ადამიანების უმრავლესობას ეშინია სიტყვა ეზოტერიკის. ზოგისთვის ის ასოცირდება მაგიასთან, მისტიკასთან ან რაღაც საშიშ და გაუგებარ მოვლენებთან. ბევრმა არც კი იცის, რას ნიშნავს თავად ეს სიტყვა.
სანამ იმაზე ვისაუბრებთ, რას მოიცავს ეზოტერიკა, ჯერ გავიგოთ, რას ნიშნავს ის. სიტყვა ეზოტერიკა მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან ἐσωτερικός, მისი ფესვია ἔσω, რაც ნიშნავს შიგნით ან შინაგანს, ხოლო ἐσωτερικός პირდაპირ ითარგმნება როგორც შინაგანი, შინაგანისკენ მიმართული ან შიდა წრისთვის განკუთვნილი.
სწორედ ამ უკანასკნელი მნიშვნელობიდან წარმოიშვა მოგვიანებით განმარტება, რომ ეს იყო ცოდნა, რომელსაც ყველას კი არა, მხოლოდ იმ ადამიანებს გადასცემდნენ, ვინც ამისთვის მზად იყო.
თუ მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ეზოტერიკა არ ნიშნავს ტაროს, ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას ან რომელიმე კონკრეტულ პრაქტიკას. მისი არსი არის შინაგანისკენ მიმართული ცოდნა, შინაგანი დაკვირვება, თვითშემეცნება და ადამიანის იმ მხარის კვლევა, რომელიც მხოლოდ გარეგანი დაკვირვებით არ ჩანს.
რატომ უკავშირდება ეზოტერიკას ამდენი სხვადასხვა მიმართულება? იმიტომ, რომ ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ტარო, კაბალა, ჰერმეტიზმი, ენერგეტიკული პრაქტიკები, მედიტაციები და სხვა მსგავსი სისტემები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ადამიანის, ცნობიერებისა და არსებობის უფრო ღრმა ასპექტების შესწავლას. სწორედ ამიტომ ისინი ერთ ფართო კატეგორიაში, ეზოტერიკაში ერთიანდებიან.
ზუსტად ისე როგორც მედიცინა მოიცავს კარდიოლოგიას, ნევროლოგიას, ენდოკრინოლოგიასა და სხვა სპეციალობებს, ეზოტერიკაც აერთიანებს სხვადასხვა სისტემასა და პრაქტიკას, რომლებსაც განსხვავებული მიდგომები აქვთ, მაგრამ საერთო მიმართულება, ადამიანის შინაგანი სამყაროსა და თვითშემეცნებას ემსახურება.
თუმცა აქვე უნდა ითქვას უმნიშვნელოვანესი რამ: ეზოტერიკა არ არის უსაფრთხოების გარანტირებული სივრცე. როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, აქაც არსებობს ზღვარი და სერიოზული შანსი იმისა, რომ ინფორმაცია არასწორად იქნეს გაგებული, ინტერპრეტირებული ან გადაცემული და გამოყენებული. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულად ეზოტერიკის რომელ მიმართულებას მიმართავ, ვისგან მიიღებ ამ ცოდნას და როგორ გაიაზრებ მას და როგორ გამოიყენებ. (მედალს ხომ 2 მხარი აქვს?!) ცოდნა თავისთავად შეიძლება იყოს ნეიტრალური, მაგრამ მისი გამოყენება დამოკიდებულია ადამიანის განზრახვასა და სიბრძნეზე.
შენი აზრით სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ თვითშემეცნებასა და მისტიფიკაციას შორის? ანუ რა არის ის ზღვარი, რომლის იქითაც ეზოტერიკული სწავლებები კარგავენ თავიანთ შემეცნებით ღირებულებას და იქცევიან ადამიანებით მანიპულაციის იარაღად?
ასევე დაგაინტერესებთ: