5 სექტემბერი - კარმული ჰექსაგრამა და დაფარული შესაძლებლობები.
არის დღეები, როდესაც თითქოს ყველაფერი ერთდროულად და წინააღმდეგობრივად ვითარდება - ერთი მხრივ, გვიჩნდება გაჩერების, დაფიქრებისა და დაკვირვების სურვილი, მეორე მხრივ კი, მოულოდნელად იხსნება ისეთი პერსპექტივები, რომლებიც ერთი შეხედვით საერთოდ არ ჰგავს შესაძლებლობებს.
5 სექტემბერი სწორედ ასეთი დღეა. მისი ასტროლოგიური ფონი აერთიანებს როგორც შედარებით მშვიდ, შემაკავებელ მთვარის ენერგიას, ისე იშვიათ კონფიგურაციას - ე.წ. კარმულ ჰექსაგრამას, ანუ „დავითის ვარსკვლავს“. ეს არის ენერგია, რომელიც გვაიძულებს, ძველ სიტუაციებს ახალი თვალით შევხედოთ, დავინახოთ ის, რაც აქამდე გამოგვრჩა, და ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი გზით გადავჭრათ დიდი ხნის პრობლემა.
დღის მთავარი თემა წინააღმდეგობების გაერთიანებაა: გაჩერება და მოქმედება, წარსული და მომავალი, ცდუნება და სწორი არჩევანი, შინაგანი ძალა და მისი რაციონალურად გამოყენება.
დღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია უკურსო მთვარის პერიოდი 12:40 საათიდან. როგორც ვიცით, ამ დროს თავი უნდა შევიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ახალი წამოწყებებისგან, რადგან შედეგი ხშირად მოლოდინის საპირისპირო აღმოჩნდება ხოლმე.
ამ პერიოდში მხოლოდ ვაკვირდებით გარემოს, ვასრულებთ უკვე დაწყებულ საქმეებს, ვაანალიზებთ მიმდინარე მოვლენებსა და საკუთარ ემოციურ სამყაროს. სწორედ ამ ფონზე ყალიბდება დღის მთავარი ასტროლოგიური კონფიგურაცია - კარმული ჰექსაგრამა.
ეს კონფიგურაცია რამდენიმე მნიშვნელოვან წერტილსა და ობიექტს აერთიანებს: მთვარის კვანძებს, რომლებიც კარმულ, ცხოვრებისეულ სცენარებს უკავშირდება; ქირონს - ძველ ჭრილობებსა და მათ განკურნებას; ლილითს - დაფარულ სურვილებსა და ცდუნებებს; ვენერას - სიყვარულს, ურთიერთობებს, ფინანსებსა და პირად ღირებულებებს; და მთვარეს - ჩვენს ემოციურ რეაქციებსა და შინაგან მდგომარეობას. სწორედ ამიტომ, დღის მოვლენები შესაძლოა საკმაოდ წინააღმდეგობრივი აღმოჩნდეს.
მთვარის კვანძების მონაწილეობა მიანიშნებს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შესაძლოა წარსულ მოვლენებს უკავშირდებოდეს. შეიძლება თავი იჩინოს ნაცნობმა პრობლემამ, განმეორდეს ძველი სიტუაცია, ან დაბრუნდეს ადამიანი და თემა, რომელიც უკვე დასრულებული გვეგონა. გამორიცხული არ არის, წარსულის მტკივნეული მომენტებიც გაგვახსენდეს და ძველი ემოციური რეაქციები კვლავ გაგვიახლდეს.
ვენერასა და ქირონის გავლენა განსაკუთრებით მკაფიოდ აისახება ურთიერთობებზე, ფინანსურ საკითხებზე, თვითშეფასებასა და საკუთარ ღირებულებაზე. შესაძლოა, ზედაპირზე ამოტივტივდეს განცდა, რომ სათანადოდ არ გაფასებენ, ან კვლავ გააქტიურდეს დაკარგვის, უარყოფისა და დაუფასებლობის შიში.
ლილითის მონაწილეობა კი ამ ყველაფერს კიდევ ერთ შრეს -ცდუნებას მატებს.
ზოგიერთი პერსპექტივა შესაძლოა ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდეს, თუმცა მისი რეალური შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, ამ დღის მთავარი ამოცანაა, ერთმანეთისგან გაარჩიოთ რეალური შესაძლებლობა და ფარული ცდუნება. ჰექსაგრამის ენერგია თითქოს ერთდროულად რამდენიმე კარს ხსნის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა კარი როდია ჩვენთვის განკუთვნილი.
ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ მოულოდნელ მოვლენებს - შემთხვევით შეხვედრებს, უცნაურ დამთხვევებს, ფრაზებს, რომლებიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდებათ, მოულოდნელ შეთავაზებებს, ახალ იდეებს ან ადამიანების მოულოდნელ დაბრუნებას თქვენს ცხოვრებაში.
საინტერესოა ისიც, რომ შესაძლებლობა ყოველთვის სასიამოვნო ფორმით როდი ვლინდება.
ზოგჯერ ის შეიძლება ძველი პრობლემის დაბრუნებას ჰგავდეს. შესაძლოა, ვინმემ ისეთი რამ გითხრათ, რაც მტკივნეულად შეგეხებათ, ან წარსულიდან ნაცნობი ადამიანი გამოჩნდეს და კვლავ აღმოჩნდეთ იმავე სიტუაციაში, რომელშიც ოდესღაც უკვე იყავით.
მაგრამ ამჯერად თქვენ შეგიძლიათ სხვაგვარად იმოქმედოთ.
სწორედ აქ იმალება დღის მთავარი პერსპექტივა - ერთი და იმავე სცენარის განსხვავებული გზით გავლა. ძველი სიტუაცია ბრუნდება არა იმისთვის, რომ კვლავ იგივე შეცდომა გაიმეოროთ, არამედ იმისთვის, რომ ამჯერად სხვაგვარად უპასუხოთ მას და ამით ძველი ციკლი საბოლოოდ დაასრულოთ.
5 სექტემბრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი 24-ე მთვარის დღეა.
ეს პერიოდი დაკავშირებულია მძლავრ, მიწიერ და შემოქმედებით ენერგიასთან. მისი სიმბოლოა დათვი - შინაგანი ძალის, სიმშვიდის, გამძლეობისა და ბუნებრივ ინსტინქტებთან კავშირის განსახიერება.
24-ე მთვარის დღე გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი ძალა ყოველთვის მშვიდი, სტაბილური და სიღრმისეულია.
ამ დღის ფონი განსაკუთრებით ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას, სერიოზულ სამუშაოს, ნაყოფიერ ძალისხმევას, გრძელვადიანი პროექტების დაწყებასა და ცხოვრებისეული საფუძვლების გამყარებას.
ეს საუკეთესო დროა სახლის მოსაწესრიგებლად, საკუთარ სივრცეზე ზრუნვისა და მიწასთან მუშაობისთვის. 24-ე მთვარის დღის ენერგიას არ უყვარს პასიურობა - დაგროვილი ფიზიკური მუხტი მოძრაობას ითხოვს. ამიტომ, ამ დღის უზარმაზარი პოტენციალის გაფანტვა უმნიშვნელო კამათში, უსარგებლო კონფლიქტებსა თუ წვრილმანებზე ნერვიულობაში ნამდვილად არ ღირს.
ეს არის ენერგია, რომელიც მხოლოდ შექმნასა და განვითარებას უნდა მოხმარდეს.
რაც უფრო მეტად უკავშირდება თქვენი ქმედებები რეალურ ცხოვრებას, სხეულს, სახლს, ფინანსურ და მატერიალურ საფუძველს, სტაბილურობასა და მომავალზე ზრუნვას, მით უფრო ბუნებრივად ჰარმონიზდება ის ამ დღის საერთო ენერგეტიკასთან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა
⭕ „ადამიანები თავიანთ უბედურებაში პარტნიორებს ადანაშაულებენ...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე
⭕ „უფრო მდგრადი ხდება ის ასაკობრივი ცვლილებების მიმართ...“ - როგორ ავირიდოთ თავიდან დემენცია