
სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციის ხეხილის ბაღების ბინადარი ღამურების თირკმელებში უცნობი პათოგენები აღმოაჩინეს; მათ შორის ორი პათოგენი ახლოს ენათესავება ნიპაჰისა და ჰენდრას მომაკვდინებელ ვირუსებს.
აღმოჩენა გააკეთეს იუნანის ენდემურ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის მკვლევარმა გუოპენგ კუანგმა, დალის უნივერსიტეტის მკვლევარმა ტიან იანგმა და მათმა ჯგუფმა.
გენეტიკური ანალიზების გამოყენებით, მიკრობები მათ 10 სხვადასხვა სახეობის 142 ღამურაში გამოავლინეს. ჯამში მათ იპოვეს 20 ახალი ვირუსი, ერთი ახალი ბაქტერია და პროტოზოული პარაზიტი.
შემაშფოთებელი ვირუსები ჰენიპავირუსებს ეკუთვნის, რომლებიც ცნობილია გრძელი გენომითა და მასპინძელთა ფართო დიაპაზონით.
ახალ ვირუსთა გენების ნახევარზე მეტი ნიპაჰისა და ჰენდრას ვირუსებისას ემთხვევა, რომლებიც, იმის მიუხედავად, რომ ინფიცირებულ ადამიანებში მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევიან - მაინც შედარებით იშვიათად გვხვდება ჩვენს სახეობაში.
როგორც სიდნეის უნივერსიტეტის ვეტერინარი და ველური ბუნების ეკოლოგი ალისონ პილი აღნიშნავს:
„გვაქვს ჰენდრასა და ნიპაჰის ვირუსების სხვა ევოლუციური ნათესავებიც, რომლებიც გადადების არავითარ საფრთხეს არ ფლობენ; ამიტომ, საჭიროა უფრო მეტი ლაბორატორიული კვლევა, რათა დადგინდეს ამ ახალ ვირუსთა რეალური რისკი“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე? - ზაზა თელიას განმარტება
წყარო: 1tv.ge