რომელი დაავადებები გადადის მემკვიდრეობით საგვარეულოდან?
ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად არა მხოლოდ ფიზიკურ ფაქტორებს, არამედ ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და წინაპრებისგან გამოყოლილ ქვეცნობიერ პროგრამებს უკავშირდება. თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც დეტალურად განიხილავს სხვადასხვა დაავადების ფსიქოსომატიკას და განმარტავს, თუ როგორ გარდაიქმნება თაობების განმავლობაში ჩახშობილი ემოციები კონკრეტულ დიაგნოზებად.
გული და სისხლძარღვები
გული სიყვარულისა და სიხარულის ორგანოდ ითვლება. საგვარეულოში განმეორებადი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ხშირად უკავშირდება იმას, რომ ოჯახში ადამიანებს არ შეეძლოთ სიყვარულის ღიად მიღება და გამოხატვა. ისინი მუშაობდნენ, ოჯახს ზიდავდნენ, საკუთარ თავს სწირავდნენ, მაგრამ გრძნობებზე არ საუბრობდნენ, ბავშვებს არ ეხუტებოდნენ და საკუთარ თავს სიხარულის უფლებას არ აძლევდნენ. დაგროვილი, გამოუთქმელი ტკივილი და მუდმივი ემოციური დაძაბულობა კი, თითქოს, პირდაპირ გულს აწვება.

ონკოლოგია
ფსიქოსომატიკაში ონკოლოგიური დაავადებები ხშირად უკავშირდება ღრმად ჩახშობილ წყენას, რომელსაც ადამიანი წლების განმავლობაში არ გამოხატავდა. ეს არის ისტორია ადამიანებზე, რომლებიც ყველაფერს იტანდნენ, საკუთარ თავში ინახავდნენ, არასოდეს წუწუნებდნენ და საკუთარ საჭიროებებს უმნიშვნელოდ თვლიდნენ. ოჯახებში, სადაც ონკოლოგია მეორდება, ხშირად არსებობს საერთო პროგრამა: „არ შეიძლება გაბრაზება“, „არ შეიძლება მოთხოვნა“, „არ შეიძლება ყურადღების ცენტრში ყოფნა“ და „სხვებისთვის უნდა იცხოვრო“.

ხერხემლისა და სახსრების პრობლემები
ზურგი სიმბოლურად საყრდენს, პასუხისმგებლობასა და ტვირთს უკავშირდება. თუ საგვარეულოში თაობიდან თაობამდე ადამიანებს ზურგი, მუხლები ან სახსრები აწუხებთ, ეს ხშირად მიუთითებს ოჯახურ მოდელზე, სადაც ადამიანები საკუთარ თავზე აუტანელ პასუხისმგებლობას იღებდნენ და დახმარებას არასოდეს ითხოვდნენ. ეს არის პროგრამა: „ყველაფერს მარტო უნდა გავუმკლავდე“, „დახმარების თხოვნა სირცხვილია“ და „უნდა გავძლო“.

ზედმეტი წონა
ფსიქოსომატიკაში ზედმეტი წონა ხშირად შიშსა და დაუცველობის განცდას უკავშირდება. ოჯახებში, რომლებმაც გადაიტანეს შიმშილი, ომი ან ქრონიკული სიღარიბე, სხეული თითქოს იმახსოვრებს: „უნდა დავაგროვო, რადგან ხვალ შეიძლება არაფერი იყოს“. ასევე, ზედმეტი წონა ხშირად გვხვდება ოჯახებში, სადაც საკვები ნუგეშის, სიყვარულისა და ჯილდოს ერთადერთი ფორმა იყო.

ყელისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
ყელი სიმბოლურად ხმას, თვითგამოხატვასა და საკუთარი აზრის თქმის უფლებას უკავშირდება. თუ ქალებს საგვარეულოში ხშირად აქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ქრონიკული ანგინა ან კვანძები, ეს შეიძლება მიუთითებდეს ოჯახურ მოდელზე, სადაც ქალებს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება არ ჰქონდათ: „გაჩუმდი“, „არ გამოირჩეოდე“, „ქმარმა თქვა - ესე იგი ასეა“. რამდენიმე თაობის განმავლობაში ჩახშობილი სიტყვები და დათრგუნული ემოციები კი სტაბილურ პროგრამას ქმნის.

ქალის ჯანმრთელობის პრობლემები
მიომა, კისტები, ციკლის დარღვევა და უშვილობა ხშირად უკავშირდება ქალურობისა და მამაკაცების მიმართ დამოკიდებულებას ოჯახში. თუ საგვარეულოში ქალები ღალატს, დამცირებას ან მიტოვებას ჩუმად იტანდნენ, ეს ემოციური ტვირთი ხშირად სწორედ ქალის ორგანოებში „ფიქსირდება“. ასეთი პრობლემები ასევე გვხვდება ოჯახებში, სადაც ქალობა საფრთხედ ან სისუსტედ ითვლებოდა და გოგონებს ასწავლიდნენ, რომ უნდა ყოფილიყვნენ ძლიერები და არ ეტირათ.

კანის დაავადებები
კანი ჩვენი საზღვარია სამყაროსთან, კონტაქტი და დაცვა. ფსორიაზი, ეგზემა და ნეიროდერმიტი ხშირად უკავშირდება ოჯახებს, სადაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ სხვებთან ურთიერთობაში. ან მუდმივად ირღვეოდა მათი პირადი საზღვრები, ან პირიქით, ისინი სრულ იზოლაციაში ცხოვრობდნენ და სითბოს მოკლებულნი იყვნენ. კანი თითქოს „ყვირის“: „ადამიანებთან კონტაქტი მტკენს“ ან „მტკივა მათი სითბოს გარეშე“.
„ჯანმრთელობასა და ცნობიერებას გისურვებთ“, - წერს თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით