„რა არის შფოთვითი აშლილობა, საიდან ჩნდება ის და რა გარემო პირობები მოქმედებს მასზე, რამდენად დიდი გავლენა აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობა, რა განსხვავებაა შფოთვით მდგომარეობას და შიშებს შორის, როგორ ვმართოთ და შევამსუბუქოთ სიტუაცია შფოთვითი მდგომარეობის არსებობისას და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე „რადიო ფორტუნას“ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა, ევროპაში სერტიფიცირებულმა გეშტალტ-ფსიქოთერაპევტმა თეა გოგოტიშვილმა ისაუბრა.
რა ძირითადი განსხვავებაა შფოთვით მდგომარეობასა და შიშებს შორის?
„შიში ეს არის მდგომარეობა, რომელიც კონკრეტულ მომენტში, სარისკო სიტუაციასთან, სარისკო მდგომარეობასთან მიმართებით ჩნდება, ეს არის ორგანიზმის რეაქცია. მაგალითად, თუ ჩვენ უცებ ვიგრძნობთ მიწის ბიძგს, რომელიც შეარყევს ჩვენს სავარძლებს, სართულს, რომელზედაც ვიმყოფებით, ამ შემთხვევაში შიში სრულიად ადეკვატური და ბუნებრივი რეაქცია იქნება. ეს უძლიერესი ემოცია თანდაყოლილად გვაქვს, მას, ასე ვთქვათ, თვითგადარჩენის დანიშნულება აქვს. შიშის ცნება ფსიქოლოგიაში გულისხმობს ადეკვატურ რეაქციას საფრთხეზე და რა თქმა უნდა, მას მთელი რიგი შეგრძნებები ახასიათებს.
რაც შეეხება შფოთვით მდგომარეობას, ეს არის მომავალთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ არსებული ძალიან ძლიერი შიშის განცდა. ეს არის ძლიერი ემოციური განცდა, რომელსაც შიშის მსგავსი ფიზიოლოგიური რეაქცია ახასიათებს.
მოდით, მივყვეთ ლოგიკას და ვთქვათ, რა აერთიანებს შიშს და შფოთვის მდგომარეობს. ორივე შემთხვევაში, თავის ტვინში გამოიყოფა კორტიზოლი და ადრენალინი.
როდესაც ჩვენ ვიწყებთ სამომავლო საფრთხეებზე ფანტაზირებას და აქედან გამომდინარე განვიცდით იმას, რასაც ძალიან მძაფრი სიმპტომები აქვს. ბუნებრივია, რომ ჩვენ ლიმბურ სისტემას არ შეუძლია გაარჩიოს, ეს ნამდვილი, ადეკვატური შიშია, არსებობს ადამიანზე თავდასხმის საფრთხე, უქმნის თუ არა რაიმე საფრთხეს მის სიცოცხლეს თუ ეს ადამიანი წარმოსახვითად იწვევს ამ შიშის განცდას, ამ შფოთვის მდგომარეობას. ვინაიდან ეს ჰორმონები გამოიყოფა და სინამდვილეში, კონკრეტულ მომენტში არავითარი საშიშროება არ არსებობს, ადამიანი განიცდის საშინელ გულის ცემას, სუნთქვის გახშირებას, ხშირ შემთხვევაში, თავბრუს ხვევას, რაც ძალიან წააგავს პანიკური შეტევის მდგომარეობას, მაგრამ პანიკური შეტევის მდგომარეობა, თვითონ სომატური სიმპტომების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მძიმეა.
რეალურად, როდესაც ჩვენ უნებლიედ ვიწყებთ ფანტაზირებას და გეშტალტთერაპიაში, ფანტაზირება ჰქვია ყველაფერს, რაც ამ კონკრეტულ მომენტში არ ხდება, თვითონ ვხდებით ავტორები იმ შფოთვითი შეტევების, რომლებიც შემდგომ ყალიბდება, როგორც შფოთვითი აშლილობა. ვინაიდან ადამიანს აქვს ცნობიერება, წინასწარ განჭვრეტის, გარკვეულ საკითხებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი, ვინაიდან ჩვენ ვიზრდებით იმ აზრით, რომ უნდა გავთვალოთ, რას რა მოჰყვება და ავიღოთ პასუხისმგებლობები, ეს ყველაფერი მოქმედებს შფოთვითი შეტევების ჩამოყალიბებაზე“, - ამბობს ფსიქოლოგიის დოქტორი.
ვისაუბროთ შფოთვითი შეტევების დასაწყისზე, რადგან ხშირად ადამიანებს უჭირთ იმის თქმა, თუ რატომ და როდის დაეწყოთ შფოთვითი შეტევები.
„ამის სპეციფიკასაც მოკლედ მოგახსენებთ. ჩვენი განწყობები ფიქსირდება, ინახება და განმტკიცებას ახდენს სხვადასხვა ვითარებაში. როცა არ უნდა ჰქონოდა ადამიანს ეს ძლიერი საფრთხის განცდა, ეს ინახება. ასე ვთქვათ, შიში ყველაზე ძლიერად ფიქსირდება და მას შემდეგ გამეორებაც ახასიათებს. მაგალითად, ნაბახუსევზე ადამიანებს ხშირად აქვთ ისეთი ფანტაზია, რომ მათი სიმპტომატიკა შეიძლება ლეტალურად, სიკვდილით დასრულდეს, რასაც მოჰყვება გულის აჩქარება, თავბრუს ხვევა, ეს ყველაფერი კი ადამიანის გონებაში ფიქსირდება. შემდეგ ეს სიმპტომები ასოციაციურად ვლინდება. მაგალითად, შეიძლება ადამიანი აღმართზე მიდიოდეს, გული აუჩქარდეს და ამან არაცნობიერად გამოიწვიოს ის საშინელი განცდა და შეგრძნება. ძლიერი ემოცია და განმეორებითობა არის ის 2 ფაქტორი, რომელიც ამ ყველაფერს განამტკიცებს და შემდგომ, ამ სიმპტომების კვალდაკვალ, ადამიანი უკვე ნამდვილად შფოთვითი აშლილობის მქონედ ფორმირდება“, - თქვა თეა გოგოტიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ხშირად შფოთვით მდგომარეობას თან ახლავს ფიზიკური სიმპტომები, ჰაერის უკმარისობა, გულის აჩქარება, დაბუჟების, ვარდნის შეგრძნება. ვისაც ეს ყველაფერი გამოუცდია, ალბათ, დამეთანხმება, რომ ხშირად, ეს ყველაფერი პანიკურ შეტევამდეც მიდის…
„გეშტალტთერაპიას ძალიან საინტერესო კვლევები აქვს პანიკურ შეტევებთან დაკავშირებით. პანიკური შეტევა ეს არის ერთი კონდიციიდან მეორეში გადასვლის მომენტი, ანუ რომ წარმოიდგინოთ, ერთი შენობიდან მეორეზე გადახტომა, როცა ჰაერშია ადამიანი, ანუ როცა ერთი რამ დამთავრდა, მაგრამ ჯერ მეორე პოზიცია, მეორე საყრდენი არ გაჩენილა. სწორედ ეს კონდიცია იწვევს ხოლმე პანიკურ შეტევას. ხშირად ერევათ და პანიკურ შეტევას შფოთვითი შეტევისგან ვერ ასხვავებენ. ჩვენ შეგვიძლია ამის დიფერენცირება. ამ შემთხვევაში, ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური და ფიზიკური მოცემულობის მქონე. თანამედროვე ჰოლისტური მიდგომა ყოველთვის გულისხმობს, რომ წამალი, ტაბლეტი ვერ მოახდენს დამოკიდებულებების და მიდგომების ცვლილებას, თუ ადამიანს სჭირდება შინაგანი რესურსის გააქტიურება, თვითრწმენის, თავდაჯერების გამყარება. ადამიანმა უნდა ისწავლოს სიმპტომების ნეიტრალიზება, მართვა. უნდა შეიცვალოს მთელი ის დამოკიდებულება, რაზედაც ეს სომატური სიმპტომები დგას“, - ამბობს თეა გოგოტიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: fortuna.ge