გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ხუთი მითის შესახებ წერს, რომელიც საზოგადოებაში აქტუალურია.
მისი თქმით, ფობიები და პანიკური აშლილობები არ არის განაჩენი:
„ხუთი შეცდომა/მითი.
1. ნევრალგიებს, მაგ. სამწვერა ნერვის ან ჰერპეს ცოსტერის შემდგომ ნევრალგიას, კლასიკური ტკივილგამაყუჩებლები არ შველის.
აქ საჭიროა სულ სხვანაირი მიდგომა: გამოიყენება პრეპარატები ეპილეფსიის თერაპიიდან, ე.წ. ანტიკონვულზიური მედიკამენტები (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრეგაბალინი...).
ისინი ამცირებენ შესაბამისი ნერვის აღგზნებადობას და ასე ტკივილიც კლებულობს.
2. როდესაც ანტიდეპრესანტებს ვნიშნავთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (ოკა, OCD) სამკურნალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირად ყველაზე მაღალი დოზები იძლევა საჭირო ეფექტს.
3. კბილების გახეხვა უშუალოდ ჭამის შემდეგ საზიანოა. ამ დროს დაწყებულია საჭმლის მომნელებელი პროცესი მომატებული მჟავიანობით. კბილის ემალი ისედაც დასტრესილია და მექანიკური ხეხვა არ არის კარგი იდეა. მოიცადეთ 1 საათი მაინც.
4. რკინის პრეპარატების ყოველდღე მიღება არ არის ჭკვიანური. ორგანიზმი ძალიან ფრთხილია რკინის მიმართ და ხელს უშლის მის შეწოვას.
თუ ყოველ მეორე დღეს მიიღებთ რკინის პრეპარატს, სხეულს აღარ ჩაერთვება სიფრთხილის მექანიზმი და რკინა ოპტიმალურად შეიწოვება.
ოღონდ აუცილებლად „ც“ ვიტამინთან ერთად!
5. ფობიები და პანიკური აშლილობები არ არის განაჩენი!
ითვლება, რომ ადამიანები სხვადასხვა ფობიებს ვსწავლობთ ცხოვრების მანძილზე. იგივე ეხება პანიკურ თუ შფოთვით აშლილობას.
და ასევე ვიცით უკვე, რომ რაც დაისწავლა ადამიანმა, მას მისი გადასწავლაც და საბოლოოდ დავიწყებაც შეუძლია, რაც ბოლომდე განკურნების ტოლფასია.
ხანდახან ეს შეიძლება მარტოსაც გამოგივათ, ხანდახან დაგჭირდებათ ფსიქოთერაპიული დახმარება“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩნდება ახალი შესაძლებლობები...“ - როგორ გავააქტიუროთ 11 მარტის ენერგია
⭕ „მე როდესაც ღმერთთან ვსაუბრობ — მე უნდა ვიცოდე მას რაზე ვესაუბრები...“ - თეოდორე გიგნაძე