Digest Logo

🎥 2027 წლის „სუპერბოულის“ შოუს ჰედლაინერი ჯეი-ზი იქნება: როდის გაიმართება ღონისძიება და რა დეტალებია ცნობილი

1793777649
ჯეიზი სუპერბოული

ამერიკული ფეხბურთის ეროვნულმა ლიგამ (NFL), Roc Nation-მა და Apple Music-მა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 2027 წლის „სუპერბოულის“ (Super Bowl LXI) შესვენების შოუს მთავარი შემსრულებელი ლეგენდარული ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი ჯეი-ზი (Jay-Z) იქნება.

ღონისძიება 2027 წლის 14 თებერვალს, კალიფორნიაში, SoFi Stadium-ზე შედგება. არტისტისთვის, რომელიც 2019 წლიდან NFL-ის მუსიკალური შოუების მთავარი სტრატეგი იყო და შემსრულებლებს თავად ირჩევდა, ეს გამოსვლა საკუთარ 30-წლიან მუსიკალურ კარიერაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება.

გამოცემა People-ის ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ESPN-ის გადაცემა Monday Night Football-ის ეთერში გაკეთდა. პარალელურად სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ჯეი-ზი ცარიელ სტადიონზე თავისი ცნობილი კომპოზიციის - Public Service Announcement-ის ფონზე ზის.

არტისტმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ოცნების ასრულება“ უწოდა:

„სადებიუტო ალბომიდან Reasonable Doubt სუპერბოულის სცენამდე - ეს იყო ხანგრძლივი მოგზაურობა. 30 წლის მუსიკა, შრომა და კულტურა მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენაზე. ეს გზა კვლავ აგრძელებს ოცნების ასრულებას“, - განაცხადა შონ კარტერმა (ჯეი-ზი).

მთავარი დეტალები 2027 წლის შოუს შესახებ:

სტრატეგის როლიდან სცენამდე: 2019 წლიდან ჯეი-ზის კომპანია Roc Nation-ი NFL-თან და Apple Music-თან თანამშრომლობს. სწორედ ჯეი-ზი იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ვის უნდა შეესრულებინა „სუპერბოულზე“ - მათ შორის იყვნენ ბედ ბანი (2025), კენდრიკ ლამარი (2024) და აშერი (2023). NFL-ის კომისარმა როჯერ გუდელმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მისი ერთადერთი თხოვნა იყო, რომ ოდესმე სცენაზე თავად ჯეი-ზიც ასულიყო.

საიუბილეო წელი: ჰედლაინერად გამოცხადება ემთხვევა არტისტის სადებიუტო ალბომის, Reasonable Doubt-ის 30 წლის იუბილეს, რომლის ფარგლებშიც მან მასშტაბური ტურნე ჩაატარა (სადაც სცენაზე ბიონსე, რიანა, ემინემი და სნუპ დოგიც მიიწვია) და HBO-ზე 8-სერიიანი დოკუმენტური პროექტი - JAŸ-Z in 8 გამოუშვა.

დრო და ტრანსლირება: „სუპერბოული“ 2027 წლის 14 თებერვალს გაიმართება. შოუ, ტრადიციულად, მატჩის მეორე მეოთხედის დასრულების შემდეგ დაიწყება. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლირება უზრუნველყოფილი იქნება ESPN-ის, ABC-ისა და Disney+-ის პლატფორმებზე.

ცნობისთვის, „სუპერბოული“ (Super Bowl) ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ყოველწლიური ჩემპიონატის ფინალური მატჩია, რომელიც აშშ-ის სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში ყველაზე მასშტაბურ მოვლენად ითვლება.

1967 წლიდან მოყოლებული, ტურნირის გამარჯვებულის გამოვლენასთან ერთად, ღონისძიება გლობალურ მედიაფენომენად იქცა - მატჩის შესვენებისას გამართული მუსიკალური შოუ (Halftime Show) მსოფლიოს წამყვანი არტისტების გამოსვლებს მასპინძლობს, ხოლო ტრანსლირებისას წარმოდგენილი სარეკლამო რგოლები წლის ყველაზე ძვირად ღირებულ და რეიტინგულ მედიაპროდუქტად ითვლება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ყველაზე მეტად ენერგია, აზარტი და ყურადღება კვებავთ!“ - როგორ ვლინდება სიყვარული და მიჯაჭვულობა სტიქიების მიხედვით: ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი ვენერას გავლენაზე

⭕ რა სჭირდება ახალშობილს სიცოცხლის პირველ წუთებში: ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე დაბადების ტრავმაზე, საბაზისო ნდობასა და კანით კანთან კონტაქტის მნიშვნელობაზე საუბრობს

⭕ სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს

წყარო: people.com

✕