ვიმყოფებით გაზაფხულის მზედგომის, იგივე ბუნიობის ზღურბლზე. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ის არა მხოლოდ ასტროლოგიური და ასტრონომიული ახალი წლის დასაწყისს წარმოადგენს, არამედ წლის ყველაზე მაგიური დღეა, რომელიც წარმოუდგენელ ძალას ატარებს.
ეს საოცარი დროა, როდესაც მთელ დედამიწაზე სინათლე და სიბნელე წონასწორობაშია, როდესაც დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბრდება, ხოლო ამ მომენტის შემდეგ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში „ნათელი თანდათან იმარჯვებს ბნელზე“. დღის ხანგრძლივობა იზრდება, მზის ენერგია კი ძლიერდება.
„სწორედ ამიტომ, მრავალ ძველ კულტურაში ბუნიობა ყოველთვის აღიქმებოდა როგორც დაბადების, აღდგომის, ბუნების გამოღვიძებისა და ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დასაწყისი.
მრავალი სულიერი ტრადიცია გვასწავლის, რომ ამ დღეს პლანეტის ენერგეტიკული ქსელი განსაკუთრებული ჰარმონიის მდგომარეობაში გადადის. ადამიანებისთვის უფრო მარტივი ხდება ბუნების სულთან კავშირი, მისი სიცოცხლისმომცემი ძალის შეგრძნება და დედამიწის მკურნალი ენერგიის მიღება.
ამ დღეს მთელი პლანეტის ენერგეტიკა განახლდება და სამყარო გვაძლევს შესაძლებლობას ახალი ენერგიით შევავსოთ ჩვენი სხეულის ენერგეტიკული ველი.
სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებით ეფექტურია საკუთარი აზრებისა და განზრახვების სამყაროში გაშვება.
ჩვენი წინაპრები ყოველთვის დიდ პატივს მიაგებდნენ გაზაფხულის მზედგომის დღესასწაულს და ტრადიციულად სწორედ ამ დღეს ტარდებოდა მნიშვნელოვანი რიტუალები სურვილების ასასრულებლად.
გაზაფხულის ბუნიობა ყოველთვის უკავშირდება ვერძის სეზონის დასაწყისს. სწორედ ამ მომენტში მზე შედის ვერძის ნიშანში და იწყება ახალი ასტროლოგიური წელი. მზე იწყებს ახალ წრეს ზოდიაქოზე და მასთან ერთად იწყება დროის ახალი ციკლის ათვლა.
გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პერიოდში ვარსკვლავები განსაკუთრებულ კეთილგანწყობას გამოავლენენ მათ მიმართ, ვინც გადაწყვეტს საკუთარ ცხოვრებაში აქტიური ცვლილებების განხორციელებას, ვინაიდან ცეცხლის სტიქია, რომელიც ვერძს შეესაბამება, კარდინალური ხასიათისაა და მუდმივად მოძრაობისკენ, აღმასვლისკენ ისწრაფვის.
გაზაფხულის ბუნიობის დღეს ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც სასოწარკვეთილია და დაკარგული აქვს რწმენა, შეუძლიათ მიიღონ შესაძლებლობები და წინსვლის ძალა უკეთესი მომავლისკენ.
სწორედ ამ დღეს შეიძლება ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება და საფუძვლის ჩაყრა ბედნიერი წლისთვის.
მზის ვერძში გადასვლის მომენტი წარმოადგენს ძლიერ ენერგეტიკულ ამოფრქვევას. ეს არის ძლიერი იმპულსი ზრდისა და რეალიზაციისთვის- 20 მარტი, თბილისის დროით 18:46 საათზე.
სწორედ ამ დროს მზე ტოვებს თევზების ნიშანს და შედის ვერძში და ყველაფერი დედამიწაზე იღებს სიცოცხლის ახალ იმპულსს. ეს არის მზის ენერგიის გამოვლენის მომენტი მატერიალურ დონეზე.
გაზაფხულის ბუნიობის დღე თავისუფლებისა და განახლების დროა, როდესაც ჯერ კიდევ არაფერია საბოლოოდ განსაზღვრული.ყველაფერი რაც წარსულში მოხდა - კარგიც და ცუდიც უკან რჩება. მთავარია გეზი წინ, მომავლისკენ.
გაზაფხულის მზედგომის წერტილი წარმოადგენს შესანიშნავ დროს პიროვნული ზრდისთვის. ეს არის ზრდისა და განვითარების, ახალი იდეებისა და მასშტაბური ჩანაფიქრების დასაწყისი, თუმცა, როდესაც ვგეგმავთ ჩვენს მიზნებს, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომელი პლანეტა მართავს მიმდინარე წელს ე.წ. „მოგვების ვარსკვლავის“ მიხედვით.
ძველი დროიდან არსებობს კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც ერთი პლანეტა ცვლის მეორეს და მართავს ასტროლოგიურ წელს. წლის მმართველი პლანეტა გავლენას ახდენს როგორც გლობალურ მოვლენებზე, ისე თითოეულ ჩვენგანზე ინდივიდუალურად.
გაზაფხულის მზედგომის დღიდან წლის მმართველი ხდება მერკური. იგი განსაზღვრავს მოვლენების ხასიათს, ხოლო ვენერა, რომელიც მართავდა გასულ წელს, მას გადასცემს მართვის სადავეებს. ეს მნიშვნელოვნად ცვლის წლის ენერგეტიკას და ყურადღებას პარტნიორული ურთიერთობებისა და ფინანსების თემებიდან მიმართავს სწავლაზე, კომუნიკაციაზე, ვაჭრობასა და კავშირებზე.
ეს ნიშნავს, რომ მომავალი ასტრონომიული და ასტროლოგიური წელი საუკეთესო დრო იქნება ახალი ცოდნის მიღებისთვის, ახალი უნარების შესასწავლად და ნაცნობების წრის გასაფართოებლად. წარმატებული იქნება ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებული საქმიანობა, გაიზრდება სიტყვის და შთაგონების ძალა. თუმცა, გავითვალისწინოთ, რომ მზის ვერძში გადასვლის მომენტში მერკური-წლის მმართველი პლანეტა-ჯერ კიდევ რეტროგრადულია, რაც მთელ წელს გარკვეულ ტონალობას მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათში უკვე დირექტულად დაიწყებს მოძრაობას.
ეს ნიშნავს, რომ მერკური თავისი მმართველობის დასაწყისში თითქოს უკან იხედება და წლის განმავლობაში შესაძლოა კვლავ შეგვახსენოს თავი ძველმა, დაუსრულებელმა საქმეებმა, უფრო აქტიურად გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან.
ასევე შესაძლებელია, რომ დავუბრუნდეთ ადრე მიტოვებულ იდეებს და მათი განვითარება დავიწყოთ.
ამ წლის მთავარი დევიზია: ახლის შესაქმნელად საჭიროა ძველი საქმეების მოწესრიგება.
გარდა ამისა, წლის მმართველის რეტროგრადული ტონი ამცირებს მერკურიანულ აქტიურობას, ამიტომ უმჯობესია აირჩიოთ მაქსიმუმ ორი-სამი მიმართულება, ერთბაშად ბევრი რამის წამოწყება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. ეს არის პროფესიონალიზმისა და დაოსტატების, გარკვეული თვალსაზრისით-მეორე შანსის წელი.
ის ფაქტი, რომ მერკური დირექტიულ მოძრაობაში ბრუნდება სწორედ 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს, გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზეც, რადგან მერკური მართავს ლოგიკასა და ინტელექტს.
ამ დღეს ჩვენი გონება შეიძლება უჩვეულოდ ფუნქციონირებდეს. მაგ. ერთდროულად ვგრძნობდეთ წინსვლის სურვილს და ამავე დროს საჭიროებას, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენს იდეებს, გეგმებსა და გადაწყვეტილებებს. ამ პერიოდში სტატიკური მერკური გვახსენებს: ნუ იჩქარებთ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას. ჯერ მოუსმინეთ შინაგან ხმას, რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი, რადგან განსაკუთრებით ძლიერია ინტუიცია და ქვეცნობიერი.
გაითვალისწინეთ ასევე, რომ 20 მარტს, 13:25სთ-ზე მთვარე ხდება უკურსო-21 მარტის დილამდე. შესაბამისად, მზის ვერძში გადასვლა მოხდება უკურსო მთვარის ფონზე. ასეთ პერიოდში არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, ხელშეკრულებების გაფორმება, პროექტების წამოწყება ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
ეს არ ნიშნავს, რომ თავი უნდა შევიკავოთ რიტუალისგან, რომელსაც პოსტის ბოლოს შემოგთავაზებთ. ასევე, შეგახსენებთ რომ ნებისმიერი რიტუალის გასააქტიურებლად მნიშვნელოვანია მცირე სამადლობელი გაიღოთ. სულიერი პრაქტიკებისთვის ენერგიების გაცვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს-მიღებ-გაცემის კანონზომერება.
უკურსო მთვარე ქმნის ემოციურ სივრცეს, სადაც უფრო ადვილად ვუსმენთ საკუთარ თავს, ვგრძნობთ შინაგან პასუხებს და ვთავისუფლდებით ძველი ენერგიებისგან. ამიტომ, წელს ბუნიობის რიტუალის შესრულებამდე, მნიშვნელოვანია მადლობა გადავუხადოთ წარსულს და დასრულებულ ცხოვრების ეტაპს.
როგორც რეტროგრადული მერკური, ისე უკურსო მთვარე მიგვითითებს, რომ საჭიროა უკან მიხედვა, ცხოვრების მიერ მოცემული გაკვეთილების გააზრება და ამის შემდეგ უკვე მომავალზე ორიენტირება, მიზნების დასახვა და განზრახვის ჩამოყალიბება.
20 მარტს მხოლოდ ვაყალიბებთ სურვილებს, მაგრამ პრაქტიკულად ახალ პროექტებს არ ვიწყებთ. ამისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელი დრო იქნება კვირა. კვირას წლის მმართველი მერკური უკვე სიჩქარეს აკრეფს. მთვარე აღარ იქნება უკურსო- ის იქნება ძლიერი და მზარდი.
კვირას მერკური შეერთდება აღმავალ კარმულ კვანძთან, ხოლო მზე - ნეპტუნთან. სწორედ ამის შემდეგ, კვირასა და მომდევნო დღეებში, შესაძლებელი იქნება პირველი ნაბიჯების გადადგმა იმ მიზნებისკენ და სურვილებისკენ, რომლებიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს განვიზრახეთ.
როგორ შევხვდეთ გაზაფხულის ბუნიობას?
ბუნიობის დადგომამდე სინათლე შეუშვით ყველა ოთახში და გაანიავეთ სივრცე. თქვენი აზრები უნდა იყოს სუფთა, კეთილი და პოზიტიური. კონფლიქტები, გაღიზიანება, აგრესია და ბრაზი შეიძლება პრობლემებად შემოგვიბრუნდეს.
ბევრ კულტურაში გაზაფხულის ბუნიობა (ოსტარა) აღინიშნებოდა სუფრითა და ზეიმით.
ამ დღეს მნიშვნელოვანია ოთხი სტიქიის პატივისცემა. გაზაფხულის ბუნიობა არის დრო, როდესაც აღინიშნება ბალანსი სინათლესა და სიბნელეს შორის, ასევე მიწის, ჰაერის, ცეცხლისა და წყლის სტიქიებს შორის.
სტიქიებისადმი პატივის მისაგებად შეგიძლიათ შექმნათ სიმბოლური სივრცე შესაბამისი საგნებით: დადოთ ქვა- როგორც მიწის სიმბოლო, ჩაასხათ წყალი თასში- როგორც წყლის სტიქიის ნიშანი, დაუმატოთ რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი - როგორც ჰაერის სიმბოლო და აანთოთ სანთელი - როგორც ცეცხლის გამოხატულება.
მადლობა გადაუხადეთ ბუნების ძალას ბალანსისთვის და ჰარმონიისთვის.
დიდი ძალა აქვს გაზაფხულის ბუნიობის დღეს ამომავალ მზესთან შეხვედრის რიტუალს. ამისთვის საუკეთესოა გარეთ, ღია სივრცეში გასვლა. თუ ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ საკუთარ სახლში, ფანჯარასთან დადგეთ აღმოსავლეთის მიმართულებით. თუ აღმოსავლეთისკენ ფანჯარა არ არის, მაშინ ოთახში დადექით ისე, რომ სახით მზის ამოსვლის მიმართულებით იყოთ და წინ გქონდეთ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი სივრცე.
თუ შეძლებთ გარეთ გასვლას, სასურველია, რომ ხედავდეთ ცას და მზის ამოსვლას. მზის გამოჩენის მომენტში დადგით ფეხები მხრების სიგანეზე, ხელები განზე გაშალეთ, ხელის გულებით მზისკენ, თითქოს ესალმებით ამომავალ მზეს და მთელი არსებით იღებთ მის ენერგიას.
თუნდაც მოღრუბლული იყოს, დახუჭეტთ თვალები და წარმოიდგინეთ აღმოსავლეთით, თქვენს წინ ამომავალი მზე.
შეიგრძენით მზის სითბო და სინათლე მთელი არსებით, მთელი ენერგეტიკული ველით. წარმოიდგინეთ, რომ ამ წუთებში თქვენი სხეული ივსება ოქროსფერი სხივებით-ივსებით და თქვენც ასხივებთ მზის ოქროსფერ სინათლეს და სითბოს.
დარჩით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთი და მიეცით საშუალება მზის ენერგიას გაწმინდოს და გააჯანსაღოს თქვენი სხეული და სული.
შეგიძლიათ გონებაში ან ხმამაღლა წარმოთქვათ ასეთი სიტყვები:
სიცოცხლის ძალა მავსებს ჯანმრთელობით.
სიცოცხლის ძალა მავსებს ენერგიით.
სიცოცხლის ძალა მავსებს სიუხვით.
სიცოცხლის ძალა მავსებს წარმატებით.
სიცოცხლის ძალა მავსებს სიყვარულით.
დაე, ამიერიდან იყოს ასე.
რადგან მზედგომის მომენტი საღამოს 18:46 სთ-ზე დგება, სტიქიების რიტუალი შეგიძლიათ ამ დროს შეასრულოთ.
გისურვებთ, წარმატებულ პრაქტიკას“.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში - ფოტოგალერეა