
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არიან დაინტერესებულები, რომ უკრაინაში ეს ომი დასრულდეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სანამ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა, არავის უზრუნია იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით დასრულებულიყო.
ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება მშვიდობის გარანტი საქართველოში.
„3 წელი გავიდა, რაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო და რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს უკრაინა ყველასთვის ნათელია. სამწუხაროდ, 20%-ზე მეტი ტერიტორია ოკუპირებული, ასობით ათასი უკრაინელი არის დაღუპული, ათობით მილიონი ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი, ქვეყნის ინფრასტრუქტურის ნახევარი არის განადგურებული და.ა.შ
სამწუხაროდ, სანამ ბატონი დონალდ ტრამპი გახდებოდა აშშ-ის პრეზიდენტი, არავის უზრუნია იმაზე, რომ ეს ომი დასრულებულიყო მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით. როდესაც დონალდ ტრამპმა აქტიური ნაბიჯები გადადგა ვხედავთ, როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ. ამაში ჩართულები არიან - ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ესენი ყველანი „დიფთ სთეითს“ ემსახურებიან. ეს სუბიექტები, ვინც მე ჩამოვთვალე, არ არიან დაინტერესებულები, რომ უკრაინაში ეს ომი დასრულდეს.
ყველასთვის ნათელია, მით უმეტეს, დღეს როგორც ვითარდება ეს მოვლენები, თუ რამხელა ინტერესი იყო საქართველოს ამ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს, რა თქმა უნდა, ყურადღება გაეფანტა, ეს ომი კიდევ უფრო გაწელილიყო ვიღაცებს უფრო მეტი ფული ეშოვათ და რუსეთს აქ მოეცდინა დაახლოებით, 40-50 გაწვრთნილი ჯარისკაცი.
ჩვენ რა გავაკეთეთ უკრაინის დასახმარებლად?! აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო, საგარეო პლატფორმებზე გაგვეკეთებინა. 600-მდე რეზოლუციას მივუერთდით უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ შევიფარეთ ასობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით, მე მგონი, დღესაც მსოფლიოს მოწინავე პოზიციებზე ვართ. ერთადერთი არ გავაკეთეთ ის, რომ ამ ომში არ მივიღეთ მონაწილეობა.
ყოველთვის მყარად ვიდგებით, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი შანტაჟი იქნება, როგორი წნეხი იქნება, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: