Digest Logo

„იქნებ ნანგრევების ქვეშ იმალება თქვენი ურთიერთობის ყველაზე ძლიერი და მყარი ვერსია“ - შესაძლებელია თუ არა თავიდან შეყვარება?

1776171798
ნინი დგებუაძე

„სიყვარული არ მთავრდება, ის ხანდახან უბრალოდ ითრგუნება და მას გაღვიძება სჭირდება.

ურთიერთობა ორი ადამიანის ცეკვაა. თუ ნაბიჯი აგერიათ, ორივეს მიგიძღვით წვლილი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე წერს. 

მისი თქმით, სიყვარული არ არის სტატიკური მდგომარეობა, ის დინამიკური პროცესია:

„სანამ საბოლოო წერტილს დასვამთ...

დაშორება ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც ადამიანს შეუძლია. თუმცა, სანამ კარს საბოლოოდ გაიხურავთ, მინდა ერთი წუთით შეჩერდეთ.

დასხედით და უბრალოდ ისაუბრეთ. არა ბრალდებებით, არა წარსულის შეხსენებით, არამედ გულწრფელობით. ხშირად ურთიერთობები არა სიყვარულის ნაკლებობის, არამედ დაგროვილი დუმილის გამო ინგრევა.

ისაუბრეთ იმაზე, თუ სად დაიკარგეთ, რა გტკივათ და რა გენატრებათ იმ ადამიანში, რომელიც ოდესღაც თქვენი საყრდენი იყო.

- შესაძლებელია თუ არა თავიდან შეყვარება?

ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ დიახ, ეს შესაძლებელია. სიყვარული არ არის სტატიკური მდგომარეობა, ის დინამიკური პროცესია. ჩვენ ვიცვლებით, ჩვენი პარტნიორებიც იცვლებიან. ხანდახან ჩვენ ვშორდებით არა ადამიანს, არამედ იმ ძველ ვერსიას, რომელიც გვქონდა შექმნილი.

თავიდან შეყვარება ნიშნავს, დაინახო შენი პარტნიორი არა როგორც ვალდებულება ან ჩვევა, არამედ როგორც ახალი ადამიანი, რომელსაც დღეს, ამ გამოცდილებით, თავიდან ეცნობი.

უბრალოდ სცადეთ:

- მოუსმინეთ პასუხის გაცემის სურვილის გარეშე, უბრალოდ გაიგეთ მისი ტკივილი.

- გაიხსენეთ "რატომ": რა იყო ის პირველი ნაპერწკალი, რამაც მასთან დაგაკავშირათ? ის თვისებები მასში კვლავ არსებობს, უბრალოდ ყოველდღიურობის მტვერმა დაფარა.

- აღიარეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა: ურთიერთობა ორი ადამიანის ცეკვაა. თუ ნაბიჯი აგერიათ, ორივეს მიგიძღვით წვლილი.

სამუდამოდ დაკარგვას, ყოველთვის მოასწრებთ, მაგრამ სანამ ამას იზამთ, მიეცით თქვენს თავს უფლება, იყოთ მოწყვლადები.

იქნებ სწორედ ამ ნანგრევების ქვეშ იმალება თქვენი ურთიერთობის ყველაზე ძლიერი და მყარი ვერსია.

სიყვარული არ მთავრდება, ის ხანდახან უბრალოდ ითრგუნება და მას გაღვიძება სჭირდება.

მინდა წარმოიდგინოთ, რომ ურთიერთობა ჰგავს ცეკვას, რომელიც წლების წინ ერთად დაიწყეთ.

თავიდან მუსიკაც ხმამაღალი იყო, ნაბიჯებიც სინქრონული და ერთმანეთის სხეულსაც სუნთქვის დონეზე გრძნობდით.

მაგრამ ცხოვრების გზაზე რიტმი შეიცვალა დაიღალეთ, ერთმა ნაბიჯი აურია, მეორემ ფეხი დააბიჯა, მუსიკა დაიკარგა და ახლა დგახართ დარბაზის შუაგულში გაქვავებულები, ზურგშექცევით.

სანამ დარბაზიდან გახვალთ, დასხედით. არა საჩხუბრად, არამედ იმისთვის, რომ მოუსმინოთ ერთმანეთის გულისცემას.

ხშირად ჩვენ იმიტომ კი არ ვშორდებით, რომ სიყვარული გაქრა, არამედ იმიტომ, რომ საერთო რიტმი დაგვიძველდა.

ძველი ნაბიჯებით ახალ ემოციას ვერ შექმნით.

დააკვირდით, როგორ მოძრაობს თქვენი პარტნიორი, რა სევდა გიმზერთ მისი თვალებით, რა სურვილები აქვს გადადებული…

ხანდახან ერთი გულწრფელი საუბარი და ხელის ჩაკიდება საკმარისია, რომ სიმშვიდე დაბრუნდეს“, - წერს ნინი დგებუაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველაზე დიდი ენერგია არ დევს იქ, სადაც რაღაც მარტივად გამოგდის, სუსტი პლანეტა არ არის შენი სისუსტე“ - უჩა სიხარულიძე

„ახლა უნდა დაარქვა სახელი შენს სურვილს, ძალას, გზას...“ - ასტროლოგი 17 აპრილის ახალმთვარეობაზე

„როცა მას სტკივა, ღმერთს სტკივა, როცა ქრისტეს სტკივა, ღმერთს სტკივა“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება