Digest Logo

„ვინც საკუთარ ცხოვრებაში გამოცდის, ვეღარასოდეს იქნება ისეთი როგორიც ადრე იყო“ - 5 ფრაზა, რაც მხოლოდ სურვილებს არ გამოხატავს

1788179835
კახა კვარაცხელია

გიზიარებთ ხუთ ფრაზას, რაც მხოლოდ სურვილებს არ გამოხატავს. ის შინაგან მდგომარეობას ცვლის, თითქოს შენში იმ ძალას აღვიძებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად იდგა. ისინი, ვინც ამ ფრაზებს საკუთარ ცხოვრებაში გამოცდიან, უკვე ვეღარასოდეს იქნებიან ისეთები როგორებიც ადრე იყვნენ.

პირველი ფრაზა - „მე უფლებას ვაძლევ მოვლენებს ჩემს სასარგებლოდ განვითარდნენ“.

ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვას - „ვაძლევ უფლებას“. ეს არც ბრძანებაა და არც მოთხოვნა. ეს არის შინაგანი წინააღმდეგობის მოხსნა. ხშირად ჩვენი ყველაზე დიდი დაბრკოლება გარეთ კი არა, ჩვენივე ცნობიერებაშია.
უმეტესობა ჩვენგანი შინაგანად მუდმივად გადასცემს ასეთ სიგნალს „არა, ასე არ ხდება. ეს ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს. უბრალოდ ასე არაფერი გვეძლევა“. ამ სიტყვებით ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, საკუთარ თავში უხილავ კარს ვკეტავთ. შესაძლოა, ცხოვრება უკვე გვთავაზობდეს შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენ მას ეჭვით ვუყურებთ. შესაძლოა იღბალი უკვე ჩვენს კარზე აკაკუნებდეს, მაგრამ ჩვენ ვიფიქროთ რომ ეს ხაფანგია.

ეს შინაგანი სიგნალი მუშაობს როგორც ავარიული მუხრუჭი. თქვენი მატარებელი მზად არის საუკეთესო ცხოვრებისკენ გაექანოს, თქვენ კი თავად ქაჩავთ ავარიულ მუხრუჭს საკუთარი უნდობლობით.

როდესაც ამბობთ „მე უფლებას ვაძლევ მოვლენებს ჩემს სასარგებლოდ განვითარდნენ“, თქვენ საკუთარ ცნობიერებას ეუბნებით „აღარ მინდა ყველაფერი წინასწარ გავაკონტროლო. აღარ მინდა ყველა კარგ შესაძლებლობას ეჭვი შევაგებო. მე მზად ვარ მივიღო ის, რაც ჩემთვის კარგია“. ეს არ ნიშნავს რომ სამყაროსგან სასწაულს უნდა ელოდოთ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უფლებას აძლევთ, შეამჩნიოთ ის შესაძლებლობები რომლებსაც აქამდე საკუთარი შიშითა და უნდობლობით ვერ ხედავდით.

სცადეთ დილით სახლიდან გასვლისას ჩუმად უთხარით საკუთარ თავს „მე უფლებას ვაძლევ დღევანდელ მოვლენებს, ჩემს სასარგებლოდ განვითარდნენ“. შემდეგ უბრალოდ დააკვირდით. ეგრევე კი არ შეიცვლება მთელი სამყარო, არამედ შეიცვლება თქვენი მზერა სამყაროს მიმართ. დაინახავთ როგორ დაიწყებს სამყარო თქვენთვის სწორედ იმ გარემოებების შემოთავაზებას, რომლებიც გჭირდებათ. იმიტომ რომ თქვენ შეწყვიტეთ მათი დაბლოკვა საკუთარი შინაგანი აკრძალვით. ხშირად სწორედ აქედან იწყება ცვლილება.

მეორე ფრაზა - „ეს გადაჭრადია“.

ის მკაცრად ჟღერს, მაგრამ ეს არის ყველაზე ძლიერი ფრაზა გარღვევისთვის. ეს უბრალო სიტყვებია, მაგრამ მათში ფსიქოლოგიური ძალა იმალება. არა „იმედია გადავჭრი“, არა „იმედია მოვაგვარებ“, არა  „იქნებ რამე გამოვიდეს“, არამედ „ეს გადაჭრადია“.

როდესაც ადამიანს ცხოვრებაში კრიზისი ეწყება, გონება ხშირად პრობლემას კედლად აღიქვამს. ფული აღარ არის. ურთიერთობა დასრულდა. სამსახური დაიკარგა. ჯანმრთელობამ შეგვაშინა და ტვინი ერთ მომენტში თითქოს ჩერდება. ის ხედავს კედელს და აღარ ეძებს გამოსავალს, მაგრამ ფრაზა „ეს გადაჭრადია“ ტვინს აძლევს ბრძანებას „კედელი ილუზიაა, ეძებე კარი.“

„ეს გადაჭრადია“ — გონებას სხვა მიმართულებას აძლევს. კედლის წინ აღარ ზიხარ და არ მოთქვამ. იწყებ კარის ძებნას და შესაძლოა კარი იმ კედელში არ იყოს, რომელსაც უყურებდი. შესაძლოა სხვა გზა არსებობდეს, სხვა ადამიანი, სხვა გადაწყვეტილება, სხვა შესაძლებლობა. ხანდახან ყველაზე დიდი გარღვევა მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი წყვეტს კითხვას „რატომ დამემართა ეს?“ და იწყებს კითხვას „ახლა რა შემიძლია გავაკეთო?“.

მესამე ფრაზა - „მე ჩემს ტალღაზე ვარ“.

ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ემოციას ვეხებით. ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ სხვის სიგნალებს, შიშს — ახალ ამბებში, შფოთვას — კოლეგებში, სამსახურში დაგროვილ სტრესს, გაღიზიანებას — ტრანსპორტში, ქუჩის ქაოსს და ვფიქრობთ რომ ეს ჩვენი საკუთარი ემოციებია. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ხშირად სხვის ემოციას საკუთრად ვიღებთ.ვიღაც გაბრაზებულია — ჩვენც ვღიზიანდებით. ვიღაც შეშინებულია — ჩვენშიც შფოთვა ჩნდება. გარემო დაძაბულია — ჩვენც ვკარგავთ შინაგან სიმშვიდეს. შემდეგ კი საკუთარ თავს ვეკითხებით „რატომ ვარ ასე?“
როდესაც გრძნობთ, რომ უმიზეზოდ იწყებთ ნერვიულობას, გაღიზიანებას ან პანიკაში ჩავარდნას, სწორედ ასეთ მომენტში გაჩერდით და უთხარით საკუთარ თავს „გაჩერდი, მე ჩემს ტალღაზე ვარ“ .ეს თითქოს შინაგანი საზღვრის გავლებაა. თქვენ ახსენებთ საკუთარ თავს „ყველაფერი რასაც ახლა ვგრძნობ ჩემი არ არის“.

თქვენ შეგიძლიათ იყოთ ქარიშხლის შუაგულში და მაინც შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ხალხი შეიძლება გარბოდეს. ყველაფერი შეიძლება ხმაურობდეს. გარემო შეიძლება ქაოსური იყოს, მაგრამ თქვენ არ ხართ ვალდებული ამ ქაოსის ნაწილი გახდეთ. თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ საკუთარ თავში.

მეოთხე ფრაზა - „მე ვიზიდავ“.

ერთი შეხედვით ძალიან მარტივი სიტყვა და შეიძლება ბანალურად ჟღერდეს. თითქოს ზედმეტად მარტივადაც კი, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ის ხშირად დაუფასებელი. ჩვეულებრივ ადამიანი მუდმივად რაღაცას მისდევს. ფულს, აღიარებას, სიყვარულს, შესაძლებლობებს, ადამიანებს. ის მუდმივად ეუბნება სამყაროს „მომეცი“ „მომიტანე“ „მომიძებნე“ მომეცი იღბალი, გამოჩნდეს პარტნიორი და ა.შ. ვინც თხოვნით უკვე დაიღალა. ამ ფრაზას კოლოსალური ძალა აქვს.

