Digest Logo

ვატიკანში რომის ახალი პაპის არჩევის პროცედურა დაიწყო

1746622773
ვატიკანში ახალი რომის პაპის არჩევის პროცედურა დაიწყო

ვატიკანში დაიწყო კონკლავი, სადაც 130-მა კარდინალმა რომის ახალი პაპი უნდა აირჩიოს. პაპის არჩევას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.

ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

კონკლავის პირველი დღე, ძირითადად, გარკვეულ რელიგიურ ცერემონიებს დაეთმობა.

კარდინალების სხდომა საიდუმლოა და ის სიქსტეს კაპელაში დახურულ ფორმატში იმართება. სხდომის ნებისმიერი მონაწილე, რომელიც საიდუმლოებას დაარღვევს, ეკლესიიდან ავტომატურად მოიკვეთება. როდესაც ახალი პაპი არჩეული იქნება, მორწმუნეები ამის შესახებ კვამლის სპეციალური მილით გაიგებენ. როდესაც მილიდან შავი კვამლი ამოდის, პაპი ჯერ არჩეული არ არის, როდესაც თეთრი კვამლი წამოვა, ესე იგი გადაწყვეტილება მიღებულია და რომის კათოლიკურ კლების ახალი ლიდერი ჰყავს.

თეორიულად, ახალი პონტიფიკოსის არჩევა 7 მაისსავე შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა. წინა კონკლავების ხანგრძლივობა, როდესაც ფრანცისკე, ბენედიქტე და იოანე პავლე მეორე აირჩიეს, ორი-სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაზე ხანგრძლივი კონკლავი მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარდა და ის 3 წელი მიმდინარეობდა.

რომის პაპის არჩვების ყველაზე დიდი შანსი აქვს წმინდა ტახტის სახელმწიფო მდივანს, 70 წლის კარდინალს პიეტრო პაროლინის, რომელიც აქამდე ვატიკანის მეორე პირი იყო. პაროლინი წარმოშობით ჩრდილოეთ იტალიიდანაა, საიდანაც ბოლო 250 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რომის პაპი იყო.

ფავორიტებს შორის კიდევ ორი იტალიელია. ესენია იერუსალიმის პატრიარქი, კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა და ბოლონიის არქიეპისკოპოსი, კარდინალი მატეო მარია ძუპი, რომელიც იტალიის საეპისკოპოსო კონფერენციას უდგას სათავეში.

რომის პაპად არჩევის შანსი აქვს ასევე კარდინალს ლუის ანტონიო ტაგლეს. ტაგლეს არჩევის შემთხვევაში, ის იქნება ვატიკანის ისტორიაში მონღოლოიდური რასის პირველი წარმომადგენელი, პაპის თანამდებობაზე. ლუის ანტონიო ტაგლე წარმოშობით ფილიპინებიდან არის.

რომის პაპის არჩევნები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ერთ-ერთი კანდიდატი კარდინალთა ხმების ორ მესამედს არ მიიღებს. პირველ დღეს კენჭისყრა ერთხელ გაიმართება. თუ პაპის არჩევა პირველ დღეს არ მოხდება, მაშინ ყოველ მომდევნო დღეს ყოველდღიურად კენჭისყრის ოთხი ტური გაიმართება - ორჯერ დილით და ორჯერ საღამოს. თუ 33 რაუნდის შემდეგ რომის პაპის არჩევა კვლავ ვერ მოხერხდა, მაშინ კარდინალები ორ კანდიდატს შეარჩევენ, რომლებმაც ბოლო ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. შემდგომი ბრძოლა უკვე ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება. პაპობის კანდიდატები ხმას არ აძლევენ. როდესაც ახალი რომის პაპი არჩეულია, კოლეგიის თავმჯდომარე მას ეკითხება, თანახმაა თუ არა ის, რომ რომის პაპი გახდეს და რა სახელის აღება სურს.

რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც მანამდე ხორხე მარიო ბერგოლიეს სახელად იყო ცნობილი, 2013 წლის კონკლავამდე ფავორიტი არ იყო. შესაბამისად, კონკლავის დროს გარკვეული მოულოდნელობები სავსებით შესაძლებელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელიც ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვების აზრს? - ფსიქოლოგის რჩევები

🎥 „ის დედა და მამა, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ისინი იყვნენ წინა ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ ვართ“ - თამარ აქუბარდია კარმულ ასტროლოგიაზე

⭕ „გულიც მტკივა, მაგრამ რადგან არ მიღირს ადამიანების დაკარგვა, ბევრს ვპატიობ“ - ნინო ლეჟავა