
ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი სტატუსს აქვეყნებს, სადაც გვიხსნის, რატომაა მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რომელ სტიქიაში გვაქვს მთვარე:
„მთვარის სტიქია გვაჩვენებს, როგორ და საიდან ველით სიყვარულს, ზრუნვას, დაცულობას. როგორ ვმშვიდდებით და ვპოულობთ ჰარმონიას. ცეცხლი მოქმედებაში პოულობს შვებას, ჰაერი კომუნიკაციაში, მიწა სტაბილურობაში, ხოლო წყალი ემოციურ ერთობაში.
ვისაც სურს გააღრმაოს თვითშემეცნება, უნდა დააკვირდეს, სად აქვს მთვარე და როგორ სტიქიას ესადაგება მისი ემოციური ბუნება. სწორედ აქ არის საიდუმლო შინაგანი სიმშვიდის.
ცეცხლის სტიქია — ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. როდესაც მთვარე ცეცხლის სტიქიაში იმყოფება, ადამიანს სჭირდება შთაგონება, მოძრაობა, ბრძოლა მიზნებისთვის. ასეთი ადამიანი ვერ იტანს ემოციურ სიხისტესა და წყვდიადს. მას სჭირდება გრძნობებში სიცხადე, პირდაპირობა და მოქმედების საშუალება.
შინაგანად თავს მშვიდად მაშინ გრძნობს, როდესაც შეუძლია თავისი ემოციების გამოხატვა უშუალოდ, თავშეკავების გარეშე. უყვარს წამყვანი როლი გრძნობებში — მას არ სჭირდება სხვების მიკიბვ-მოკიბული ზრუნვა, არამედ ძლიერი ემოციური სტიმულაცია.
სტაბილურობას აძლევს მიზნებზე ფოკუსირება, პიროვნული პროგრესი და დამოუკიდებლობის განცდა. შინაგანი კომფორტი მოდის იმ მომენტში, როდესაც მას აღიარებენ როგორც უნიკალურ და ძლიერ პიროვნებად, ხოლო მოტივაციის დაკარგვა იწვევს შინაგანი ცეცხლის ჩაქრობას.
ჰაერის სტიქია — ტყუპები, სასწორი, მერწყული. მთვარე ჰაერის ნიშნებში ქმნის ემოციურ ბუნებას, რომელიც დაკავშირებულია კომუნიკაციასთან, გონებრივ სტიმულთან და სოციალურ კავშირებთან. ასეთი ადამიანი თავს მშვიდად გრძნობს, როდესაც შეუძლია სხვებთან ურთიერთობა, აზრების გაზიარება და ემოციებზე საუბარი.
ემოციური სტაბილურობა მოდის გონებრივი წონასწორობიდან და ლოგიკური გააზრებიდან. მას არ ახასიათებს ემოციების ღრმა ჩაძიება, არამედ ეცდება გაგებას, ახსნას და გააზრებას. შინაგანი კომფორტი მოდის ინტელექტუალური დიალოგიდან, ჰარმონიული სოციალური გარემოდან და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობიდან. ემოციური სტაგნაცია კი უქმნის განცდას, რომ გაჭედილია, მოიწყინა, ან აღარ აქვს სივრცე განვითარებისთვის.
მიწის სტიქია — კურო, ქალწული, თხის რქა. მთვარე მიწის სტიქიაში ემოციურად ეყრდნობა სტაბილურობას, უსაფრთხოებას და მატერიალურ კომფორტს. ასეთი ადამიანი თავს შინაგანად კარგად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც აქვს ყოველდღიური სტრუქტურა, სისუფთავე, კონკრეტული მიზნები და სახეზეა პრაქტიკული შედეგი.
ემოციები ხშირად ფარულია, მაგრამ ღრმაა. სტაბილურობას იძენს მაშინ, როდესაც ყოფითი საკითხები მოწესრიგებულია — თბილი გარემო, საიმედოობა, ფინანსური წარმატება. შინაგანი სიმშვიდე მოდის მაშინ, როცა რეალობა ემთხვევა მის მოლოდინს და როდესაც ფლობს იმას, რაც სჭირდება — იქნება ეს ნივთები, ურთიერთობები თუ სტატუსი. ემოციური ქაოსი, გაურკვევლობა და მოულოდნელობები კი აშფოთებს და შფოთვით ავსებს.
წყლის სტიქია - კირჩხიბი, მორიელი, თევზები. წყლის ნიშნებში მთვარე თავს ბუნებრივად გრძნობს(მორიელის გარდა). , რადგან თვითონაც „სითხეა", ემოციური ენერგიის მდინარე. ასეთი ადამიანი ექვემდებარება ემოციების ძლიერ ტალღებს და შინაგანად მშვიდად მაშინ გრძნობს თავს, როცა სულიერად დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან, როცა არის ინტიმურობა, ზრუნვა და თანაგრძნობა. სტაბილურობას აძლევს გრძნობათა გაზიარება, სიღრმისეული მიჯაჭვულობები და საიდუმლოებების შენახვის ნება. ასეთ მთვარეს სჭირდება, რომ ემოციების გამოხატვისას არ განიკითხონ და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი სულიერად. შინაგანი კომფორტი მოდის მაშინ, როცა გარემო თბილი და ემპათიურია. ნებისმიერი სიცივე, გულგრილობა ან ემოციური დისტანცია იწვევს მისი სამყაროს დაბინდვას და შინაგან გაუცხოებას“, - წერს უჩა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ანრი ბიბინეიშვილი იუბილარია - როგორ მიულოცეს კოლეგებმა დაბადების დღე პირდაპირ ეთერში