25 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.
ამჯერად მომღერალი „კოტcast“-ის სტუმარი იყო, სადაც წონის მატების მიზეზებზე ისაუბრა:
„ასაკთან შესაფერისად და შესაბამისად ვვითარდებოდი, დაახლოებით, 3-4 წლამდე, შემდეგ ისე დაემთხვა, რომ ახალი წელი იყო, თან გავცივდი, თან ალერგია მქონდა და ფილტვები მეკეტებოდა, ბრონქებიც ძალიან სუსტი მქონდა და დამჭირდა ისეთი მედიკამენტი, რომელიც დღეს ხმარებიდან არის ამოღებული. დედა ამბობს ხოლმე, ცხენის დოზა დაგჭირდაო. ის ახალი წელი ჩემი ოჯახისთვის კოშმარული გასახსენებელია და არც იხსენებენ. იქვე იცოდნენ რისკები, რომ ეს რაღაცას გამოიწვევდა და წლები დასჭირდებოდა ამ მედიკამენტის ორგანიზმიდან გამოსვლას, რაც წონის მატებას გამოიწვევდა. ამას ემატებოდა ის, რომ დღის რეჟიმი არ მქონდა მოწესრიგებული, 9 საათიდან 5 საათამდე არ ვჭამდი. თუ ვყიდულობდი იყო პური, რაც დღის საჭმელი იყო ჩემთვის. ეს ყველაფერი წლობით გაგრძელდა, 7 წელი.
შემდეგ ეკლესიაში დავიწყე სიარულიც, კვირის 5 დღეს დაემატა შაბათ-კვირაც, დილით რომ მივდიოდი წირვაზე 3-4 საათამდე საჭმელს არ ვჭამდი. ჩემი აზრით, ყველაფერი ერთად აიკინძა და 15 წლის ასაკამდე მივაღწიე იმ წონას, რაც 15 წლის ბავშვს არ უნდა ჰქონოდა.
წონის შემჩნევა პირადად მე გამიჭირდა, სანამ არ გამოვედი პროექტში და თვალში თითი არ მატაკეს, იცი რა, შენ ხარ დიდი. ცნობიერით ფიქრი როცა დავიწყე, მივხვდი, რომ წონა იყო ჩემი კოზირი იმისთვის, რომ ყველასგან განსაკუთრებულიც ვყოფილიყავი და შესამჩნევიც. ბევრი ადამიანის ნუგეში იყო ის, რომ მე წარმატებას მივაღწიე, სოფლიდან ჩამოსული, ჭარბწონიანი და ეს ყველაფერი პრობლემად აღარ მიმაჩნდა.
დააახლოებით 2 წელია ლაპარაკი შემიყვარდა ჩემს თავზე, იქამდე მრცხვენოდა. მინდოდა სხვას ეთქვა როგორი უნიკალური ვიყავი, სხვისთვის ვყოფილიყავი შესამჩნევი და ახლა საერთოდ აღარ მაინტერესებს მამჩნევენ თუ არა, მე ჩემი თავი დავინახე და შევამჩნიე, მივხვდი, რომ რაღაცებზე თუ არ ილაპარაკე ხალხი ვერ ამჩნევს.
ერთხელ დავწერე, რომ 10 კილო დავიკელი, იმის მიუხედავად, რომ შესამჩნევი არ იყო, სტატიები დაიწერა, ინტერვიუები, გაზეთები მირეკავდნენ - როგორ დაიკელი.
რეალურად მივხვდი, რომ ხალხს თურმე მოსმენაც უნდათ და ეფექტის დანახვაც უნდა!
რაც „ნიჭიერში“ გამოვედი, იმის შემდეგ დედაჩემი სულ მეუბნებოდა, შენს წონას აქვს ოქროს ფასი. იყო რაღაცები, რა დროსაც დედა ცდილობდა წონაში დამეკლო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მხოლოდ წონა არ განსაზღვრავს ადამიანს და ეს რაღაცაში ხელს მიწყობდა.
რამდენადაც ხელის შემშლელი იყო ცხოვრების ხარისხში, იმდენად ამ ხარისხს ამაღლებდა“, - ამბობს ბარბარა სამხარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: