ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელში საინტერესო ფსიქოლოგიურ ფენომენს, ე.წ. „90/100-ის წესს“ ეხმაურება და ხსნის, თუ რატომ უჭირთ ადამიანებს ხშირად სტაბილური, მყარი ურთიერთობების დაფასება და რა შედეგამდე მიჰყავს ისინი ყოველდღიურობაში არსებული მცირე დეფიციტის გამო დაშვებულ ნაბიჯებს.
სპეციალისტის განმარტებით, ადამიანები ხშირად ეჩვევიან საიმედო ბაზისს და ყურადღებას მხოლოდ იმ დაკარგულ 10%-ზე ამახვილებენ, ახალი ეიფორიის გავლის შემდეგ კი მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან დროული გაცნობიერების გარეშე უზარმაზარ ფუნდამენტს თმობენ.
„- იცით, ადამიანებს რატომ არ შეუძლიათ ასე დიდხანს კონკრეტული ურთიერთობის დავიწყება?
არის ერთი წესი - მას „90/100-ზე“ ჰქვია.
არის ურთიერთობები, სადაც პლუსი-მინუსი თანაბრად და ნორმალურად არის.
ადამიანი არ გვნებს და ეს ის შემთხვევა არაა, საიდანაც უნდა გაიქცე. ჩვეულებრივი, კარგი ადამიანია და შენ მასში, მაგალითად, 90% გაკმაყოფილებს.
პარტნიორი თქვენს გვერდითაა პრობლემებისას, სანდო საყრდენია, ზრუნავს, არ ეშინია გამოწვევების.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თქვენი მოთხოვნილებების 90% დაკმაყოფილებულია.
ეს უზარმაზარი რესურსია.
მაგრამ ადამიანი, ეჩვევა და იწყებს ყურებას არა ამ 90%-ზე, არამედ იმ 10%-ზე, რაც ამ ურთიერთობაში არ არის
და აი, ჩნდება ვიღაც, ვისაც აქვს ეს 10%.
ყურადღება, ლამაზი სიტყვები, ხალისი, დასაწყისის ეიფორია და ცნობისმოყვარეობა.
შენ უყურებ და გგონია: „ აი, თურმე რა ყოფილა!“
„ეს მაკლდა ! აი ეს, რომ ჰქონდეს მას ვიქნებოდი იდეალურად !“
დროთა განმავლობაში ის, რაც კარგია, უსაფრთხოა და სტაბილური, იქცევა უბრალო ფონად. ჩვენ მას აღვიქვამთ როგორც „თავისთავად ნაგულისხმევს“. სანაცვლოდ კი, მთელი ჩვენი ყურადღება გადადის იმ დარჩენილ 10%-ზე, რაც არსებულ კავშირში არ გვყოფნის.
ეს დეფიციტური 10% იმდენად თვალშისაცემი ხდება ყოველდღიურობაში, რომ რეალურად გვაღიზიანებს. (ასეთ დროს სუსტი ადამიანები ურთიერთობაში მუდმივად აჩენენ მაკრო და მიკრო ღალატის პულსაციებს, რაც იწვევს ეჭვიანობას და ხელოვნურად გადაჰყავთ ურთიერთობა ტოქსიკურში).
- რა ხდება შემდეგ ?
ახალ ურთიერთობაში ეიფორია მალე გადის და ცხადი ხდება მწარე რეალობა: ამ ახალ ადამიანს აქვს ის 10%, მაგრამ სრულიად აკლია დანარჩენი 90% საიმედოობა, ნამდვილი ზრუნვა, სულიერი კავშირი და ემოციური უსაფრთხოება.
სწორედ აქ იწყება სინანული, მონატრება და ნგრევა. არა იმიტომ, რომ „ყოფილი” უნაკლო იყო, არამედ იმიტომ, რომ თქვენ დატოვეთ უზარმაზარი ფუნდამენტი ერთი მცირე დეტალის გამო. კარგის დანახვას ხშირად მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როცა მას ვკარგავთ.
თუ ურთიერთობაში 90% მუშაობს, დაკარგული 10%-ის შევსება, გამოსწორება - ან მასზე მუშაობა ყოველთვის შესაძლებელია გულწრფელი საუბრით, საჭიროებების გაჟღერებით, ორმხრივი ზრუნვით.
ახლიდან ისეთი ადამიანის პოვნა, ვისთანაც ფუნდამენტური 90% დაგემთხვევათ, ურთულესი ამოცანაა.
თუ საუბარი არ გამოდის და წასვლას გადაწყვეტთ, წადით იმის სრული გაცნობიერებით, თუ რას ტოვებთ უკან.
ნუ წახვალთ იმ ილუზიით, რომ ვიღაცის შემთხვევით ნაჩუქარი „ეიფორია” მთელ ცხოვრებას შეგივსებთ.
დააფასეთ ის ბაზისი, რაც გაქვთ. ურთიერთობის სიღრმე სწორედ იმ უხილავ, ყოველდღიურ ზრუნვაშია, რომელიც ხშირად ფონად გვეჩვენება“, - წერს ნინი დგებუაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: