2026 წლის ოქტომბერი იმით გამოირჩევა, რომ პლანეტების დიდი ნაწილი რეტროგრადულ მოძრაობაშია. ეს კი ხშირად გვაბრუნებს წარსულში - დაუმთავრებელ თემებთან, ურთიერთობებთან, სადაც წერტილი ვერ დავსვით, კითხვებთან, რომლებზეც პასუხი ვერ მივიღეთ და საკითხებთან, რომლებიც თითქოს დასრულდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ დაგვილაგებია.
♀♏️ თვე საკმაოდ ინტენსიურად იწყება.
3 ოქტომბერს მარსი პლუტონის ოპოზიციის ფონზე, ვენერა მორიელის 8°-ზე ჩერდება და რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ამავე დროს რეტროგრადულია სატურნი, ურანი და ნეპტუნი, პლუტონიც ჯერ კიდევ რეტროგრადულია.
4 ოქტომბერს კი მზე სატურნის ოპოზიციას ქმნის სასწორი–ვერძის 11°-ზე. ვენერას რეტროგრადულობა მორიელში განსაკუთრებით ურთიერთობების, გრძნობების, ნდობის, სიახლოვის, საერთო ფინანსებისა და ფასეულობების თემებს აბრუნებს გადასახედად. შეიძლება დაბრუნდეს ძველი ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება დაბრუნდეს არა თავად ადამიანი, არამედ ის განცდა, კითხვა ან პრობლემა, რომელიც ამ ურთიერთობას უკავშირდებოდა. მორიელის შემთხვევაში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ის, რაც ზედაპირზე არ ჩანს — ეჭვი, კონტროლი, მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებები.
🌚♎️10 ოქტომბერს ახალმთვარეობაა სასწორის 17°-ზე. სასწორი პარტნიორობის ნიშანია, თუმცა ამ ახალმთვარეობის მმართველი ვენერა უკვე რეტროგრადულია მორიელში. ამიტომ ახალი დასაწყისი ამჯერად შეიძლება სწორედ ძველის გადახედვით დაიწყოს — რა გვინდა ურთიერთობაში, სად დაირღვა ბალანსი, რას აღარ ვიღებთ და რა არის რეალურად ღირებული ჩვენთვის. 16 ოქტომბერს პლუტონი მერწყულის 3°-ზე დირექტული ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს პერიოდია მათთვის, ვისაც პლანეტები ან მნიშვნელოვანი კუთხეები ფიქსირებული ნიშნების — მერწყულის, ლომის, კუროსა და მორიელის — პირველ გრადუსებზე აქვს. ხანგრძლივი ტრანსფორმაციის შემდეგ რაღაც შეიძლება საბოლოოდ გახდეს უფრო გასაგები და ის ცვლილებები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში შიგნით მიმდინარეობდა, თანდათან გარეთაც გამოვლინდეს. ამ გრადუსებს პლუტონი აღარ დაუბრუნდება რეტრო სვლით ამიტომ ამ ადამიანებისთვის ტრანზიტი დასრულებისკენ მიდის და იწყება ახალი მეს დაბადება.
☀️♏️თვის მეორე ნახევრიდან მორიელის ენერგია კიდევ უფრო ძლიერდება. 23 ოქტომბერს მზე გადადის მორიელში, 24 ოქტომბერს კი მერკური მორიელის 20°-ზე რეტროგრადული ხდება. საუბრები, გადაწყვეტილებები და ინფორმაცია, რომელიც თითქოს უკვე დახურული იყო, შეიძლება ისევ დაბრუნდეს. განსაკუთრებით ინტენსიური ეს პერიოდი შეიძლება იყოს მორიელებისთვის და მათთვის, ვისაც ამ ნიშანში მნიშვნელოვანი პირადი პლანეტები აქვს. 25 ოქტომბერს რეტროგრადული ვენერაც ტოვებს მორიელს და უკან, სასწორში ბრუნდება. მორიელის ემოციური სიღრმიდან ისევ პარტნიორობის, თანასწორობისა და ბალანსის თემებთან ვბრუნდებით.
🌕♉️26 ოქტომბერს სავსემთვარეობაა კუროს 2°-ზე. მზე და მთვარე ამ დროს დაძაბულ ასპექტში არიან მერწყულში მყოფ პლუტონთან, ამიტომ ეს საკმაოდ კულმინაციური სავსემთვარეობაა. განსაკუთრებით შეიძლება გამწვავდეს უსაფრთხოების, ფინანსების, ურთიერთობების, კონტროლისა და იმ ყველაფრის თემა, რასაც ძალიან მყარად ვეჭიდებით. რაღაც შეიძლება საბოლოოდ გამოჩნდეს ისეთი სახით, როგორსაც გვერდს ვეღარ ავუვლით.
მთლიანობაში ოქტომბერი უფრო გადახედვის, დაბრუნებისა და დასრულების თვეა, ვიდრე სიახლეებისკენ სწრფვის ხშირ შემთხვევაში აქ წარსული თავად შეგვახსენებს თავს: ადამიანებით, რომლებიც ისევ გამოჩნდებიან, საუბრებით, რომლებიც გაგრძელებას მოითხოვს, ფიქრებითა და განცდებით, რომლებიც გვეგონა, რომ უკვე დავტოვეთ.
გამოვიყენოთ ეს დრო იმისთვის, რომ დავალაგოთ ჩვენი შინაგანი თემები, გავარკვიოთ ის, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველია და დავასრულოთ ის, რაც ნამდვილად დასასრულებელია. წინ ბევრი სიახლეა. ოქტომბერი კი თითქოს გვაძლევს დროს, რომ მათ რაც შეიძლება გათავისუფლებულები და დალაგებულები შევხვდეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვარჯიშის დროს ძალიან სწრაფად იღლებით? - 5 მიზეზი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