კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მონოგამიური ურთიერთობებისადმი ერთგულების რეიტინგი შეადგინეს. მასში 35 სახეობის წარმომადგენელი მოხვდა, ადამიანმა კი მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა.
ევოლუციური ანთროპოლოგი, დოქტორი მარკ დაიბლი აცხადებს, რომ ადამიანები მონოგამიური სახეობების უმაღლეს ჯგუფში შედიან. ამასთან, ძუძუმწოვრების აბსოლუტური უმრავლესობა შეჯვარების პარტნიორების არჩევის მიმართულებით მნიშვნელოვნად უფრო თავისუფალ მიდგომას ავლენს.
რეიტინგის შედგენის მეთოდოლოგიას საფუძვლად სხვადასხვა ცხოველური და ადამიანური პოპულაციის კვლევებიდან მიღებული გენეტიკური ინფორმაციის ანალიზი დაედო. მეცნიერმა თითოეული სახეობისთვის სრული და არასრული დედმამიშვილების წილი გამოთვალეს.
სრული დედმამიშვილების საშუალო წილმა ადამიანებში 66% შეადგინა. თახვებმა 72%-იანი შედეგი აჩვენეს, სურიკატებმა 60%. ისეთი სახეობები, როგორებიც არიან მთის გორილები, შიმპანზეები და აფალინები, რეიტინგის ქვედა ნაწილში აღმოჩნდნენ 4%-დან 6%-მდე მაჩვენებლებით. ბოლო ადგილი შოტლანდიურმა ცხვარმა დაიკავა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგიის პროფესორმა, რობინ დანბარმა აღნიშნა, რომ ადრინდელი კვლევები ადამიანებს „მონოგამიური და პოლიგამიური სახეობების ზღვარზე“ ათავსებდნენ. მან დასძინა, რომ ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც პარტნიორს სიცოცხლის ბოლომდე ირჩევენ, ადამიანური ურთიერთობები ხშირად რელიგიური ნორმებითა და სოციალური წნეხით არის განმტკიცებული.
რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ: კალიფორნიული ირმის თაგვი (100%), აფრიკული გარეული ძაღლი (85%), დამარალენდის მიწის თხუნელა (79,5%), ულვაშა თამარინი (77,6%), ეთიოპური მგელი (76,5%), ევრაზიული თახვი (72,9%), ადამიანი (66%), თეთრხელა გიბონი (63,5%), სურიკატი (59,9%) და რუხი მგელი (46,2%).
ცნობისთვის, მონოგამია გამრავლების ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომლის დროსაც ორი ცხოველი გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთთან ჯვარდება. ზოგჯერ ეს დროის პერიოდი გამრავლების ერთი სეზონია, ზოგჯერ კი - მთელი ცხოვრება.
ცხოველთა სამყაროში გვხვდება სოციალური მონოგამიაც, ამ დროს ორი ორგანიზმი ერთად ცხოვრობს, ერთმანეთთან ჯვარდება, ერთად ზრუნავს შთამომავლობის გაზრდაზე და ამისთვის საჭირო რესურსების მოპოვებაზე.
ცხოველთა სამყაროში სოციალური მონოგამია საკმაოდ იშვიათია. ამ ტიპის ურთიერთობებს უპირატესობას მწერების პატარა ნაწილი, ათეული თევზი, უამრავი ფრინველი, რამდენიმე ძუძუმწოვარი და ერთი-ორი პარაზიტი ჭია ანიჭებს.
პოლიგამიის დროს ერთი ან ორივე პარტნიორი ერთმანეთის გარდა სხვა ინდივიდებთანაც ჯვარდება, როდესაც ასეთ ქცევას მხოლოდ მამრი ახორციელებს, ამას პოლიგინია ეწოდება, ამის მაგალითი მრავალცოლიანობაა. ხოლო მდედრის რამდენიმე მამრთან შეჯვარებას პოლიანდრია ეწოდება.
პრომისკუიტეტი კი უწესრიგო, არარეგულირებადი სქესობრივი კავშირია, რომლის დროსაც ერთი სქესის წარმომადგენელი საპირისპირო სქესის ნებისმიერ წარმომადგენელთან ჯვარდება.
თუ დედამიწას უცხოპლანეტელი ზოოლოგი ეწვევა, რომელიც ჩვენს ქცევას დააკვირდება, ის ნამდვილად დაასკვნის, რომ კაცობრიობა სოციალურად მონოგამიური და ნაწილობრივ პოლიგამიურია.
ადამიანებისთვის მონოგამიურ ურთიერთობებში ყოფნა ნამდვილად შესაძლებელია და, სავარაუდოდ, ის ჩვენთვის გამრავლების საკმაოდ მომგებიანი სტრატეგიაც არის, თუმცა ჩვენი სახეობის არსებობის თითქმის 300 000-წლიან ისტორიას გადავხედავთ, ეს ყოველთვის ასე არ იყო.
ჩვენ დაზუსტებით ვერასდროს გავიგებთ, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და რა კულტურული ღირებულებები გააჩნდათ მათ, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საფუძვლიანი ვარაუდების გამოთქმა შეიძლება.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ გენეტიკური მრავალფეროვნება სასარგებლოა. მდედრს, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა მამრთან ჯვარდება, მეტი შანსი აქვს, რომ გენეტიკურად მრავალფეროვანი შთამომავლობა ეყოლოს, რაც ზრდის შანსს, რომ რომელიმე მათგანი მაინც გადარჩება. თუმცა, ეს სტრატეგია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ მამრი თანახმაა, რომ გაზარდოს ბავშვი, რომლის ბიოლოგიური მამაც ის შესაძლოა არ იყოს. დღევანდელ სამყაროში ერთი მშობლის მიერ ბავშვის გაზრდა შესაძლოა ხშირია, თუმცა პრეისტორიულ ეპოქაში თუ თქვენ არ გყავდათ პარტნიორი, რომელიც ბავშვის გაზრდაში დაგეხმარებოდათ, დიდხანს ვერ გადარჩებოდით.
ასევე უნდა ითქვას, რომ როდესაც საქმე სასქესო უჯრედების წარმოქმნაზე მიდგება, მდედრები და მამრები ერთმანეთისგან ძლიერად განსხვავდებიან. მამაკაცის ორგანიზმი სასქესო უჯრედებს მუდმივად წარმოქმნის, ქალებში კი ეს დაახლოებით თვეში ერთხელ ხდება, გარდა ამისა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს სასქესო უჯრედების წინასწარ განსაზღვრული, სასრული ოდენობა გააჩნიათ. ეს ყველაფერი მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მამაკაცებს სასქესო უჯრედების წარმოქმნა ბევრად უფრო მარტივად შეუძლიათ, ვიდრე მდედრებს.
ტიპურ მამრს პროდუქტიულად შეჯვარება პრაქტიკულად უსასრულო რაოდენობის მდედრთან შეუძლია, ქალი კი გარკვეული ნიშნულის შემდეგ დამატებით მამრებთან შეჯვარებით შთამომავლობას ვეღარ წარმოქმნის.
მართალია, ჩვენ გამყინვარების ეპოქის ადამიანებთან ინტერვიუს ვერ ჩავწერთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმ მოგზაურებისა და მეცნიერების ჩანაწერები, რომლებიც პირველები იყვნენ, ვინც გარესამყაროს მოწყვეტილ ტომებს გადააწყდნენ და მათი ცხოვრების სტილს დააკვირდნენ. ასეთ მონადირე-შემგროვებელ ტომებზე დაკვირვებით შეიძლება ბევრი რამ ვისწავლოთ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი პრეისტორიული წინაპრები.
ამერიკაში ჩასულმა მისიონერებმა ერთ-ერთ ტომთან შეხვედრისას აღმოაჩინეს, რომ ტომში არსებულ ქალებს სქესობრივი კავშირი მრავალ სხვადასხვა მამაკაცთან ჰქონდათ, როდესაც მათ ტომის წევრებს ჰკითხეს, თუ როგორ არკვევდნენ, ვინ იყო ტომში დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური მამა, მათ კითხვის არსის გაგება გაუჭირდათ, მისიონერებმა შემდეგი პასუხი მიიღეს: „თქვენ, ფრანგებს, მხოლოდ საკუთარი ბავშვები გიყვართ, ჩვენ კი საკუთარი ტომის ყველა ბავშვი და მათზე თანაბრად ვზრუნავთ“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: