Digest Logo

რატომ მიმართავენ გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანები დახმარებისთვის გარდაცვლილის სულს და რეალურად მუშაობს თუ არა ეს მეთოდი?

1788183507
ბნელი სულებიბნელი სულები

შეუძლია თუ არა გარდაცვლილს ცოცხლების დახმარება და როგორ უნდა მივმართოთ მას ამისთვის, - ეს კითხვა არც თქვენ გასვენებთ, არა?! მით უმეტეს, უტყუარად თუ არა, ყურმოკვრით მაინც ყველამ იცის, რომ გარდაცვლილს დახმარებისთვის უძველესი დროიდან მიმართავდნენ და ამის პრაქტიკა დღემდე არსებობს. თუ როგორ დგება კავშირი გარდაცვლილი ახლობლის სულთან, როგორ ვინახავთ ემოციებს „მეხსიერების პირად ბარათზე“ და გამართლებულია თუ არა ასეთი „მიმართვები“, ამ ყველაფერზე „თბილისელებს“ ეზოტერიკოსი ესაუბრა:

- ადამიანები ხშირად მიმართავენ წმინდანებს ან გარდაცვლილ ახლობლებს და ამას აკეთებენ ინტუიციურად, განსაკუთრებით ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში, როდესაც დახმარების გამწევი სხვა არავინაა. წარმოიდგინეთ, რომ ხელახლა დაუკავშირდით ადამიანს, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგეთ, რა კითხვებს დაუსვამდით ან რას სთხოვდით? ბევრი ჰყვება ისტორიებს, როგორ გამოეცხადა სიზმარსა თუ ცხადში საყვარელი ადამიანი: დედა, მამა, ბებია, ბაბუა. როგორც წესი, ასახელებენ მათ, ვისთანაც განსაკუთრებით ძლიერი ემოციური კავშირი ჰქონდათ. ეს ფენომენები ხშირად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ადამიანი გონებაში დახმარებისთვის გარდაცვლილ ახლობელს მიმართავს. სასოწარკვეთილებაში მყოფნი ხშირად სიცარიელეში მთელი ხმით, განწირულნი ვყვირით და ზოგჯერ ამას მოულოდნელი შედეგიც მოჰყვება. მეცნიერება ჯერ ვერ ხსნის ამ მოვლენას. ზოგს მიაჩნია, რომ ქვეცნობიერის წარმოსახვასა და აზრებს შეუძლია, ადამიანს დაეხმაროს გადაწყვეტილებების მიღებაში. შედეგად, დაბრკოლებები ქრება, დაავადებები უკან იხევს და ყველაზე რთული სიტუაციებიდანაც კი ხერხდება გამოსავლის პოვნა... და ეს კვლავ და კვლავ ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება, ისევე როგორც რწმენა და მარადიული სიყვარული, რომელიც ცოცხლებსა და გარდაცვლილებს ერთმანეთთან აკავშირებს.

- და თუ მართლა შეუძლია გარდაცვლილს ცოცხლების დახმარება, როგორ უნდა მივმართოთ მას ამისთვის?

- სინამდვილეში, გარდაცვლილისგან დახმარების მიღების პროცესი მუშაობს და ამას დაინახავთ თავადაც. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი მრავალი მოვლენის მოწმე და მონაწილეა, განიცდის სხვადასხვა ემოციურ ზეწოლას. ყოველი ემოცია კი, თავისთავად არის ენერგია, რომელსაც ჩვენ საკუთარ ქვეცნობიერში, სხეულსა და სულში ვაგროვებთ. სიკვდილის შემდეგ, ერთადერთი, რაც სულთან რჩება და შემდეგ ინკარნაციაში გადადის, არის შეგნებული ცხოვრებისეული გამოცდილება. ემოციები, მოგონებები და განცდილი მოვლენები ფანტომის სახით ინახება. ეს ჰგავს მეხსიერების ბარათს, რომელიც შეიცავს პირად ისტორიას, სურათებს, მოგონებებსა და გრძნობებს. ეს ყველაფერი კადრებად ინახება მეხსიერებაში. როდესაც ოჯახი გარდაცვლილ ნათესავს იხსენებს, მოგონებები ენერგეტიკულად „უჭერენ“ მხარს მის წარმოსახვას.

- ესე იგი, ქვეცნობიერი პერსონალური ინტერნეტია?

- ეს „მეხსიერების ბარათები“ ინახება საერთო ენერგეტიკულ-ინფორმაციულ სივრცეში, რომელიც მართლაც შეიძლება შევადაროთ ჩვენი ქვეცნობიერისთვის ხელმისაწვდომ ინტერნეტს. როდესაც გარდაცვლილზე ვფიქრობთ, ოცნებებში ვაცოცხლებთ ან მწუხარების მომენტში მივმართავთ მას, ქვეცნობიერი აქტიურდება და გარდაცვლილის ენერგოსტრუქტურას უერთდება. ჩვენ ვიხსენებთ როგორი ძლიერი და ბრძენი იყო და მის რჩევებსაც სრულ ჭეშმარიტებად აღვიქვამთ. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ კიდეც მათ და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად ვიღებთ. თუ გარდაცვლილმა ჩვენში სიყვარულის ძლიერი გრძნობა გამოიწვია და ეს ორმხრივი იყო, მაშინ კონტაქტის მომენტში, ვიგრძნობთ ზრუნვისა და თანაგრძნობის, მხარდაჭერის ენერგიას, რასაც შვება მოაქვს. ცნობიერება ურთიერთქმედებს გარდაცვლილის ინფორმაციულ ფანტომთან, ისევე როგორც ცხოვრებაში და ხდება ენერგიის გაცვლა.

- რა აძლევს გარდაცვლილს ჩვენთვის დახმარების გაწევის საშუალებას?

- ჩატარებულია ოჯახის წევრებს შორის ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები, რომელმაც ამ ურთიერთობების ენერგეტიკული ასპექტები მოიცვა. ოჯახთან ენერგეტიკული ურთიერთქმედების პრაქტიკამ კი აჩვენა ადამიანის მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილებები მათ გამოყენებამდე და ამის - შემდეგაც. ადამიანი ენერგიის მოზღვავებასა და მხარდაჭერას გრძნობს სხეულის შეგრძნებების მეშვეობით. იმის გაცნობიერება, რომ გასაჭირში მარტო არ არის და გარშემორტყმულია უამრავი ნათესავისა თუ ახლობლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლით, ადამიანზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ეფექტს ახდენს, რაც მას კრიზისებთან გამკლავებაში ეხმარება.

- გამოდის, გარდაცვლილს რომ მხარდაჭერისთვის მივმართოთ, გამართლებულია?

- გაჭირვებაში შველა რომ გვჭირდება, უპირველესად, ყველას დედა გვახსენდება და არავინ ფიქრობს იმაზე, გარდაცვლილია ის თუ არა. ამიტომ, მხარდაჭერისთვის დედას იმქვეყნადაც რომ მიმართოთ, სრულიად გამართლებულია და შესაბამისად, სხვა ახლობელსაც... და გააკეთეთ ეს, ყოველგვარი დაძაბვისა და შეზღუდვის გარეშე, მშვიდად და ბუნებრივად. თუმცა, არც ის უნდა დაგავიწყდეთ, ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შინაგანი მხარდაჭერის მოპოვებაა. უნდა შეძლოთ, დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილება, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად. გარდაცვლილმა არ უნდა ჩაანაცვლოს თქვენი შინაგანი მხარდაჭერა; მას შეუძლია დაგეხმაროთ სისუსტის მომენტებში, თქვენი მიზანი კი მადლიერებაა, რომელსაც ცოდნის, გამოცდილების, სიყვარულისა და მათთან გატარებული დროის გამო უძღვნით.

ასევე დაგაინტერესებთ: 

ნუცა ბუზალაძე შვეიცარიაში მოგზაურობს - მომღერლის ფოტოები მუზეუმიდან „ჩაპლინის სამყარო“

„ვინც საკუთარ ცხოვრებაში გამოცდის, ვეღარასოდეს იქნება ისეთი როგორიც ადრე იყო“ - 5 ფრაზა, რაც მხოლოდ სურვილებს არ გამოხატავს

გაფრთხილება: „მომხმარებელს ეუბნებიან, რომ მათ სახელზე ვიღაცამ აიღო ონლაინ სესხი და საჭიროა სწრაფად რეაგირება“