ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აპრილის ასტროლოგიურ მოვლენებზე საზოგადოებას რეკომენდაციებსა და პროგნოზს უზიარებს:
„მარსი 10 აპრილს ტოვებს თევზების ნიშანს.
ამ პერიოდში ის ხშირად პრობლემურად ვლინდებოდა, რადგან თევზებში ენერგია პირდაპირ ვერ ვლინდება და უფრო ფარულ მოქმედებას, კულისებს მიღმა საქმიანობას, ჩუმ მზადებას და შიდა მოტივაციის ძიებას ითხოვს.
თითქოს ძალა არის, მაგრამ გზას ვერ პოულობს და შედეგიც ან იწელება, ან ბუნდოვან განცდებში იკარგება.
ახლა კი მარსი გადადის საკუთარ მმართველობის ნიშანში, ვერძში, და აქ მისი ბუნება ბევრად ბუნებრივად იშლება.
ვერძში მარსს შეუძლია, საკუთარი შესაძლებლობები სრული მასშტაბით აჩვენოს, ადამიანებში გააღვიძოს წინსვლის და ლიდერობის სურვილი, მოგვმატოს ენერგია და მოგვცეს ის აუცილებელი იმპულსი, რომელიც ნაბიჯის გადადგმას გვაიძულებს. ეს გადასვლა თითქოს სიჩქარეს, მტკიცე სურვილს და მოქმედების სიმამაცეს გვიბრუნებს. თუ ბოლო თვეებში იყო გაჭიანურება, გაუბედაობა, დაგროვილი საქმეების დაწყება ვერ ხერხდებოდა, ვერძის მარსი კარგია მოკლე, სწრაფი პროექტებისთვის, სადაც შედეგი სწრაფი ქმედებით იდება, და არა ხანგრძლივი ფიქრით.
თუმცა ვერძში შესვლისთანავე მარსს პირველივე გრადუსებიდან სატურნისა და ნეპტუნის შეერთებასთან უწევს შეხება.
ამ ფონზე მოქმედება თითქოს ორ მოთხოვნას შორის იჭედება. სატურნი ითხოვს კონსტრუქციულ, დისციპლინიან ქმედებებს, ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც შედეგს რეალურად ქმნის და პასუხისმგებლობასაც იტევს.
სურვილი დიდი შეიძლება იყო, მაგრამ პარალელურად ჯერ კიდევ იგრძნობა თევზური, ნეპტუნიანური ნარჩენი ტალღა, ის დაბინდვა, როცა მომავალი ბოლომდე არ ჩანს, განზრახვა თითქოს ილუზიებს ედება და საბოლოო სურათი ჯერ კიდევ ნისლშია გახვეული.
ამავე დროს, პლუტონთან და ურანთან არსებული დადებითი ასპექტები მიუთითებს, რომ სივრცე ტრანსფორმაციისთვის ღიაა და ცვლილებები შეიძლება დაჩქარდეს. თუ გადაწყვეტილება შიგნით უკვე მომწიფდა, სწორედ ახლა შეიძლება გაჩნდეს ძალა, რომელიც პროცესს დაძრავს. მაგრამ სანამ 19 აპრილს მარსი ნეპტუნს საბოლოოდ არ ჩამოშორდება, ჯობს არ ვიჩქაროთ აქტიურ ნაბიჯებზე გადასვლა, ყველაფრის ერთბაშად და ბოლომდე გაშლა. ამ დღეებში უკეთ მუშაობს დაკვირვება, მიზნების გასწორება, შიდა ეჭვების გაფილტვრა და მოქმედების მოტივის დაზუსტება.
14 აპრილიდან სცენაზე თანდათან მერკურიც შემოდის და მარსს უახლოვდება. მათი შეერთების პიკი 18-20 რიცხვებზე მოდის და ეს უკვე სხვა ზეგავლენების პერიოდია. აქ გონება და ძალა ერთდროულად მუშაობენ. აზრი სწრაფია, რეაქცია უკეთესია, სიტყვა უფრო უშუალო, პირდაპირი ხდება, გადაწყვეტილება კი უფრო ქმედითი. ეს ის დროა, როცა ერთდროულად გჭირდება სისწრაფე, კონცენტრაცია და ენერგია, მაგალითად რთული საქმეების მოკლე ვადაში დასრულება, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა, ორგანიზება, გადაადგილება, ფიზიკური აქტივობა, და ისეთ საკითხებზე მუშაობა, სადაც როგორც ტვინი, ისე სხეულიც ერთნაირად გჭირდება.
მერკურის და მარსის შეერთების გავლენა 25 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება. პიკის შემდეგ ის ნელა იწყებს დასუსტებას და თემებიც აქტუალობას თანდათან კარგავს. ამიტომ, თუ არსებობს საქმეები, რომლებიც ერთდროულად ითხოვს გონებრივ სისხარტეს და ფიზიკურ ჩართულობას, სწორედ ამ დღეების გამოყენება ღირს. აქ კარგია არამხოლოდ დაწყება, არამედ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, იმ მომენტამდე მიყვანა, რომლის შემდეგ პროცესი უკვე ინერციითაც მიდის.
24 აპრილიდან კი მარსი და იუპიტერი შედიან ურთიერთდაძაბულ ასპექტაციაში. ეს მდგომარეობა საკმაოდ ხანგრძლივია და 16 მაისის ჩათვლით იმუშავებს. ამ პერიოდში რისკი ხშირად იმაშია, რომ ენერგია ზედმეტად იზრდება და ზომიერება იკარგება. ადამიანი საკუთარ ძალას, უფლებას, სიმართლეს და შესაძლებლობას უფრო ფართოდ ხედავს, ვიდრე რეალურად არის, და შეიძლება გადაამეტოს. ამ ფონზე არასასურველია შორ მანძილზე მოგზაურობების დაგეგმვა. ასევე რთულდება იურიდიული საკითხების მშვიდად და ზუსტად გადაწყვეტაც უფრო მტკივნეულად აღიქმება რელიგიურ და იდეოლოგიურ თემებზე კამათი, თითოეულ მხარეს საკუთარი სიმართლე გადაჭარბებულად მნიშვნელოვანი ეჩვენება და კომპრომისი რთულდება.
ამ დაძაბულობის ყველაზე ფრთხილი მონაკვეთი 2-6 მაისია, როცა კვადრატურის პიკი მოდის. ამ დღეებში განსაკუთრებით საჭიროა ზომიერება, ნერვების და სიტყვების კონტროლი. აქ ხშირად სწორედ აჩქარება გვღალატობს, და არა ძალის ნაკლებობა. (იმედია, ამ ცუდ პერიოდს არ დაემთხვევა ახალი პატრიარქის არჩევა. )
ბოლოს, მარსის ვერძში ტრანზიტისას შექმნილი ბოლო მნიშვნელოვანი ასპექტი უფრო რბილია და სასიამოვნო. ეს არის ვენერასთან სექსტილი. ასპექტი ირთვება 9 მაისს, პიკს აღწევს 18-19 მაისის პერიოდში, შემდეგ ნელ-ნელა იშლება და 30 მაისს ამოიწურება. ამ პერიოდში ურთიერთობები უკეთესად ლაგდება, წყვილებისთვის ეს შეიძლება იყოს დრო, როცა ერთმანეთისადმი ყურადღება და ფიზიკური სიახლოვე ბუნებრივად იმატებს, დაძაბულობის აცილებაც უფრო იოლია. ამავე დროს, ეს ასპექტი კარგია შემოქმედებითი აქტივობებისთვისაც, რადგან ენერგიას ესთეტიკასთან აერთებს და იძლევა ფორმისა და სტილის კარგ შეგრძნებას. ასევე ძალიან ხელსაყრელია სპორტული რეჟიმის დაწყებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გინდა არა მხოლოდ ძალა, არამედ სილამაზე, ტონუსი და სხეულის ჰარმონიული ფორმა.
ვისთვის იქნება კარგი - მათთვის, ვისაც ბუნებრივად „ცეცხლი” აქვს და მოქმედება უყვარს ანუ ვერძის, ლომის, მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებისათვის; ასევე ვის რუკებშიც ძლიერია მარსი, ბევრი პლანეტაა ცეცხლის ნიშნებში, ან უბრალოდ ადამიანებს, ვისაც ცხოვრებაში ინიციატივა სჭირდება.
ვერძის მარსი პირდაპირია და ხანდახან უხეშიც. თუ ადამიანს აქვს ჩვევა, რომ გაღიზიანებაზე სწრაფად ინთება, ამ პერიოდში შეიძლება გაიზარდოს კამათი, მკვეთრი სიტყვა, გადაწყვეტილების მიღება ემოციით და მერე სინანული. ეს განსაკუთრებით ჩანს ურთიერთობებში და სამუშაო გარემოში, სადაც თანამშრომლობა მოთმინებას ითხოვს.
ამიტომ მათთვის, ვისაც აქვს გადაჭარბების, რისკის და აჩქარების ტენდენცია, მათთვის ეს ტრანზიტი პრობლემური იქნება.
ეს ენერგია უფრო რთულად მოდის თანხვედრაში კირჩხიბის, სასწორის და თხის რქის ნიშნებთან,
ასევე მათთვის ვისაც აქვთ ამ ნიშნებში ძლიერი პირადი პლანეტები“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამოიტირეთ“ საკუთარი წარსული...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი 7 აპრილის მნიშვნელობაზე
⭕ „მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს...“ - კვირის დღეების ასტროპროგნოზი