
უძველესი და ყველგან გავრცელებული ვირუსია, რომელიც ადამიანებში იწვევს მწვავე და მორეციდივე ინფექციებს. გადაცემა ხდება ინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტით. ვირუსი ხვდება ლორწოვან გარსებში (თვალის, პირის ღრუს და სასქესო ორგანოების) და ადგილობრივად მრავლდება. ინფექციის კლინიკური მიმდინარეობა ცვალებადია და სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება იყოს მინიმალური და შეუმჩნეველი. ძირითადად ვითარდება გამონაყარი, კანის დაზიანება, სასქესო ტრაქტის დაზიანება და ახალშობილთა ჰერპესი. ინფიცირებულთა მცირე პროცენტში ვირუსი შეიძლება შევიდეს მგრძნობიარე ნერვული ფესვის ლიმფურ კვანძში და გამოიწვიოს განმეორებითი (რეკურენტული) ინფექციები. ძალიან ხშირად, ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ვირუსი რჩება ლატენტურ მდგომარეობაში (მიძინების მდგომარეობაში). მისი ხელახალი გააქტიურება ჩვეულებრივ ხდება გარე ფაქტორების გავლენის ქვეშ, როგორიცაა იმუნიტეტის დაქვეითება, სტრესი ან სხვა ინფექცია.
არსებობს ორი ტიპის ჰერპესი: პირველი და მეორე ტიპი.
პირველი ტიპის მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV-1) იწვევს პირველად ჰერპესს, რომელიც ძირითადად აზიანებს კანს, ტუჩებს, პირის ღრუს ლორწოვანს, კონიუნქტივას, ზედა კიდურებს, იწვევს მენინგოენცეფალიტს, ახალშობილთა ჰერპესს და თანდაყოლილ ოფთალმოჰერპესს.
მეორე ტიპის მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV II) იწვევს პირველად ჰერპესს კანის და სასქესო ორგანოების, დუნდულოების, ქვედა კიდურების დაზიანებით. იწვევს მენინგოენცეფალიტს, ახალშობილთა ჰერპესს, თანდაყოლილ ჰერპესს, მიელიტსა და ენცეფალიტს. HSV1 ინფექციების პრევალენტობა მთელს პოპულაციაში 70-80%-ს წარმოადგენს, ხოლო HSV2-ის პრევალენტობა დაახლოებით 17-25%-ია.
აღნიშნულ თემაზე დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ გადაცემაში „ჯანმრთელობის დღიურები“ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„ჰერპეს ვირუსი, მარტივი ვირუსი, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, არის ორი ტიპის. პირველი გვხვდება წელს ზევით, ტიპი ორი გვხვდება წელს ქვევით, თუმცა შესაძლოა პირიქითაც იყოს.
მკურნალობა იდენტურია, აციკლოვირი ან ვალაციკლოვირი არის ჯენერიკული სახელწოდება და არა კომერციული. ეს პრეპარატი არის ეფექტური ჰერპესის საწინააღმდეგოდ და არა სხვა მედიკამენტი, რაც საქართველოში იშოვება!
განსხვავება არ არის მკურნალობისას, უნდა აღინიშნოს, რომ ჰერპესი გადამდებია მხოლოდ გამოვლენის დროს!
მას ახასიათებს კანის სიწითლე, ბუშტუკები, ვეზიკულები, ეროზიული წყლულები, აი, ამასთან თუ კონტაქტი ექნება ჯანმრთელ ადამიანს, არის რისკი გადადების.
ჰერპეს ვირუსის მატარებელი არის მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა! ანტისხეულები რომ ავიღოთ, 80% ყველას ექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას მკურნალობა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში დანიშნულება უნდა გასცეს დერმატო-ვენეროლოგმა!“, - ამბობს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გეტყვით ისეთ რამეს, რაც აქამდე არ იცოდით!“ - რატომ არ უნდა გადააგდოთ აღდგომის შემდეგ ჯეჯილი