი ძლიერი თილისმაა და გირჩევთ, ყოველთვის თან ატაროთ პატარა ტილოს ტომსიკით ან უბრალოდ, ჯიბეში ჩაიდოთ. ის აუცილებლად დაგეხმარებათ როგორც მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს, ასევე ყოველდღიურ საქმეებში. პიტნის არომატი ფულის ნამდვილი მაგნიტია. ამიტომ, საფულეში რომ ყოველთვის „ტკიცინებდნენ“ კუპიურები, უბრალოდ, პიტნის ერთი-ორი ფოთოლიც ჩაამატეთ. მალევე იგრძნობთ ფინანსებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს. ასევე, შეეცადეთ, უფრო ხშირად გამოიყენოთ პიტნა ჩაიში ან კერძებში: მისი მაცოცხლებელი არომატი თავდაჯერებულობას შეგმატებთ. რაც შეეხება სახლს, მასში დაგროვილი მენტალური და სხვა ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდას შეძლებთ, თუ არომასანათის საშუალებით ეთერზეთს მთელ ფართობზე „მოაპკურებთ“. პიტნის სურნელი ნეგატივს განდევნის და სასიამოვნო არომატის გარდა, კეთილდღეობასაც შემატებს ოჯახს. პიტნას თუ ქოთანში გაახარებთ და სახლში, ფანჯრის რაფაზე დადგამთ - ოჯახი სიმშვიდითა და კომფორტით აივსება. ოფისში კი პიტნიანი ქოთანი მაგიდაზე უნდა დადგათ, რათა მცენარის სურნელებამ თავდაჯერება შეგმატოთ და კარიერაში წინ წაიწიოთ. მაშ ასე, იზრუნეთ საკუთარ თავსა და ახლობლებზე - ჩვენი სურნელოვანი „მეგობრები“ კი, თქვენი დამხმარე ძალა იქნება ამ კეთილშობილურ საქმეში!“
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge