Digest Logo

„შენი რწმენა-წარმოდგენები, განწყობა და ბარიერებიც კი მხოლოდ ნასწავლი, ავტომატური რეაქციებია“ - ვინ აკონტროლებს თქვენს რეალობას?

1771334955
ადამიანის ტვინი

„ნეირონები, რომლებიც ერთად აქტიურდებიან, ერთმანეთთან მჭიდროდ ერთიანდებიან“ - ეს ფრაზა ჰების კანონის არსს ასახავს. თეორია, რომელმაც ტვინის მუშაობის გაგება შეცვალა, დღეს თანამედროვე ნეირომეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საფუძვლად მიიჩნევა.

ვინ აკონტროლებს თქვენს რეალობას? აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნინა ვასაძე ვრცლად საუბრობს:

„ჰების კანონი: ვინ აკონტროლებს თქვენს რეალობას?

იცით, რომ თქვენი ტვინი ვაკუუმს ვერ იტანს? იზოლაციის დროს თავის ტვინი ხდება უკიდურესად პლასტიური.
თუკი გარემოდან მომავალ სიგნალებს გავთიშავთ, ტვინი თავად იწყებს „რეალობის“ შექმნას.
სწორედ ამ მომენტშია შესაძლებელი ძველი ნეირონული კავშირების გაწყვეტა და ახლის „ჩაწერა“.

1950-იან წლებში, მაკგილის უნივერსიტეტში, კანადელმა ნეიროფსიქოლოგმა დონალდ ჰებმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელსაც CIA (აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) აფინანსებდა.

მიზანი ერთი შეხედვით მარტივი იყო: გაერკვიათ, რა მოსდის გონებას, როცა მას ყველა გარე სტიმულს მოვაკლებთ.
 
დონალდ ჰები სტუდენტებს იზოლაციის საკნებში მანამდე ამწყვევდა, სანამ ჰალუცინაციები არ დაეწყებოდათ.

ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მან გამოავლინა თავის ტვინის ერთი შემზარავი კანონი (და ისიც, თუ ვინ აკონტროლებს თქვენს რეალობას).

ექსპერიმენტის დროს:

მოხალისეებს ეკეთათ დამცავი სათვალეები, ხელთათმანები და ხმაგაუმტარ ოთახებში ისხდნენ.

- არანაირი შუქი
- არანაირი ხმა
- არანაირი სტიმულაცია.

რამდენიმე საათის შემდეგ ცდისპირებმა მოუსვენრობა იგრძნეს. ერთი დღის შემდეგ მათ აზროვნება გაუჭირდათ.

შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. გარე სამყაროსგან მოწყვეტილმა თავის ტვინმა საკუთარი სამყაროს შექმნა დაიწყო: სტუდენტები ხედავდნენ სინათლეს, ესმოდათ ხმები, ზოგიერთი მისკენ მომავალ ჯარისკაცებს ან მფრინავ ფიგურებსაც კი ხედავდა.

მათ მიერ აღქმული რეალობა აღარ იყო სტაბილური. ბევრმა მონაწილემ ითხოვა, დროზე ადრე დაესრულებინათ ექსპერიმენტი, რისი მიზეზიც იყო არა ტკივილი, არამედ საკუთარი ფიქრები.

თავის ტვინს სძულს ვაკუუმი. როდესაც მას ინფორმაცია აკლია, ის არ დუმდება. პირიქით ნებისმიერი ფიქრი ან ფანტაზია ათასჯერ უფრო ინტენსიური ხდება.

ექსპერიმენტმა სადაზვერვო სააგენტოების ყურადღება მიიპყრო (იხ. ოპერაცია MKUlTRA). გაჩნდა მინიშნება, თუ როგორ შეიძლება ადამიანის აღქმასა და რწმენაზე ზემოქმედება:

თუკი რეალობა მიღებული ინფორმაციით ყალიბდება, მაშინ ინფორმაციის კონტროლი თავად რეალობას აყალიბებს.

თუ ადამიანს (ან მასას) მივაწვდით კონკრეტულ სიგნალებს და სხვებს დავბლოკავთ, მისი ნერვული ქსელი იძულებული იქნება, რეალობა ამ შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით ააგოს.

თავის ტვინი მუდმივად აგებს ნეირონულ კავშირებს იმის მიხედვით, რაც მის გარშემოა. ის ეგუება გარემო პატერნებს, განსაკუთრებით კი დამანგრეველ პატერნებს.

დონალდ ჰებს ვერ დავაბრალებთ ბოროტმოქმედებას. ის უბრალოდ ადამიანის ბუნებას იკვლევდა და მივიდა დასკვნამდე, რომ ნეირონები, რომლებიც ერთდროულად განიცდიან აგზნებას, მყარ კავშირებს ქმნიან.

— ერთი და იგივე აზრის გამეორებით, შესაბამისი ნეირონული კავშირი ძლიერდება.
— ერთი და იგივე ემოციის გამეორება კი ადამიანისთვის საბაზისო მდგომარეობად იქცევა.

შესაბამისად:

- თუ სისტემა (განათლება, მედია, გარემო) გაიძულებს ერთი და იმავე აზრების ტირაჟირებას, ნეირონები ისე მჭიდროდ კავშირდებიან მათთან, რომ სხვისი ჩანერგილი აზრი საკუთარ პიროვნებად იქცევა.
- თუ ტვინი მიეჩვია კორტიზოლის მაღალ დონეს, შფოთვა ხდება ბაზისური მდგომარეობა, რომელსაც ტვინი უკვე თავად ეძებს.

ამიტომ დაფიქრდით თქვენს ყოველდღიურ ინფორმაციულ ნაკადზე: ახალი ამბები, სოციალური ქსელები, საუბრები,
მუსიკა, გარემო. თითოეული მათგანი თქვენს ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას, რათა მან კონკრეტული ტიპის სამყაროს მოლოდინი ჩამოაყალიბოს.
 
— თუ შენ მუდმივად შიშით იკვებები, შენი ტვინი ყველგან საფრთხეს ხედავს.
— თუ მუდმივად მრისხანებაში ხარ-ყველგან კონფლიქტურ სიტუაციას.
— შენ მხოლოდ ინფორმაციას (კონტენტს) კი არ მოიხმარ, პირიქით კონტენტი ნელ-ნელა შთანთქავს შენს აღქმას. 
ინფორმაცია აყალიბებს იდენტობას.

განმეორებადობა ქმნის რწმენას. გარემო ძერწავს ემოციებს. თავის ტვინი თავად აშენებს იმ სამყაროს, რომლის დანახვასაც მოელის. სწორედ ამიტომ ორმა ადამიანმა შეიძლება ერთი და იგივე ცხოვრებით იცხოვროს, მაგრამ სრულიად განსხვავებული რეალობა დაინახოს, რადგან მათი საზრდო (ინფორმაცია) განსხვავებულია,
მათი ნეირონული კავშირები განსხვავებულია.
 
რეალობა ნაწილობრივ დასწავლილი ინტერპრეტაციაა. თანამედროვე თერაპია სწორედ ამ პრინციპებს იყენებს:
შეცვალე გამოცდილება, შეცვალე პატერნები (კანონზომიერებები), შეცვალე ნეირონული კავშირები. ამავე პრინციპებს ეყრდნობა განათლების სისტემაც: გამეორება, ჩართულობა, პრაქტიკა.

რაც უფრო მეტი ნეირონული გზა აქტიურდება ერთდროულად, მით უფრო უკეთესი და მყარია სწავლის შედეგი.
 
  ხელოვნური ინტელექტსაც კი დონალდ ჰების იდეებმა ჩაუყარეს საფუძველი. ხელოვნური ნეირონული ქსელები სწორედ ჰების სწავლის ალგორითმზეა აგებული - მანქანა სწავლობს მონაცემებს შორის კავშირების გაძლიერებით, ისევე როგორც ადამიანის ტვინი. ადამიანის ტვინმა შექმნა მანქანები...

მაგრამ ფაქტია: ადამიანის გონება იმაზე ბევრად ნელა ,,ახლდება”, ვიდრე თუნდაც სმარტფონი.

ყოველი ვიდეო, პოსტი თუ საუბარი იწვევს ნეირონების გარკვეული ჯგუფების ერთდროულ გააქტიურებას.
ჰების კანონის მიხედვით, ეს აყალიბებს ტვინის სტრუქტურულ „კარკასს“.

ეს პროცესი ქვეცნობიერად მიმდინარეობს. როცა გგონია, რომ უბრალოდ „კონტენტს ათვალიერებ“,
სინამდვილეში ამ დროს თავის ტვინში მიმდინარეობს აქტიური „მშენებლობა“ — ძველი გზების დემონტაჟი და ახლის გაყვანა.

ის, რასაც უყურებ,
ის, რასაც იმეორებ—
ეს არ არის უწყინარი ჩვევები.
 
რაც უფრო ხშირად მიყვები კონკრეტულ ნარატივს,
მით უფრო რთული ხდება ამ „არქიტექტურული გეგმის“ შეცვლა, რადგან ტვინი ენერგიას ყოველთვის ნაცნობი, კარგად ნაშენი გზებისკენ მიმართავს.
 
ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ადამიანთა უმეტესობა თავად არ ირჩევს, თუ რით იკვებება მისი გონება.
მათ ეს მემკვიდრეობით ერგებათ:

კულტურისგან;
ალგორითმებისგან;
სოციალური წრეებისგან.

შემდეგ კი უკვირთ, ცხოვრება წინასწარ დაწერილი სცენარივით რატომ ეჩვენებათ.

ყოველივე ამის საპირწონედ დონალდ ჰებმა ერთი გენიალური რამ აღმოაჩინა:

- თუ აკონტროლებ სტიმულს, მართავ გონებასაც. ამიტომ ფრთხილად შეარჩიე რასაც უსმენ, კითხულობ ან უყურებ.
შეარჩიე ინფორმაცია ისე, თითქოს შენი მომავალი მასზე იყოს დამოკიდებული.

რადგან შენი რწმენა-წარმოდგენები, განწყობა და ის ბარიერებიც კი, რომლებსაც საკუთარ თავს უწესებ, ხშირად მხოლოდ ნასწავლი, ავტომატური რეაქციებია.

შენი „ხასიათი“ ან „შესაძლებლობების ზღვარი“, ხშირად რეალური კი არ არის, არამედ იმ გარემოს ანარეკლია, რომელშიც ცხოვრობ.

ერთადერთი გზა, რომ „სცენარიდან“ გამოხვიდე, არის ფილტრის დაყენება. დროა დაასრულო სხვისი კარნახით ცხოვრება და დაიწყო საკუთარი ნეირონული კავშირების შენება“, - წერს ნინა ვასაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამ ფეთქებადმა ძალამ შეიძლება, დაანგრიოს ძველი ურთიერთობები, კავშირები და ცხოვრების ჩვეული წყობა“ - ეზოტერიკოსი 2026 წლის ერთ-ერთი საკვანძო კვირაზე

⭕„ქარი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

⭕„რომ არა ეს შეხვედრა, არ მოხდებოდა ის ყველაფერი“ - როგორ დაიწყო დოდონა ნამორაძის კარიერა საქართველოში, რას ჰყვება მომღერალი?