„მე ვიზიდავ“— შინაგან პოზიციას ცვლის.თქვენ აღარ ხართ ადამიანი რომელიც სასოწარკვეთით დარბის სამყაროს უკან.თქვენ ხდებით ადამიანი, რომელიც მზად არის მიიღოს. არა  „ფული მოდი ჩემთან“, არა  „სიყვარულო გამოჩნდი“, არა „იღბალო გამიღიმე“, არამედ  „მე ვიზიდავ“. „მე ვიზიდავ საჭირო ადამიანებს“, „მე ვიზიდავ შესაძლებლობებს“, „მე ვიზიდავ ხელსაყრელ გარემოებებს“.

ეს სამყარო იყრის თავს თქვენს სიგნალზე. ტრანსერფინგში ამას გარეგანი განზრახვა ეწოდება. თქვენ არ მოქმედებთ, უბრალოდ ასხივებთ მზადყოფნას მიიღოთ. დილით როდესაც მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადებით, თქვით „მე ვიზიდავ საჭირო ადამიანებს და ხელსაყრელ გარემოებებს“ და შეამჩნევთ როგორ დაიწყებს დიალოგები თითქოს თავისთავად აწყობას, ხოლო ადამიანები შემოგთავაზებენ იმას რაც გჭირდებათ, თავადაც კი გაგიკვირდებათ.

მაგრამ გახსოვდეთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოქმედება აღარ არის საჭირო. პირიქით შინაგანი მდგომარეობა მხოლოდ მაშინ ხდება ძალა, როდესაც მას რეალური ნაბიჯი მოჰყვება. თქვენ იღებთ შესაძლებლობას და მოქმედებთ. ხვდებით საჭირო ადამიანს და ესაუბრებით. ხედავთ კარს და შედიხართ. ზოგჯერ ცვლილება სამყაროში კი არ იწყება. ის იწყება იმ მომენტში, როდესაც თქვენ შინაგანად მზად ხდებით იმის მისაღებად, რასაც ადრე საკუთარ თავს არ აძლევდით.

მეხუთე ფრაზა - ეს ალბათ ყველაზე ღრმა ფრაზაა.

რადგან ის პირდაპირ ურტყამს იმ შიშს, რომელიც ადამიანს ყველაზე ძლიერად აკავებს. ის, რომელიც ყველაზე მტკივნეულ ადგილს ურტყამს — ცვლილების შიშს.

ის ასე ჟღერს „მე უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს, ვიყო სხვა“. იცით რატომ ზის ხალხი წლების განმავლობაში საძულველ სამსახურში ან რატომ იჭედება ტოქსიკურ ურთიერთობებსა და მოსაწყენ ყოფაში? არა იმიტომ, რომ მათ შესაძლებლობები არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ შიგნით ზის საშინელება „თუ ჩემს ცხოვრებას შევცვლი, საკუთარ თავსაც შევცვლი და მაშინ ვინ ვიქნები? საკუთარ თავს დავკარგავ“  და ეს ცნობიერების მთავარი მახეა.

რატომ რჩება ურთიერთობაში რომელიც ანადგურებს? რატომ აგრძელებს ცხოვრებას რომელიც აღარ შეესაბამება მის შინაგან სამყაროს? ხშირად არა იმიტომ რომ გამოსავალი არ არსებობს, არამედ იმიტომ რომ ცვლილების უკან ერთი საშიში კითხვა დგას „თუ შევიცვლები მაშინ ვინ ვიქნები?“ ადამიანს ეშინია არა მხოლოდ ცხოვრების შეცვლის. მას ეშინია საკუთარი თავის დაკარგვის.

„თუ აღარ ვიტანჯები, ვინ ვიქნები?“. „თუ აღარავის დავუმტკიცებ ჩემს ღირსებას,მაშინ ვინ ვიქნები?“. „თუ აღარ ვიქნები მსხვერპლი, მაშინ რა დამრჩება?“ და სწორედ აქ იმალება ცნობიერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახე. ჩვენ ზოგჯერ იმდენად ვეჩვევით საკუთარ ტკივილს, რომ ის ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცევა. იმდენად ვეჩვევით შეზღუდვებს რომ თავისუფლება გვაშინებს. იმდენად დიდხანს ვცხოვრობთ ძველ როლში, რომ ახალი ცხოვრება თითქმის უცხოდ გვეჩვენება.

მაგრამ მოდით საკუთარ თავს ერთი კითხვა დავუსვათ, ვინ ხართ ახლა? ის ვინც იტანჯება? ის ვინც მუდმივად ითმენს? ის ვინც ყოველთვის სხვებისთვის ცხოვრობს? ის ვინც საკუთარ სურვილებს უკან სწევს? ის ვინც საკუთარ თავს ეუბნება „ჯერ ადრეა“. „ჯერ ამის უფლება არ მაქვს“. „ჯერ უნდა დავიმსახურო“, მაგრამ იქნებ ეს ყველაფერი საერთოდ არ არის თქვენი ნამდვილი სახე? იქნებ ეს მხოლოდ როლია, რომელსაც იმდენად მიეჩვიეთ რომ საკუთარ თავად ჩათვალეთ.

ამიტომ თქვით — „მე უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს ვიყო სხვა“. ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უარყოფთ. პირიქით, შესაძლოა პირველად აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, გახდეთ ის ვინც ყოველთვის იყავით, მაგრამ ის შიშის, ტკივილისა და ძველი გამოცდილების ქვეშ იმალებოდა. თქვენ არ კარგავთ საკუთარ თავს. თქვენ შეიძლება პირველად იბრუნებდეთ საკუთარ თავს. თქვენ საკუთარ თავს უფლებას აძლევთ, გამოხვიდეთ ძველი როლიდან. თქვენ საკუთარ სულს უფლებას აძლევთ, ბოლოს და ბოლოს ამოისუნთქოს და დაიკავოს ის ადგილი რომლისთვისაც ის არის განკუთვნილი.

თქვით ეს ხმამაღლა, ახლავე. თუ საკმარისი გამბედაობა გაქვთ „მე უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს ვიყო სხვა“ და მოუსმინეთ საკუთარ თავს. შესაძლოა თქვენში რაღაც ძალიან ძველი შეირხეს. შესაძლოა გაჩნდეს შიში. შესაძლოა წინააღმდეგობა იგრძნოთ. შესაძლოა უცნაური სიმსუბუქე იგრძნოთ. ეს ბუნებრივია, რადგან ძველი „მე“ ყოველთვის არ ქრება მშვიდად. ზოგჯერ ის უკანასკნელად ებღაუჭება იმას რაც უკვე დასრულებულია.

მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. თქვენ არ ინგრევით. თქვენ იცვლებით. ძველი კანი იბზარება. ძველი როლი ვეღარ გეტევათ. ძველი ცხოვრება ვეღარ იტევს იმ ადამიანს, რომელიც თქვენში იღვიძებს და სწორედ ეს არის ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო.

ახალი ცხოვრება მაშინ იწყება, როდესაც საკუთარ თავს უფლებას აძლევ ძველი აღარ იყო. თქვენ არ გჭირდებათ გახდეთ ვიღაც სხვა. თქვენ მხოლოდ უნდა გაბედოთ, აღარ იყოთ ის ვინც არასოდეს ყოფილხართ.

„მე უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს, ვიყო სხვა“ - შეინახეთ ეს ფრაზა. არა როგორც ჯადოსნური ფორმულა, არამედ როგორც შინაგანი ნებართვა, რადგან ზოგჯერ მთელი ცხოვრების შესაცვლელად პირველი ნაბიჯი არც ბრძოლაა, არც გაქცევა და არც ძალდატანება. პირველი ნაბიჯი მხოლოდ ერთია — საკუთარ თავს მისცე უფლება რომ შეიცვალო...

ასევე დაგაინტერესებთ: 

გაფრთხილება: „მომხმარებელს ეუბნებიან, რომ მათ სახელზე ვიღაცამ აიღო ონლაინ სესხი და საჭიროა სწრაფად რეაგირება“

„აქტიურად იმუშავეთ პარტნიორებთან, რათა გაჭიანურებული საკითხები საბოლოოდ გადაწყდეს...“ - მიმდინარე კვირის ნუმეროპროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

🎥 „ყველაზე იაფი და ჯანსაღი საკვები დედამიწაზე...“ - არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს