Digest Logo

„ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა გაწუხებთ, მისი ეფექტური მხარდაჭერა გსურთ, გაგიზიარებთ ბიოქიმიურ ფორმულას“ - ვატო მსხილაძე

1776768438
ნიორი და თაფლი

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აჰოენსა და ალიცინზე ბიოქიმიურ ფორმულას გვიზიარებს, რაც სახლის პირობებში შეგიძლიათ დაამზადოთ და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი:

„ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა გაწუხებთ, ან უბრალოდ მისი ეფექტური მხარდაჭერა გსურთ, ან ძალიან ეფექტური ანტივირუსული, ანტისიმსივნური და ანტიბაქტერიული საშუალება გინდათ, გაგიზიარებთ ბიოქიმიურ ფორმულას აჰოენსა და ალიცინზე, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლიათ დაამზადოთ და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი.

ნიორი არ მუშაობს როგორც ერთი იზოლირებული სუპერ-ნივთიერება; ის არის ცოცხალი, დინამიკური ბიოქიმიური სისტემა, რომლის სწორად გამოყენებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი თერაპიული პოტენციალის გახსნა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვმართავთ ფერმენტულ რეაქციებს. სწორად დამუშავებისას, ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ ალიცინს, არამედ აჰოენის მძლავრ ბაზას, რაც სრულ თერაპიულ სპექტრს ქმნის.
ნიორზე ბევრს გვსმენია, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად არასწორად ვიყენებთ - ცოდნა ან გამარტივებულია, ან დამახინჯებული.

მაგალითად, როცა ნივრის კბილს მთლიანად ვყლაპავთ, მასში არსებული ამინომჟავა „ალიინი“ და ფერმენტი „ალიინაზა" ერთმანეთთან ვერ შედის რეაქციაში და მთავარი აქტიური ნაერთები საერთოდ არ წარმოიქმნება.
იგივე ხდება, როცა ნიორს ძლიერ ვაცხელებთ - ფერმენტი სწრაფად იშლება და მთელი ბიოქიმიური ჯაჭვი წყდება. ანუ პრობლემა არ არის ნიორში, პრობლემა არის ცოდნაში, მისი მექანიკური და თერმული დამუშავების უგულებელყოფაში.

სრულყოფილი შედეგისთვის ორი ძირითადი ნაერთის მოქმედება უნდა გავითვალისწინოთ: ალიცინი, რომელიც არის უძლიერესი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიოქსიდანტური აგენტი, და აჰოენი, რომელიც აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას (დაგროვებას), არეგულირებს სისხლის სიბლანტეს, ებრძვის სოკოვან კულტურებს და აქვს ანტისიმსივნური ეფექტი.

ახლა ორივეს შექმნის ინსტრუქცია. ჯერ დავიწყოთ ალიცინით.

უშუალოდ კვებისას, პირველადი და უძლიერესი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ა.შ. მოქმედების, ანუ ალიცინის მისაღებად, სრულიად საკმარისია 1 ან მაქსიმუმ 2 კბილი ნივრის გამოყენება. ეს მექანიკურად უნდა დაჭყლიტოთ ან წვრილად დაჭრათ, რათა უჯრედული მემბრანა დაირღვეს და ჟანგბადთან კონტაქტისას დაიწყოს გარდაქმნები.

დაჭყლეტის შემდეგ აუცილებელია მისი გაჩერება მინიმუმ 15-20 წუთი ოთახის ტემპერატურაზე, რადგან ამ დროს ალიცინის სინთეზი თავის მაქსიმალურ პიკს აღწევს. ამის შემდეგ შეგიძლიათ ის მიიღოთ უმად ან უკვე მომზადებულ, ოდნავ გაგრილებულ საკვებთან ერთად. ვინაიდან ალიცინი ძალიან ძლიერი და აქტიური ნივთიერებაა, უმჯობესია დაიწყოთ ამ მცირე დოზით და ინდივიდუალურად განსაზღვროთ, თუ როგორ იგრძნობთ თავს მიღების შემდეგ. ეს დოზა განსაზღვრულია 1 კაცზე.

რაც შეეხება აჰოენს, (გულ-სისხლძარღვთა) ვინაიდან მისი კონვერტაციისთვის დრო და ლიპიდური გარემოა საჭირო, მისი მომზადება ცალკე, უფრო დიდი მოცულობით არის პრაქტიკული. მაგალითად, სტანდარტული 200-გრამიანი ქილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ დაახლოებით 50 გრამი (1.5-2 თავი) გასუფთავებული ნიორი.
ისიც ანალოგიურად უნდა დაჭყლიტოთ და გააჩეროთ 15-20 წუთი. შემდეგ ეს მასა მოათავსეთ შუშის (მუქ) ჭურჭელში და დაასხით 130-140 მილილიტრი ცივად დაწურული, უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი. ამ ნაზავს აუცილებლად უნდა დაუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი (15-30 მლ) ახლად გამოწურული ლიმონის წვენი. ბიოქიმიური არსი აქ იმაში მდგომარეობს, რომ ზეთი წარმოადგენს ბაზას, სადაც არასტაბილური ალიცინის დიდი ნაწილი სტაბილურ აჰოენად გარდაიქმნება, თუმცა ნაერთში ალიცინის გარკვეული პროცენტი (დაახლოებით 15-20%) მაინც ნარჩუნდება. ლიმონის წვენი კი აგდებს pH-ს, ქმნის მჟავე გარემოს და გამორიცხავს ბაქტერიულ რისკებს.

ეს ზეთოვანი ნაზავი კარგად უნდა მოურიოთ, დაახუროთ თავი და მყისიერად შეინახოთ მაცივარში. აჰოენის ოპტიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3–5 დღის გასვლის შემდეგ. შეგიძლიათ მიიღოთ 1 ჩაის კოვზი დღეში 1 ან 2-ჯერ, უშუალოდ საკვებთან ერთად. აჰოენი ზეთოვან გარემოში და სიცივეში გაცილებით სტაბილურია, ამიტომ ამ მოცულობის გამოყენება მაცივარში შენახვის პირობებში უსაფრთხო და ეფექტურია მომზადებიდან 1 კვირის განმავლობაში. მერეც შეგიძლიათ, უბრალოდ გარკვეული ნივთიერებები იწყებენ დეგრადაციას, ანუ ეფექტურობა იკლებს.

უსაფრთხოების წესების დაცვა აქ კრიტიკულია: არასოდეს დატოვოთ ნიორი და ზეთი ოთახის ტემპერატურაზე.

უჟანგბადო (ზეთოვან) გარემოში ბოტულიზმის (ტოქსინი) სპორების გააქტიურების მაღალი რისკია, რასაც სწორედ ლიმონის წვენის დამატება და მუდმივი სიცივე ანულებს.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ სამედიცინო პრეპარატებს, სიფრთხილე აუცილებელია, რადგან აჰოენს უკვე აქვს სისხლის გამათხელებელი ეფექტი. მთავარი პრინციპი მარტივია:

დაჭყლეტვა, ლოდინი, სწორი კონვერტაცია და ტემპერატურული შენახვა. სწორად გამოყენების შემთხვევაში, ის თავად ქმნის იმას, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება. გარდა აჰოენისა და ალიცინისა, წარმოიქმნება ასევე სხვა ნივთიერებები, რომლებსაც ასევე ძალიან სასარგებლო თვისებები აქვთ“, - წერს ვატო მსხილაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ამცირებს სტრესს, ბულინგისა და გარიყვის რისკს“ - ფსიქოთერაპევტი სავალდებულო სასკოლო ფორმებზე

რატომ გვეცოდება ადამიანი და როგორია ნამდვილი მხარდაჭერა - „საკუთარ შიშს ვხედავთ მასში“

„რიცხვები არ არის უბრალოდ რაოდენობა, ისინი ვიბრაციაა... სამყაროში ხმა ისმის რიცხვებით და სხვადასხვა მინიშნებებით“ - გიორგი ლობჯანიძე