გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ გვასწავლის, როგორ მოვუაროთ თავს რთულ დროს:
„🫂როგორ მოვუაროთ თავს რთულ დროს:
1️⃣პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რეალობის გაცნობიერება და მიღება. მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ეს მხოლოდ ძალას წაგართმევთ
2️⃣დაუშვით ყველა ის პირველადი ემოცია (primary emotion), რომელიც უშუალოდ გაგიჩნდებათ. ხდება უსამართლობა? ამაზე ადეკვატური, პირველადი ემოცია არის გაბრაზება. ასე რომ, გაბრაზდით! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! თორემ ეს გულწრფელი, სწრაფი ემოციები ჩანაცვლდება ეგრედწოდებული მეორადი ემოციებით, რაც მხოლოდ მეტ გაურკვევლობას გამოიწვევს.
3️⃣ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ! ოღონდ სათუთად შეარჩიეთ ხალხი!
4️⃣არ დარჩეთ მარტო ძლიერ ემოციებთან დიდხანს, თორემ ეს გამოიწვევს უსუსურობის შეგრძნებას, რამაც შეიძლება დეპრესიას ჩაუყაროს საფუძველი. გამოიყენეთ სოციალური ქსელების პლატფორმები, დაიცალეთ ბოლომდე, წერეთ პოსტები.
5️⃣დაიწყეთ იოგა, თუნდაც კვირაში ერთხელ 20 წუთი.
6️⃣თუ გართულდა თქვენი ქრონიკული დაავადებების სიმპტომები, ესაც ბუნებრივია. მიმართეთ მკურნალ სპეციალისტს ან/და ადაპტირება გაუკეთეთ თერაპიას.
7️⃣შეეცადეთ ეს ცუდი პერიოდი არ იყოს დღის ფსიქოლოგიური ეპიცენტრი! გააგრძელეთ შეძლებისდაგვარად ჩვეული, რუტინული აქტივობები. რუტინა ასეთ დროს ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.
8️⃣არ მოგერიდოთ პარალელურად კარგად ყოფნის, სიცილის, ლამაზი სურათების ატვირთვის. ემოციების და განწყობების პოლიცია არავის გვჭირდება. ყველა ჩვენებურად ვართმევთ თავს მძიმე პერიოდს!
9️⃣გააკეთეთ ყველაფერი, რაც შვების მომტანია, გამხიარულებთ, გაბედნიერებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა!
1️⃣0️⃣ნუ გაუხსნით გულს ვირებს, ქაჯებს, ორპირებს. დაიცავით თავი!
1️⃣1️⃣შეამცირეთ ზოგადად აჟიტირებული, მყვირალა ტელევიზიების ყურება. მოიძიეთ მიზანმიმართულად ინფორმაცია ინტერნეტში.
1️⃣2️⃣ნუ იქნებით მხოლოდ ემოციების ამარა! შეიმუშავეთ ასევე რაციონალური პოზიცია და სტრატეგია, არგუმენტებით და ფაქტებით გაჯერებული.
1️⃣3️⃣მიიღეთ რამდენიმე დანამატი, რომელიც სტრესის დროს დიდი ალბათობით დაგეხმარებათ: მაგნეზიუმის გლიცინატი კრეატინი აშვაგანდა როდიოლა როზეა თუ ეს არ დაგეხმარათ, ჩართეთ ექიმი, ფსიქოლოგი.
1️⃣4️⃣დაიტვირთეთ ფიზიკურად, ისეირნეთ, ფეხით იარეთ!
1️⃣5️⃣უსმინეთ საყვარელ მუსიკას, უყურეთ საყვარელ სერიალს, ფილმებს.
1️⃣6️⃣მოიწესრიგეთ ძილი. თუ ვერ იძინებთ, დაიკიდეთ და უბრალოდ ლოგინში „ეგდეთ“ ბოლომდე მოშვებული.
1️⃣7️⃣თუ შეგიძლიათ, დაეხმარეთ სხვებს, უმწეო ცხოველებს. არ არსებობს დახმარების კონსტიტუცია - ყველანაირი დახმარება დახმარებაა! ალბათ გამომრჩა რაღაცეები, მაგრამ აქ დავამთავრებ და მთავარი არ დაგავიწყდეთ: მუდმივი არაფერია, არც ეს თქვენი რთული პერიოდი.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ: